პოზიტიურ აზროვნებაზე გადასვლის ტექნიკა
ადამიანები ხშირად არიან ნეგატიურ განწყობაზე. სამწუხაროდ, ისინი ცუდს უფრო ამჩნევენ, რაც მათ გარშემო ხდება, კარგს კი _ ნაკლებად. დააკვირდით თვითონ სიტყვას _ განწყობა. როგორც განაწყობ შენს თავს, განწყობაც ისეთი გექნება!
თუ დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ კარგ მოვლენად აუცილებლად რაღაც გლობალური _ მაგალითად, ბავშვის დაბადება, ან მსხვილი მატერიალური შენაძენი მიგვაჩნია. პატარ-პატარა სიკეთეებს, რაც დღის, თვის, კვირის თუ ცხოვრების განმავლობაში ხდება, ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგალითად, თუ ფეხსაცმელი არ გაჭერთ, ფეხს არ
გტკენთ, მორგებული გაქვთ, მიგაჩნიათ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ თუ ფეხსაცმელი კანს გიფუჭებთ და ფეხს გტკენთ, ამ შემთხვევაში ეს ნეგატიური განწყობის წყარო ხდება. კარგს და უბრალოს არ ამჩნევთ. ამგვარად კონცენტრირდებით ნეგატიურ განწყობაზე და ხდება კარგის უგულებელყოფა!
დააკვირდით, რაც უფრო მეტად განეწყობით ნეგატიურად და ყურადღებას დაუთმობთ უარყოფით, საწყენ და არასასიამოვნო მოვლენებს, მით უფრო მეტად აისახება ეს თქვენს ცხოვრებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შევამჩნიოთ კარგი და დეპრესიული, უხალისო განწყობიდან პოზიტიურზე გადავერთოთ.
გთავაზობთ მარტივ ექსპერიმენტს. თქვენს ოთახში ან იქ, სადაც ამ წუთას იმყოფებით _ მნიშვნელობა არ აქვს, სად _ ყურადღებით მიმოიხედეთ გარშემო და დააფიქსირეთ წითელი, მოწითალო, გნებავთ, ვარდისფერი ყველა ნივთი ან დეტალი.
დაასახელეთ, რამდენიც დაიმახსოვრეთ.
ეხლა კი ოთახს აღარ გადაავლოთ თვალი და ჩამოთვალეთ, რამდენი მწვანე ნივთია თქვენს გარშემო. მწვანე ფერის ნივთების რაოდენობას ვერ დაასახელებთ, რადგან ვერც კი შენიშნეთ, იმიტომ, რომ მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო მხოლოდ წითელ ნივთებზე!
33
ჩვენი ცხოვრებაც ასეა. თუ ყურადღება მიპყრობილი იქნება მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებზე _ ვიღაცამ მხარი გაგკრა, ფეხზე დაგაბიჯა და ბოდიში არ მოგიხადა და ა. შ. _ თქვენც მხოლოდ ნეგატიურზე კონცენტრირდებით და თანდათან უარყოფითი განწყობა ჩამოგიყალიბდებათ. ხოლო როდესაც ყურადღება გამახვილებულია, ძირითადად, დადებით მოვლენებზე _ რა კარგია, რომ მომესალმა, გამიღიმა, დამეხმარა და ბევრ სხვა სიკეთეზე _ შესაბამისად, განწყობაც ამაღლებული გექნებათ.
არსებობს უბრალო სავარჯიშო, რომელიც უარყოფითზე კონცენტრირებულ ადამიანს ეხმარება, თანდათან შეცვალოს თავისი აზროვნების წესი, თუ, რა თქმა უნდა, მას ეს სურს. თუკი ადამიანს კატეგორიულად მოსწონს თვითგვემა და უარყოფით განწყობაზე ყოფნა, თუ თვითონ არ მოინდომა რაღაცის შეცვლა, ეს მისი არჩევანია და ამ შემთხვევაში მეცნიერება უძლურია. ხოლო მონდომებული ადამიანი ყველაფერს ახერხებს და მას ყველაფერი გამოუვა. შეიძლება მოკლე დროში ვერ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ სიტუაცია გაუმჯობესდება.
გთავაზობთ სავარჯიშოს, რომელიც ერთდროულად უარყოფითი რელსებიდან დადებითზე გადაყვანის ეფექტსაც იძლევა და, ზოგადად, ძალიან კარგია გონების და მეხსიერების გასავარჯიშებლად. იგი გეხმარებათ, შეცვალოთ ყურადღების კონცენტრაცია და მიმართოთ ის კეთილზე, კარგზე და სასიამოვნოზე.