წინასიტყვაობა „აქციეთ აწმყო თქვენი ცხოვრების ძირითად ფოკუსად“ – ეს ფრაზა ამ წიგნის მთავარი გზავნილია. მისი არსი, ერთი შეხედვით, უმარტივესია, მაგრამ პრაქტიკულად ურთულესი შესასრულებელია და, შესაბამისად, საკუთარ თავზე სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს. თუ გააანალიზებთ თქვენს აზრებს, აღმოაჩენთ, რომ დღის უმეტეს ნაწილში გონება წარსულზე სინანულით ან მომავალზე შფოთვით არის დაკავებული. წარსულში მომხდარი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, მომავალი კი მხოლოდ გვპირდება. ხელშესახები კი არცერთი არაა და მხოლოდ ილუზიებითაა სავსე. ერთადერთი ხელშესახები არის მომენტი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და ეს აწმყოა! ეკჰარტ ტოლე წიგნში „აწმყოს ძალა“ გვთავაზობს კონკრეტულ მოსაზრებებსა და შეხედულებებს იმაზე, თუ როგორ შევძლოთ აწმყოში ცხოვრება, რომელიც გზაა სიხარულისა და სიმშვიდისკენ„აწმყოს ძალა“ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას გვთავაზობს: თუ არ მოგწონს აწმყოში არსებული სიტუაცია, გაეცალე მას, შეცვალე ის ან, უბრალოდ, მიიღე ისეთად, როგორიც არის. სამივე გამოსავალი გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა: ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, რომ ვიყოთ ჩვენი ცხოვრების შემოქმედი და არა, უბრალოდ, სიტუაციის მსხვერპლი. ტოლეს მოსაზრებით, 55 არსებულის მიღება არ არის დამარცხება, პირიქით, ის შინაგან სიმშვიდესა და შექმნილი ვითარების გაცნობიერებას გულისხმობს. როდესაც ჩვენ ვიღებთ სიტუაციას ისეთად, როგორც არის, შეგვიძლია ვიმოქმედოთ მოცემულობის შესაბამისად. ამ დროს ვივსებით განახლებული ენერგიით, რომელიც გვეხმარება გავაგრძელოთ არსებული ან შევქმნათ ახალი სამოქმედო გეგმა. სრული მიღება ნიშნავს, რომ მივიღოთ სიტუაცია ისე, თითქოს ის ჩვენ თავად ავირჩიეთ და, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ სიტუაციის ცვლილებაზე. ტოლეს აზრით, ერთერთი ყველაზე უსარგებლო რამ – ეს ჩვენი შინაგანი ბრძოლაა არსებულ სიტუაციასთან. ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება ახლანდელი, ამჟამინდელი ცხოვრებისა და სიტუაციის სრულად მიღებაა, ხოლო შემდეგი ნაბიჯი მის ხელახალ შექმნას გულისხმობს განახლებული ენერგიითა და შინაგანი სიმშვიდით. როდესაც სრულად აწმყოში ვცხოვრობთ, შეგვიძლია ავირჩიოთ, რას ვგრძნობდეთ და რისი გაკეთება გვინდა. „აწმყოს ძალა“ კი სწორედ ისეთ რეკომენდაციებს გვთავაზობს, რომლებიც დაგვეხმარება გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში, ამასთან გვპირდება, თუ მათ სწორად გამოყენებას შევძლებთ, ჩვენი ცხოვრება უფრო პოზიტიური და წარმატებული იქნება.
ნინო ბერუაშვილი
ბიზნესტრენერი, ქოუჩი