I შესავალი ინდივიდუალური და, სოციალური ანუ მასების ფსიქოლოგიის დაპირისპირება, რაც თავდაპირველად ფრიად დიდი მნიშვნელობის შემცველ მოვლენად შეიძლება მოგვეჩვენოს, უახლოესი განხილვისას საკუთარი სიმწვავის უდიდეს ნაწილს ჰკარგავს. მართალია, პიროვნების ფსიქოლოგია ცალკეულ პიროვნებასა და იმ გზებს იკვლევს, რომლებითაც იგი პირველად წადილთა იმპულსების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, მაგრამ იშვიათად, მხოლოდ კონკრეტულ, განსაკუთრებულ გარემოებებში შესწევს უნარი, მხედველობაში არ მიიღოს ამ ცალკეული ინდივიდის დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან. ადამიანის ფსიქიურ ცხოვრებაში ყოველთვის ფიგურირებს „ სხვა “ . ის, როგორც წესი, ნიმუში, ობიექტი, შემწე ან მოწინააღმდეგეა, და ამიტომ პიროვნების ფსიქოლოგია იმავდროულად იმთავითვე წარმოადგენს სოციალურ ფსიქოლოგიასაც ამ გაფართოებული, მაგრამ სავსებით დასაბუთებული აზრით.
ცალკეული ადამიანის დამოკიდებულებას მშობლებთან, დებთან და ძმებთან, სიყვარულის ობიექტთან, მასწავლებელთან ან ექიმთან, ანუ ყველა დამოკიდებულებას, რომელიც დღემდე უმთავრესად ფსიქოანალიტიკური კვლევის საგანი იყო, სრული უფლება აქვს სოციალურ ფენომენად განიხილებოდეს, და ასეთ შემთხვევაში ის სხვა ცნობილ პროცესებთან დაპირისპირებული ხდება, რომლებსაც ჩვენ ნარცისული ვუწოდეთ და რომელთა დროს პირველად წადილთა დაკმაყოფილება სხვა ადამიანთა ზეგავლენას მთლიანად ან ნაწილობრივ აღარ ექვემდებარება. ამგვარად, სოციალური და ნარცისული მენტალური პროცესების დაპირისპირება - ბლეილერს შესაძლოა ეთქვა: აუტისტური, - უდაოდ პიროვნების ფსიქოლოგიის სფეროს ეკუთვნის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ ფსიქოლოგიის გამიჯვნის მიზნით სოციალური ანუ მასების ფსიქოლოგიისგან. ზემოაღნიშნულ ურთიერთობებში მშობლებთან, და-ძმებთან, სატრფოსთან, მეგობართან, მასწავლებელთან ან ექიმთან ცალკეული ადამიანი ხვდება მხოლოდ ერთი ან უმნიშვნელო რაოდენობის სხვა პირთა გავლენას, რომელთაგან თითოეულმა მისთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. ამჟამად - თუ საუბარი სოციალურ ანუ მასების ფსიქოლოგიას ეხება - ამ ურთიერთობებს მხედველობაში აღარ იღებენ, გამოყოფენ რა ცალკე კვლევის საგნად ერთ ადამიანზე დიდი რაოდენობის ინდივიდთა ერთდროულ ზემოქმედებას, - რომლებთანაც ის რაღაცითაა დაკავშირებული, მაგრამ მრავალში ისინი შესაძლოა მისთვის უცხოები იყვნენ. ამგვარად, მასების ფსიქოლოგია ცალკეულ ადამიანს განიხილავს, როგორც ტომის, ერის, კასტის, ფენის, ინსტიტუციის წევრს, ან შემადგენელ ნაწილად ადამიანთა ბრბოსი, რომელიც მოცემულ დროსა და მოცემული მიზნით არის მასად ორგანიზებული. ბუნებრივი კავშირის ამგვარი ხლეჩა შობს ტენდენციას, ამ განსაკუთრებულ პირობებში აღმოჩენილი მოვლენები განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებული, უფრო ღრმა და დაუსაბუთებელი პირველადი წადილი - სოციალური პირველადი წადილი - რომელიც სხვა სიტუაციებში არ ვლინდება. იმავდროულად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის რთულია რაოდენობრივი მომენტისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობის მინიჭება, თითქოს ის იყოს ერთადერთი, რომელიც ადამიანის სულიერ ცხოვრებაში ახალ და სხვა შემთხვევაში უმოქმედოდ დარჩენილ პირველად წადილს აღვიძებდეს. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი სხვა ორი შესაძლებლობისკენაა მიმართული: რომ სოციალური პირველადი წადილი შეიძლება იყოს არა ოდინდელი და არა განუყოფელი, და რომ მისი წარმოშობის საწყისები შესაძლოა უფრო ვიწრო წრეში იყოს შენიშნული, მაგალითად, ოჯახში.
მასების ფსიქოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაში იმყოფება, ცალკეულ პრობლემათა თვალშეუდგამ რაოდენობას მოიცავს, მკვლევარის წინ კი ურიცხვ, ჯერ კიდევ არასისტემატიზებულ ამოცანას სვამს. მხოლოდ მასების წარმოქმნის სხვადასხვა ფორმების დაჯგუფება და მათ მიერ გამოვლენილ ფსიქიურ ფაქტორთა აღწერა მოითხოვს გაძლიერებულ დაკვირვებასა და ოსტატურ ასახვას, რამაც უკვე წარმოშვა მდიდარი ლიტერატურა. ვუფარდებთ რა ამ მცირე შრომას მთელი სამუშაოს მოცულობას, რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ შეგვიძლია განვიხილოთ მთელი მასალის მხოლოდ რამდენიმე პუნქტი. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ საკითხზე შევჩერდებით, რომლებიც სიღრმისეული ფსიქოანალიტიკური კვლევისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.