მე მყავს წითელი მანქანა ტატას მესიჯი
როცა უკვე მიიღე ინსტრუქტაჟი და ასე თუ ისე, მანქანით დადიხარ ქალაქში, და აღარ ხარ დაძაბული, შემდეგ ეტაპზე გადადიხარ და გიჩნდება კითხვები... რომელსაც ინსტრუქტორი არ აგიხსნის და უბრალოდ შენით უნდა მიხვდე, ან, შეიძლება, ვერც მიხვდე ვერასდროს. წვრილ-წვრილი ნიუანსები, მაგალითად, ფეხსაცმლის შერჩევისას, ერთი ფერის მილიონნაირ ტონს ერთმანეთისგან რომ განასხვავებ, და მაშინვე ხვდები, რომ ერთი ტონის წითელი ვარდისფერისკენ მიდის და მეორე ალისფერისკენ. იმას, რასაც უცხო თვალი ვერ ამჩნევს, მაგრამ შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.
მე არ გასწავლი მანქანის ტარებას. მე არ გიხსნი წესებს. მე ვცდილობ მიგიყვანო იქამდე, რომ იგრძნო მანქანა, გასწავლო როგორ მიიღო მანქანის ტარებისგან მაქსიმალური სიამოვნება. როგორ გახდეთ ერთი. რას უნდა ხედავდე სარკეებში, როგორი პოზა დაიკავო, რომ არ დაიღალო, როგორ მოიქცე ზოგიერთ სიტუაციაში...
ჩემთვის მთავარია, გადმოგცე ჩემი ცოდნა და გამოცდილება, და ცოტა გაგართო და გაგახაისო კიდეც. იმედია ჩემი რჩევები გამოგადგება და გაგახალისებს.
მე მყავს წითელი მანქანა!
შესავალი
ელექტრო მანქანა
სადაა საჭე
ქვეითები და დარღვევები
სალონი
ჩავჯექიიით!
სარკეები
საჭე
გაბარიტები
პავაროტნიკი!
საწვავი
წამლები
პროფილაქტიკა
სამრეცხაო
პარკინგი
შესვლა ფარეხში
საცობი
ჯიპიესი და რუკა
პატარა დედიკო
ბავშვიანი მანქანა
ხაზები
მოსახვევი
ორმოები
შიში
შემდეგი შიში - ინციდენტების.
უამინდობა
#დაამკვიდრექართულად
მე მყავს წითელი მანქანა!
გილოცავ, შენ გყავს მანქანა! შენ გაქვს „ სადაც მინდა, იქ მივალ “ თავისუფლება, არავის უნდა ელოდო, რომ გამოგიაროს, წაგიყვანოს, წაგაღებინოს - შენ შეგიძლია ბევრი ახალი რამ! ჩვენთან ქალს უფრო სჭირდება მანქანა, ვიდრე კაცს. ათასნაირი წასასვლელ-წამოსასვლელი გვაქვს, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვების სკოლაში-სპორტზე-პედაგოგთან-მეგობრებთან-სასეირნოდ- და ასე შემდეგ ტარებაზე. თუ ბავშვები არ გყავს, მგონი, კიდევ უფრო მეტი წასასვლელ-წამოსასვლელი გაქვს.
რატომ წითელი? იმიტომ რომ წითელი ყველაზე მიამიტური, და სიხარულის და ახალგაზრდობის ფერია. ანეკდოტიც არსებობს: ძვირფასო, როგორც იქნა, მოვიფიქრე როგორი მანქანა მინდა. - როგორი? - წითელი!!!
პირველი შოკი პირველი მანქანისგან არის „ ვაიმეეე, მანქანა დავძარიიიი! “ . ცოტახანს ივლი, სიზმარივით, სანამ მანქანას მიეჩვევი. და ამის შემდეგ ეტაპზე გელოდება კიდევ ერთი შოკი „ ვაიმეეეე, გარშემო მანქანებია! “ . ეს შოკი უფრო ხანგრძლივი იქნება, ვინაიდან მანქანები შენს გარშემო იქნება ყოველთვის, და გაოცებას საზღვარი არ ექნება, ვინაიდან ჩვენი მძღოლები უსაზღვრო ფანტაზიით გამოირჩევიან დარღვევების მიმართებაში.
არსებობს ბევრი სტანდარტული სიტუაცია, რომელსაც აბრალებენ საჭესთან მყოფ ქალებს.
ზოლში ხომ ვერ დადის.
დადის შუახაზზე.
ჩადგება მარცხენა რიგში და მიზოზინებს.
მანქანას ხომ ვერ აყენებს.
გაგასწრებს და იქვე გზას გიჭრის.
ყველაფრის ეშინია და იქვე ამუხრუჭებს და შეშდება.
იმდენი ზინზილაკები უკიდია მანქანაში, გზას ვერ ხედავს.
ხომ არასდროს უხვევს იქით, სადაც ციმციმით განიშნებს (მარჯვენა-მარცხენა არ იცის).
ჯერ ტარება ვერ ისწავლა, უკვე თვალებს იხატავს საჭესთან.
ჰო-ჰო, მთავარია პომადა უხდებოდეს მანქანის ფერს!
ამ ქალების „ ღრმა ყვითელმა “ და „ თითქმის მწვანემ “ უნდა დაგვღუპოს?
ჰგონია, თუ ქალია, ყველგან და ყოველთვის მისი გზაა!
მე და შენ უნდა დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპები!
იმედია, მართვის მოწმობა უკვე აიღე. ვერავინ დაგეხმარება მის აღებაში, ეს შენი გასაკეთებელია. გეხვეწები, გემუდარები, წესები ისწავლე ძალიან ბეჯითად და ყურადღებით, ისე, რომ გესმოდეს ამ წესების ლოგიკურობა; ისე, რომ სულ, სულ, ყოველთვის გახსოვდეს. რომ ყოველთვის იცოდე შენი უფლებები, სად ხარ მართალი, ვინ არის მტყუანი, და თუ კარგად გეცოდინება მოძრაობის წესები, არასდროს არ მოხვდები გაუგებარ სიტუაციაში.
მე თვითონ, მართვის მოწმობის აღების შემდეგ ვისწავლე გააზრებული ტარება, ამერიკული და რუსული წიგნების ძალიან დახმარებით. ახლა იუთუბზეც არის კონკრეტული სიტუაციების განხილვები. უბრალოდ, ამერიკული ხანდახან ჩვენი წესებისგან და ხერხებისგან განსხვავდება. ექსტრიმს არ ვგულისხმობ. უნდა იცოდე სად შენი გზაა, და სად უნდა დაუთმო. გზაზე ქალი და კაცი არ არსებობს. გზაზე ყველა თანასწორუფლებიანია! ყველა ერთნაირად აშავებს, თუ რამეა.
„ ტარების “ გაკვეთილებს იღებ შენთვის, და არა, უბრალოდ, ჩასაბარებლად. აიღე იმდენი გაკვეთილი, რამდენიც დაგჭირდება, და არა მინიმალური სტანდარტული თხუთმეტი. და, წარმატებით რომც გქონდეს ჩაბარებული, და მართვის მოწმობა მიღებული, მაინც პირდაპირ ნუ გადაეშვები ქალაქის მოძრაობაში.
მართვის მოწმობის მიღება ნიშნავს იმას, რომ შენ ზოგადად იცი, როგორ დაქოქო მანქანა, სად და როგორ დაძრა და სად და როგორ გააჩერო. მანქანის თავისუფლად ტარებას სჭირდება გამოცდილება. და თუ შენ ძალიან თავისუფლად ვერ გრძნობ თავს შენს პირველ მანქანაში, დამიჯერე და