ეს საქართველოა!
1. ცამეტი ხიდის ქალაქი
ჰეი, შენ, სტუმარო! ჯერ სულ არ ვიცი ვინ ხარ - მისტერი, პანი თუ გოსპოდინი! ჯერ ისიც კი არ ვიცი, საიდან მოსულხარ და რომელი ქვეყნის ჰაერით გაქვს ფილტვები უფრორე გაჯერებული, მაგრამ შენ თუ ამ ქალაქის სხვანაირად შეცნობა და აქედან უკან მძაფრი შთაბეჭდილებებით წაფრენა გსურს, ყური დამიგდე. სხვათა შორის გეტყვი, სჯობს ყურთაგან მარცხენა მომაშვირო და მარჯვენა სულაც საჩვენებელი თითით დაიცო, ვინაიდან მარჯვენა ყური, როგორც ბრძენთ უთქვამთ - საზოგადოა, ყველაფერი ესმის ნაღდის და მთავარის გარდა, მე კიდევ, სწორედ ამ ქალაქის მთავარსა და ნაღდზე მინდა გაგებაასო.
გაუგებრად ხომ არ ვმეტყველებ? ძალიან კარგი... მაშ მოდი, ჯერ ჩვენი კრიალა აეროპორტიდან ქალაქისკენ წამოგაცილებ, თან გზად მოგითხრობ ამბებს ამ ქალაქისას - ძველსა და დაუძველებელს, და მთლად უახლესსაც არ დავივიწყებ.
მაშ ასე... სტუმარო, ერთხელ მაინც თუ გიფიქრია, რომ არსებობენ ამ პლანეტაზე „პოპსავიკი“ და „არა-პოპსავიკი“ დედაქალაქები? ჩემი მონათხრობიდან ვიდრე თავად მიხვდებოდე თბილის-ქალაქი რომელი კატეგორიისაა, მე სხვა აზრსაც ციმ-ციმ შემოგაშველებ:
დედაქალაქები, რომლებსაც ხაკისფერი მდინარე ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს, როგორც წესი, აშკარად განსხვავდებიან მშრალ, იგივ უმდინარეო დედაქალაქთაგან თავიანთი ხიდებით, მდინარეში ანკესით გადაყუდებული სევდიანსახა მეთევზეებითა და წამიერი შეგრძნებით, რომ ეს მდინარე კი არა, ქალაქი მიდის, მდინარე კი ჯიუტად დგას. თბილის-ქალაქიც დიდი ხანია ზვიადად მიდის ნათელი მომავლისკენ, მაგრამ თან კი დგას ხოლმე. ეგ როგორ? ზომიერად დაკვირვებული თუ იქნები, მალევე გაერკვევი ამ ქალაქის ხასიათსა და შინაგან ზნეში და ყველა კითხვას თავისით გაეცემა პასუხი, მე კი იქამდე ამ ქალაქის გარეგანს გეტყვი.
რითი გავუყვეთ? გადასაადგილებელ საშუალებათაგან ველოსიპედი ამ ქალაქისთვის უცხო ხილია, მით უმეტეს „როლიკები“, ან „სკეიტ-ბორდი“. ვერ გაგვიგებენ! თან საიდუმლოდ გაგიმხელ, სხვანაირი მზერა აქვთ თბილის-ქალაქელებს და ამ მზერაში რომ დიდი წილი ჰიპნოტურ-დამაბუჟებელია (შებარბაცება იცის), ეს კი უნდა დამიჯერო.
ამოყირავება და ზღართანი გინდა?
აქაურ ახალდაგებულ ასფალტს უკანალით სიცხე გინდა გაუზომო?
მაშინ, თბილის-ქალაქის ყველაზე პოპ-ტრანსპორტს, მიკრო-ავტობუსს მივენდოთ. მისით თავიდან ბოლოში გასვლას მოვანდომებთ კაი ორმოცდაათ წუთს, მსუბუქი ავტომობილით - კიდევ უფრო ნაკლებს.
როგორც ეგეთ, მდინარიან დედაქალაქებს ახასიათებთ, აეროპორტი აქაც გარეუბნადაა, თუმც არც იმდენად შორსაა ქალაქის ცენტრიდან, როგორც თქვენკენ, დიდ მეგაპოლისებში სჩვევიათ ხოლმე. ეს ამბავი კი, აშკარად თბილის-ქალაქის დამსახურებაა, ვინაიდან იწროა მისი განი ზოგი დიაცის ბუნებასავით და მობრეცილად წაგრძელებული კია ფონიჭალიდან ავჭალის ჩათვლით, როგორც სიტყვაზე - ბუმერანგი.
თბილის-ქალაქს სხვანაირად ცამეტი ხიდის ქალაქიც შეიძლება უწოდოს შენნაირმა ინტურისტმა, ვინაიდან ამ ქალაქში, ხაკისფერ მდინარე მტკვარზე ზუსტად ამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ხიდია გადებული:
ავჭალის, გლდანის, დიდუბის, ვახუშტის, ცირკის, გალაკტიონის, მშრალი, შუშის, ბარათაშვილის, მეტეხის, ორთაჭალის, აკვედუკისა და ფონიჭალის - შინაურულად მე მათ ასე მოვიხსენიებ, და ყოველ მათგანს ქალაქის აქეთა და იქითა მოსახლეობის, შორიდან ჩამოსული სტუმრებისა და საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის დაკვალიანების მისია აკისრია როგორც აქედან იქით, ასევე პირიქით.
იმას ნუღარ შემეკითხები, თბილის-ქალაქს ამ ხიდებიდან რომელი უყვარს ყველაზე მეტად, ანუ რომელია ამ ცამეტიდან იუდა და რომელი პეტრე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობიდან მოყოლებული, საუკუნეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, თბილის-ქალაქს ჯვარს აცვამენ ხოლმე გარეული თუ შინაური მოშურნეები... და ის არ გამომრჩეს კიდევ, რომ ყველა ეს ხიდი თავის წილ საიდუმლოს მაინც გაგანდობს.
ასე მაგალითად: ავჭალის ხიდი გადაიარო - ძველი კოლონია ნახო. შიგ უბრალოდ არავინ შეგიშვებს, მაგრამ გარედან ხომ შეავლებ მზერას... მერე, იქვე, ოჯახურ ხინკალსაც დაადებ კბილს და არ ინანებ, რამეთუ ხინკლის ყველაზე კაი მომხვევები მაგ უბნად სახლობენ.
ხიდი გლდანისა დააჭაშნიკო: - ძველ „ვოლვოს“ იყიდი, ან უახლეს „მერსედესს“, სულაც უნახმარეს „ბე-ემ-ვეს“, ნაავარიებ „ტოიოტას“, წინა საუკუნის „ფორდს“ ან საბჭოთა „ვოლგას“, ანუ ავტომანქანათა ჭრელ საერთაშორისო ბაზრობაზე ამოჰყოფ თავს.
დიდუბის ხიდს გადახვიდე: - დიდუბის ხმაურიანი ავტოსადგურიდან შენნაირებივით აუცილებლად მცხეთას გაემგზავრები და ძველი დედაქალაქის დაუძველებელი სიძველეებით დატკბები.
ვახუშტის ხიდს მიენდო: - ცივი ჩამოსასხმელი ლუდით ჩაიხორკლავ გადამწვარ ყელს. ლუდზე გული არ მიგდის? მაშ მაგ ხიდთან მდგომი გაუპარსავი კაცები გაგაკვირვებენ ყოვლად საეჭვო აქტიურობით.
გლახა ქალები გინდა? - ცირკის ხიდი გადაკვეთე დარბაისლური ნაბიჯით, დანარჩენი აუცილებლად თავისით მოხდება.
„მაკდონალდსი“ მოგენატროს: - გალაკტიონის ხიდი გიშველის, გინდ იქით გადადი და გაიარე მარჯანიშვილის მოედნისაკენ, გინდ პირიქით - ოღონდ ვერეს აღმართს აუყევი სვენებ-სვენებით - ორიდან ერთ „მაკდონალდსში“ აუცილებლად ამოყოფ თავს.