წინასიტყვაობა წესები? მეტი წესი? სერიოზულად? ნუთუ არ არის ჩვენი ცხოვრება ამ აბსტრაქტული წესების გარეშეც საკმარისად რთული და შემბოჭველი? იმ წესების გარეშეც, რომელთა შემოღების დროსაც ჩვენს ყოფაში არსებული უნიკალური გარემოებები მხედველობაში საერთოდ არ მიიღება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის გონება მოქნილია და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვვითარდებით, რატომ გვგონია, რომ რამდენიმე ზოგადი წესი ნებისმიერ ჩვენგანს მოერგება?
ადამიანები წესების დადგენას არ ითხოვდნენ, ბიბლიაშიც კი... როდესაც მოსე მისი ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ ქვის ფილებზე ამოტვიფრული მცნებებით მთიდან ეშვება, იგი განცხრომაში მყოფ ისრაელიანებს აღმოაჩენს. ფარაონის ტირანიას ოთხასი წელი უძლებდნენ, შემდეგ კი მოსემ მონობისგან განსაწმენდად ველურ, სასტიკ უდაბნოში ორმოცი წლით სახეტიალოდ გაიმეტა. გათავისუფლებულებს სიხარულისგან კონტროლი აქვთ დაკარგული და ყველანაირი გარყვნილებისა და სხეულის ხრწნის სიმბოლოს, ოქროს ხბოს კერპის გარშემო თავაშვებულად ცეკვავენ.
„თქვენთვის ორი ამბავი მაქვს: ერთი – კარგი, მეორე – ცუდი, – მიმართავს მათ კანონმდებელი, – რომელი ამბით გინდათ, რომ დავიწყო?“
„კარგი!“ – იყვირეს ჰედონისტებმა.
„დავარწმუნე, რომ 15 მცნებიდან 10 დაეტოვებინა!“
„ალილუია! – იხუვლა უმართავმა ბრბომ. – და ცუდი?“
„მრუშობა კვლავაც აკრძალულია“.
ასე და ამგვარად, წესებს ვერსად წავუვალთ, მაგრამ ბევრიც არ გვინდა. წესების მიმართ, მაშინაც კი, როცა ვიცით, ისინი ჩვენთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გვაქვს. გამბედავი, მტკიცე ხასიათის არსებები ვთვლით, რომ წესები გვზღუდავს. ნორმების არსებობას ჩვენი ცხოვრების დალაგების მცდელობის დაცინვად აღვიქვამთ. ჰოდა, გვიჩნდება კითხვა, რატომ უნდა განგვსაჯოს ვინმემ სხვისი დადგენილი წესებით?
მაინც განგვსჯიან. რაც უნდა იყოს, ღმერთს მოსესთვის „ათი რჩევა“ ხომ არ მიუცია, არამედ ათი სახელმძღვანელო წესი გადასცა. როგორც თავისუფალ ადამიანს, ბრძანებაზე, სავარაუდოდ, მსგავსი რეაქცია მექნება: ჩემთვის სიკეთეც რომ უნდოდეს, არავის, ღმერთსაც არა აქვს უფლება მითხრას, რა და როგორ უნდა გავაკეთო. თუმცა, ოქროს ხბოს ისტორია იმასაც გვახსენებს, რომ წესების გარეშე სწრაფად ვემონებით ჩვენსავე ვნებებს, – და ამას თავისუფლების არაფერი სცხია.
ეს ამბავი მეტსაც გვასწავლის: მოძღვრის გარეშე მიტოვებულები, გაუაზრებლად, არასწორ მიზნებს ვისახავთ და ცუდი თვისებების დაფასებას მივდევთ – რაც ამ შემთხვევაში, ჩვენივე ცხოველური ინსტინქტების უმართავი გზებით გამოვლენის ამსახველი კერპის თაყვანისცემით გამოიხატა. ეს ძველი ებრაული ისტორია ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ძველ დროში ხალხს ცივილიზებული ქცევის პერსპექტივისადმი, როცა ჩვენი თვალთახედვის დასახვეწად და სტანდარტების ასამაღლებლად გამიზნული წესები საერთოდ არც არსებობდა.
ბიბლიური მოთხრობების სილამაზე, ვფიქრობ, ისაა, რომ თითოეული მათგანი, იურისტისა თუ ადმინისტრატორის შედგენილი დოკუმენტის მსგავსად მხოლოდ წესების ჩამონათვალს როდი წარმოადგენს. ცალ-ცალკე აღებული ყოველი მათგანი რაიმე დრამატულ მონათხრობშია ჩაქსოვილი, რომელიც ამ წესის საჭიროებას ცხადყოფს და მის გაგებასაც აადვილებს. ანალოგიურად, ამ წიგნში მის თორმეტ წესს პროფესორი პეტერსონიც კი არ გვახვევს თავს, არამედ ისიც ისტორიებს გვიყვება და მათი დახმარებით გვიხსნის, რომ საუკეთესოდ შედგენილი წესები კი არ გვზღუდავს, არამედ უფრო სრულყოფილი და თავისუფალი ცხოვრებისკენ გვიბიძგებს და მიზნების მიღწევას გვიადვილებს. ამ ამბების თხრობისას იგი სხვადასხვა სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მოიხმობს.
პირველად ჯორდან პეტერსონს 2014 წლის 12 სექტემბერს, ჩვენი საერთო მეგობრების – ტელეპროდიუსერ უოდეკ ზემბერგისა და ექიმ-თერაპევტ ესთერა ბეკიერის სახლში უოდეკის დაბადების დღის წვეულებაზე შევხვდი. უოდეკი და ესთერა პოლონელი ემიგრანტები არიან. ისინი საბჭოთა იმპერიაში გაიზარდნენ. იქ, სადაც მრავალი თემა იყო აკრძალული და სოციალური წყობილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება თუ ფილოსოფიურ იდეებში (თვით რეჟიმზე რომ აღარაფერი ვთქვათ) იოტისოდენა ეჭვის შეტანაც კი დიდ უსიამოვნებებს მოასწავებდა.
ახლა მასპინძლები ძალდაუტანებლად, გულწრფელი საუბრით, გაცხოველებული მსჯელობისა და იდეების გაცვლა-გამოცვლის მიზნით გამართული დახვეწილი წვეულებებით ირთობდნენ თავს, მთავარი წესი – „საკუთარი აზრის დაუფარავად გამოხატვა“ იყო. თუკი საუბარი პოლიტიკას ეხებოდა, როგორც წესი, დისკუსიაში სხვადასხვა პოლიტიკური რწმენა-წარმოდგენის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ და მსგავს განხილვებს მოუთმენლადაც ელოდნენ, რაც, დამეთანხმებით, იშვიათობაა. ისეც ხდებოდა, რომ უოდეკსაც დასცდებოდა რაღაც, ზოგჯერ სიცილიც წასკდებოდა და ვინც წააქეზა და გულისნადების გამიზნულზე უფრო დაჟინებით გამოთქმისკენ უბიძგა ან გააცინა, იმას ეხუტებოდა. უოდეკის სითბო და გულღიაობა წვეულებების შეუცვლელი, საუკეთესო ნაწილი იყო და მასთან კამათს ღირებულს ხდიდა. ესთერას წკრიალა და ცოცხალი ხმა მსმენელს გულში სწვდებოდა. ჭეშმარიტი გრძნობების ამოხეთქა იქ შეკრებილ საზოგადოებას ნამდვილად არ ძაბავდა, პირიქით, ერთ სიმართლეს მეორე მოჰყვებოდა და ჩვენც უფრო და უფრო თავისუფლად ვიქცეოდით, ბევრს ვიცინოდით და საღამოც ძალზე სასიამოვნო ხდებოდა. ზემბერგ-ბეკიერის წყვილის მსგავს აღმოსავლეთევროპელების ოჯახში ყოველთვის იცოდი, ვისთან და რასთან გქონდა საქმე, რაც სასიამოვნო იყო.