ნაწილი პირველი: იმედი - თავი პირველი - უსიამოვნო სიმართლე ცენტრალური ევროპის მიყრუებულ კუნჭულში, მიწის პატარა ნაკვეთზე, დაცარიელებულ საწყობებსა და მიტოვებულ ყაზარმებში აღმოცენდა გეოგრაფიულად კონცენტრირებული უბოროტესი ძალა, რომელზე საშინელი და ბნელიც სამყაროს არასოდეს უნახავს. ოთხი წლის განმავლობაში იმ ადგილას ჩარეკეს, გამოკეტეს, აწამეს და ამოხოცეს 1.3 მილიონი ადამიანი, და ამ საქმისათვის საკმარისი აღმოჩნდა სივრცე, რომელიც სიდიდით მანჰეტენის ცენტრალურ პარკზე ოდნავ დიდი თუ იქნებოდა. არავის უცდია ამის შეჩერება.
გარდა ერთი ადამიანისა.
ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებსა და კომიქსებში ხდება – როცა მთავარი გმირი, ბოროტების შესამუსრავად, ჯოჯოხეთის ცეცხლოვან ხახაში გადაეშვება. გადარჩენა, თითქოსდა, გამორიცხულია. ამ საქციელში ვერც ლოგიკას ნახავთ და ვერც საღი აზრის მარცვალს. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ფანტასტიკური გმირი უკან არ დაიხევს. ის შეებმება და დაამარცხებს ურჩხულს, მუსრს გაავლებს დამპყრობელ დემონებს და გადაარჩენს მთელ პლანეტასა და, შესაძლოა, ერთ-ორ პრინცესასაც კი.
სწორედ აქ იელვებს წამით იმედის ნაპერწკალი.
თუმცა ეს წიგნი იმედის შესახებ არაა. ის ეძღვნება იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ჩვენი საქმე ტრაკისკენაა... თანაც იმხელა ტრაკისკენ, რომ მის მასშტაბებს უფასო WI-FI-თა და სახელოებიანი პლედებით განებივრებული ადამიანები ვერც კი წარმოვიდგენთ.
ვიტოლდ პილეცკი უკვე ომის გმირი იყო, როცა აუშვიცში შეპარვა გადაწყვიტა. ახალგაზრდობაში პილეცკი რუსეთ-პოლონეთის 1918 წლის ომში მონაწილეობდა, იყო პოლონეთის არმიის ოფიცერი და მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდოები. ის კომუნისტებს ჯერ კიდევ მაშინ ებრძოდა, როცა უმრავლესობამ "ვარდისფერი" (ასე უწოდებდნენ შეერთებულ შტატებში მათ, ვინც კომუნისტებს თანაუგრძნობდა.) ნაბიჭვრების შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთთან ომის შემდეგ პილეცკი სოფელში დასახლდა და ცოლად მოიყვანა სკოლის მასწავლებელი, რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა. მას ჯირითი, მოდური ქუდები და სიგარა უყვარდა. ცხოვრება უბრალო და საამური იყო.
მაგრამ მერე მოვიდა ჰიტლერი და, სანამ პოლონელები ჩექმებს ჩაიცვამდნენ, ნახევარი ქვეყანა მიაბლიცკრიგა. თვეზე ოდნავ მეტ დროში, პოლონეთმა ყველა ტერიტორია დაკარგა. ბრძოლა უთანასწორო იყო. დასავლეთიდან ნაცისტები უტევდნენ, აღმოსავლეთიდან კი – კომუნისტები. ქვეყანა ორ ცეცხლს შუა მოექცა – განდიდების მანიით შეპყრობილ, მასობრივ მკვლელსა და დაუოკებელ, უაზრო გენოციდს შორის. თუმცა რომელი რომელი იყო, ზუსტად დღემდე არ ვიცი.
თავიდან კომუნისტები ნაცისტებს ჯიბეში ისვამდნენ: ხელისუფლებების დამხობა და მოსახლეობის ყალბი იდეოლოგიისადმი დამონება მათ უკვე კარგა ხნის დამუღამებული ჰქონდათ. ნაცისტები კი, იმპერიალიზმის ამბავში, ჯერ კიდევ უბიწო ბიჭები იყვნენ (რაც, ჰიტლერის ულვაშებს თუ შევხედავთ, გასაკვირი არ უნდა იყოს). ზოგი მონაცემის თანახმად, ომის პირველ თვეებში საბჭოელებმა დაიჭირეს და ციმბირის გზას გაუყენეს მილიონზე მეტი პოლონელი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ორი თვის განმავლობაში ქვეყნიდან მილიონი ადამიანი გაქრა. ზოგიერთმა მათგანმა ციმბირის ბანაკებამდე ჩააღწია, ზოგი კი საძმო საფლავებში იპოვეს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ბევრის ბედი დღემდე უცნობია.
პილეცკი ორივე ფრონტზე იბრძოდა – გერმანელებსაც ეომა და კომუნისტებსაც. დამარცხების შემდეგ კი სხვა პოლონელ ოფიცრებთან ერთად ვარშავაში წინააღმდეგობის იატაკქვეშა ჯგუფი შექმნა. ისინი ამ ორგანიზაციას პოლონეთის საიდუმლო არმიას უწოდებდნენ.
1940 წლის გაზაფხულზე პოლონეთის საიდუმლო არმიამ შეიტყო, რომ გერმანელები ქვეყნის სამხრეთში, რომელიღაც მიყრუებული ქალაქის მახლობლად, ციხის უზარმაზარ კომპლექსს აშენებდნენ. ნაცისტები ამ ახალ ბანაკს აუშვიცს ეძახდნენ. 1940 წლის ზაფხულში დასავლეთ პოლონეთში უკვალოდ გაქრა ათასობით ოფიცერი და საზოგადო მოღვაწე. საიდუმლო ორგანიზაციაში გაჩნდა ვარაუდი, რომ გერმანელებმაც გაუგეს გემო მასობრივი დაპატიმრებების აღმოსავლეთში აპრობირებულ პრაქტიკას. პილეცკის და მის თანამებრძოლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ აუშვიცს – პატარა ქალაქის ზომის ამ სატუსაღოს – უშუალო კავშირი ჰქონდა ადამიანთა გაუჩინარებასთან, და რომ იქ უკვე იმყოფებოდა ათასობით პოლონელი ჯარისკაცი.
სწორედ მაშინ მოუნდა პილეცკის აუშვიცში შეპარვა. მან მთელი სამაშველო ოპერაცია დაგეგმა: უნდა ჩაბარებოდა გერმანელებს, დაპატიმრების შემდეგ კი ბანაკში ამბოხება მოეწყო და სხვა პატიმრებთან ერთად გაქცეულიყო.
ცხადია, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. მთელი ვედრო სარეცხის მათეთრებელი სითხე რომ დაელია, გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა. ამიტომაც უფროსობამ გიჟად ჩათვალა და უარი უთხრა.
მაგრამ კვირიდან კვირამდე მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა: უკვალოდ გაქრა პოლონური ელიტის ათასობით წარმომადგენელი, აუშვიცი კი მოკავშირეთა დაზვერვისთვის კვლავაც უზარმაზარ შავ ლაქას წარმოადგენდა. მოკავშირეებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა იმ ბანაკში და ვერც ამის გარკვევას ახერხებდნენ. ჰოდა, საბოლოო ჯამში, ხელმძღვანელობა ოპერაციაზე მაინც დათანხმდა. ამიტომაც ერთ საღამოს, პილეცკიმ განზრახ დაარღვია კომენდანტის საათი და ესესელებს დააპატიმრებინა თავი. სულ მალე კი, აუშვიცში გადაგზავნის შემდეგ, ის გახდა ისტორიისათვის ცნობილი ერთადერთი ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით მოხვდა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში.
ბანაკში მოხვედრის შემდეგ, პილეცკი მალევე მიხვდა,