დღესასწაული, რომელიც მუდამ ჩვენთანაა
ოცწლიანი მთლიანობა
მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც ოცი წლის წინ – 1988 წლის პირველ სექტემბერს სტუდენტი გახდა. ჩვენი ორდინალური სტუდენტობა მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდა: 21 სექტემბერს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში პირველი დიდი მიტინგი ჩატარდა და, აქედან მოყოლებული, ჩემი სტუდენტობის ხუთივე წელი პერმანენტული მიტინგების პირობებში მიმდინარეობდა; ასე რომ, სტუდენტობა ჩემს მეხსიერებაში მიტინგებთან და მანიფესტაციებთანაა გაიგივებული. თუკი ჩემი თაობის რაიმე ნიშნით კლასიფიკაციას შევეცდები, შემიძლია ვთქვა, რომ მე მიტინგების თაობას მივეკუთვნები. ჩვენ მიტინგებზე დავიბადეთ და გავფორმდით როგორც თაობა, როგორც „პოლიტიკური ცხოველების“ („Zoon politikon“) გარკვეული ჯიში თუ სახეობა, რომლის არტიკულაციის, საკუთარი აზრისა თუ პოლიტიკური ნებისა და ვნებების გამოხატვის ფორმა მიტინგია. მახსოვს, ხშირად გვითქვამს ირონიითა და ზოგჯერ შიშითაც, რომ ჩვენ მიტინგიტითა ვართ დაავადებულნი. ეს კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ ჩვენმა აზროვნებამ, ურთიერთობისა თუ ქცევის ფორმებმა, ლაპარაკის მანერამაც კი მიტინგური სახე მიიღო. მალე ამ „ავადმყოფობის“ სიმპტომები მთელ საქართველოს მოედო და თვითგამორკვევის პროცესში მყოფი ხალხის ეროვნული იდენტობის მთავარ ნიშნად იქცა. ქართველი ერის ფორმირება და მისი თვითცნობიერების ჩამოყალიბება მიტინგებზე დაიწყო. აქ წარმოიშვა და დამკვიდრდა თანამედროვე ქართული პოლიტიკური რიტორიკა და მეტაფორიკა, ეროვნული ცნობიერების მთელი სიმბოლური სამყარო თავისი მტრის და მოყვასის, მოღალატისა და ეროვნული გმირის ხატებით და ამ ხატების შექმნის კრიტერიუმებით. შეიძლება ითქვას, რომ „წარმოსახვითი ერთობა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი ერი ეწოდება, მიტინგზე გაფორმდა და დაკანონდა.
ახლა, დღევანდელი პერსპექტივიდან და პოლიტიკური რეალობიდან რომ ვუყურებ, ის დღე – 1988 წლის 21 სექტემბერი – საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი ყოფილა: ამ დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ტოტალური მიტინგის ხანა შეიძლება ეწოდოს, რომელშიც საქართველო კვლავაც წარმატებით იმყოფება და, ამდენად, ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს. მიმდინარე წლის 12 აგვისტოს და პირველი სექტემბრის გრანდიოზული მიტინგების ყურებისას უკანასკნელი ოცწლეულის მონოლითური მთლიანობა ვიგრძენი: ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საქართველოში დრო გაჩერდა და დღესაც 1988 წლის სექტემბერია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მიტინგების თაობა დღეს ტრიბუნაზეა და აქედან დირიჟორობს საქართველოს 20 წლის წინ დაწყებულ და ვეღარდამთავრებულ მიტინგს – ამ დღესასწაულს, რომელიც მუდამ ჩვენთანაა მიტინგების ხანის საქართველოში.
მიტინგური აზროვნების სტრუქტურა
მიტინგური აზროვნება, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოში დომინირებს და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობების წარმმართველია, ორი ძირითათადი აფექტით – „-ჯოს!“ და „ძირს!“ შეძახილებით გამოიხატება. ამ შეძახილებს ერთგვარი ლიტურგიული ფუნქცია აქვს, რომელთა მეშვეობითაც მთელი მიტინგური სააზროვნო მოდელის შეჯამება და მისი მრწამსად გარდაქმნა ხორციელდება. სააზროვნო მოდელი კი ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო წერტილზე დგას: პირველი, ანუ „-ჯოს“ აფექტით გამოთქმული, მომიტინგეთა ერთობისა და კოლექტიური იდენტურობის მთავარი ფაქტორია, რომლის გამარჯვების სურვილიც შეკრებილ საზოგადოებას აერთიანებს და რაზმავს იმის წინააღმდეგ, რაც ამ ერთობისათვის უცხო და მტრულია და რისგანაც საფრთხე მომდინარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, პირველი „ჩვენიანია“, მეორე კი უცხო და მტრული, რომელიც „ჩვენის“, „კეთილის“, „მართლის“ წინსვლასა და კეთილდღეობას აფერხებს და ხელს უშლის. ამიტომაც იმისათვის, რომ, მაგალითად, „საქართველოს გაუმარ-ჯოს“, საჭიროა მტრულის, „ძირს!“ – დამარცხება; ამასთანავე საჭიროა მტრის სახელდება, მისი სიმბოლური გავიზუალურება. „კრემლი“ მტრის ასეთი განხილვადების სიმბოლოა. ეს მთავარი ნეგატიური სიმბოლო კიდევ უფრო მეტად გამითოლოგიურებით ბოროტების უნივერსალურ სიმბოლოებს გადაებმება. ასეთი ბმულებია, მაგალითად, „კრემლის ტოტალიტარული ურჩხული“, ან გველეშაპი, რომელსაც ერთი მოჭრილი თავის ადგილას ორი ახალი თავი ამოსდის. ამ ტიპის ხატების შემოტანა აძლიერებს მომიტინგეთა რწმენას, რომ ჭეშმარიტება მათ მხარესაა, და იწვევს ისეთ ხატოვან ასოციაციას, როგორიცაა, მაგალითად, წმინდა გიორგის მიერ ურჩხულის განადგურება, რომელიც „ძირს!“ შეძახილით მიტინგზე სიმბოლურად ხორციელდება. ამგვარად, მომიტინგეები დიდი მისტერიის თანამონაწილენი ხდებიან. ამ რიტუალურ ქმედებას კი ყოველთვის ურყევი და უეჭველი რწმენა ამაგრებს, რომ „ჩვენთან არს ღმერთი!“, რაც საკუთარი სიმართლის, ჭეშმარიტების ერთადერთი საბუთია, თუმცა კი ამ საბუთის ლოგიკური დამტკიცებაც შეიძლება. 1991 წელს ერთ მიტინგზე, რომელიც უკვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო მიმართული, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თავისი სიტყვა „ჩვენთან არს ღმერთით“ დაასრულა, შემდეგ შეყოვნდა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ თავისი ბოლო ნათქვამის ლოგიკური არგუმენტიც მოიტანა: „აბა, ღმერთი ზვიად გამსახურდიასთან ხომ არ იქნება?!“ ეს გამონათქვამი, ჩემი აზრით, მიტინგური ლოგიკის ყველაზე ცხადი მაგალითია, რომელსაც საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: ღმერთი, რომელიც ჩვენ მხარესაა, არა მხოლოდ ჩვენს სიმართლეს განასახიერებს, არამედ ის იმათ დამარცხებაშიც გვეხმარება, რომლებიც ჩვენს მხარეს არ არიან. „ღმერთმა გაანადგუროს ჩვენი მტრები!“ – ხშირად შეულოცავდა ხოლმე