პროლოგი
მაგიური კვადრატი
ერთხელ, საღამოს ჩაფიქრებული ვიჯექი კედელზე მიყუდებულ კიბესთან, მარცხენა ხელზე თავჩამოდებულს მარჯვენაში მეჭირა რკინის ფარგალი და გრაგნილ ქაღალდზე ვაპირებდი წრის შემოხაზვას, როცა უეცრად ბინდმოდებული ცა გადანათდა და ჩემ უკან გაისმა საყვირივით ხმა, რომელმაც მითხრა: „ნუ კრთი, არამედ მიცქირე და გახსენი რვა ასო-რიცხვის იდუმალება ანიდან ჰოემდე და განცხადდება უხილავი და უთქმელი და რასაც ისმენ და იხილავ, დაწერე წიგნში!“
და რომ მივბრუნდი, დავინახე ადამიანი, რომელსაც წითელი პერანგი ემოსა ტანზე, ხოლო ქამრად გველისებრი არსება შემოხვეოდა, რომელიც საკუთარ კუდს ჭამდა. და როცა გახსნა ბროწეულის მარცვლისფერი ბაგეები, მისი პირიდან შავი ყურძნის მტევანი გამოიზარდა, რომლის მარცვლები ვარსკვლავებად დაიშალნენ და ცაზე დასხდნენ.
და ერთი წამი იქცა ექვს დღედ და ერთ ღამედ და თორმეტი ვარსკვლავიდან ათი ჩამოცვივდა თვალის ერთ დახამხამებაში, ნისანის თვის თოთხმეტ რიცხვში, დილის ათ საათზე.