მეცხრე სიმფონია
ვალოდია, რომელსაც უყვარდა ძროხა...
თუმცა რა აზრი აქვს?..
ძროხას არ უყვარდა ვალოდია.
ძროხა არაყს სვამდა და ჰაშიშს აბოლებდა, როდესაც ვალოდია მეცხრე სიმფონიაზე მუშაობდა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც ძროხამ თავისი მძიმე და ფუმფულა სხეული ვერტმფრენიდან ჩამოსვა. მას თუმცა უკვე ადამიანის სახე ჰქონდა, ადამიანის, უფრო სწორედ, ქალის ტანსაცმელი ემოსა, მაინც გაახსენდა ძროხული ინსტინქტი და მარილიანი ტბის ნოსტალგია და შემზარავი ხმით დაიგრუხუნა: ვალოდია, ვალლოდია, ვალლლოდიააა! მერე ხელჩანთიდან სიგარეტი ამოაცურა, ტუჩებში მოხდენილად გაირჭო და გააბოლა.
ვალოდია კი ამ დროს ნავზე გამობმული თხილამურებით მიჰქროდა მოყინულ ტბაზე... თუმცა მოყინულ ტბაზე ნავი როგორ გაივლიდა? ალბათ მოგვატყუეს.
- ააააა! აკივდა ძროხა, როდესაც ტყუილი უთხრეს. აღარ მინდა ცხოვრება!” - ერთი აღმოხდა საბრალო ქალს და გაელვებულ-გაელმებული თვალებით კიბეებიდან გადმოეშვა.
ხო, მართლა, იმას მოგახსენებდით, რომ, არა აქვს მნიშვნელობა, თუ სად და როგორ მიცურავსრიალებდა ვალოდია, რომელსაც გაახსენდა, რომ სახლში ჩართული უთო დარჩა და შეიძლება რძეც კი აჭრილიყო, რომელიც ძროხამ მოიწველა.
საერთოდ, ძროხები ერთობ გულუხვი არსებები არიან, რითაც ისინი, მაგალითად, პეპლებისგან განსხვავდებიან. ძროხა ხომ რძეს გვაძლევს და კიდევ კატლეტს.
ვალოდიას კატლეტი ძლიერ უყვარდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ კატლეტის სიყვარულმა იგი ძროხამდეც კი მიიყვანა. მაგრამ ძროხა ბღაოდა და მანქანისკენ მიიჩქაროდა. მას სულ აღარ ახსოვდა, რომ ისიც ოდესღაც ძროხა იყო და კატლეტის ნაცვლად ცვრიან ბალახს ეწაფებოდა და ახლა კი თავი ნაზი პეპელა უფრო ეგონა. მაგრამ უბედურებაც ისაა, რომ მარილიანი ტბა ბოლოს და ბოლოს დაშრა და მის ფსკერზე ბალახი ამოვიდა, რომელიც მოთიბეს.
- დედა მინდაო, დედა! - ბღაოდა ძროხა, როდესაც ვალოდია ჭუჭყიან საცვლებს ქვაბში ხარშავდა. მაშინ კი იფიქრა ვალოდიამ, რატომ ჰგავსო ადამიანი ძროხას?
ძროხა კი ოქროს სიმებიან ქნარს უხახუნებდა თავის შნოიან თეძოებსა და ბროლის თითებს, თან ნაზი, ნამდვილი ძროხული ხმით მღეროდა: ვალოდია, ვალლოდიაა, ვალლლოდიააა...”
ასე შეიქმნა მეცხრე სიმფონია.