შესავლის ნაცვლად - გამარჯვების კოშკი მოთხრობა ეძღვნება მარიამ
ბოჭოიძის ხსოვნას
დაცემის შემდეგ ყოველ აღმასვლას ისევ ვარდნა მოსდევს – ეს აქაური ცხოვრების მარტივი გეოგრაფიაა, მაგრამ ვერავინ მიგვასწავლის გზას, რომელსაც სიკვდილის შემდეგ გავდივართ. ეს ამბავი არავის მოუყოლია ჩემთვის... არც მე გამომიგონია. უბრალოდ, ზოგიერთი რამ ხომ დაბადებიდან, გაუცნობიერებლად ვიცით და ამას მხოლოდ წლების მერე ვიაზრებთ. ხანდახან, ცხოვრების გზაზე ისეთ ადამიანსაც გადავეყრებით, უნებლიეთ რომ ვხედავთ მის მომავალს – ვუყურებთ და ვიცით, რომ აუცილებლად ბედნიერი იქნება...
სანამ კოშკის ხვეულ კიბეზე აღმასვლას შეუდგებოდა, ვიოლეტმა ბევრი იარა ფეხით. ეს დაბადებიდან სიკვდილამდე სიარულს ჰგავდა, ან შესაძლოა – პირიქით... ისე მშვიდად და აუღელვებლად მიდიოდა, თითქოს ეს გზა აქამდეც გაევლო. გადალახულ ოკეანეებსა და ხმელეთს შორის ხვდებოდნენ ნაცნობი და უცნობი ადამიანები. იყვნენ ისეთებიც, ვინც მის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ ვიოლეტი სიცოცხლის პირველი წამიდან მაინც ჯიუტად მიიწევდა მარადიული გასასვლელისკენ.
აი სულს კი, როგორც ყოველთვის, კოშკის კიბის ქვეშ ეძინა და მშვიდი სუნთქვით იხმობდა ვიოლეტს. ნებისმიერი ადამიანის სტუმრობა დიდ სიხარულს ჰგვრიდა. სხვანაირად ვერასდროს შეამჩნევდი – მისი დანახვა მხოლოდ მის იქიდან გამომტყუებელს შეეძლო. ვიოლეტს ჯერ ვრცელი, მწვანე მდელო უნდა გაევლო. მერე მდელოდან კლდოვანი აღმართი იწყებოდა, რომელშიც თანდათან იკვეთებოდა „გამარჯვების კოშკი“. კოშკი ძველი, ხელით ნაწრთობი ქვებით აეშენებინათ და ცხრა სართულისგან შედგებოდა. პირველი სართული შედარებით ვრცელი იყო. მას თანაბარი ზომის შვიდი სართული მოსდევდა, თავად კოშკი კი მთავრდებოდა ლამაზი, გუმბათოვანი სართულით. „გამარჯვების კოშკი“ იმდენად სიმეტრიულად იყო გარედან მოჩუქურთმებული, პირდაპირ კლდეში გამოკვეთილს ჰგავდა. მასში საგანგებოდ დატოვებულ ვიწრო სივრცეებში ისე დაზუზუნებდა ქარი, როგორც მომაკვდავ სხეულში სული, რომელიც გარეთ გამოვარდნას ცდილობს. ქარი ყველაზე ლამაზი, მეცხრე სართულის ვრცელი ფანჯრიდან პოულობდა გარეთ გასასვლელს და სხვა განზომილებაში იკარგებოდა. სულს კი ისევ მშვიდად ეძინა კიბის ქვეშ. თან ქარის ხმას უსმენდა. სამყაროში არსებულ უამრავ სულიერს შორის ერთადერთი იყო, ვისაც ძილი და ქარის მოსმენა ერთდროულად შეეძლო. სწორედ ქარისგან იცოდა ვიოლეტის მომავალი სტუმრობის შესახებ.
უხსოვარი დროიდან ათასობით ადამიანი სტუმრობდა „გამარჯვების კოშკს“, თუმცა მხოლოდ გამორჩეულები ადიოდნენ ბოლომდე. ვინც საწადელს ვერ აღწევდა, მათი სახე ქანდაკებად რჩებოდა კოშკის გარე კედელზე. როდესაც „გამარჯვების კოშკი“ მისკენ მიმავალ ადამიანს შეიგრძნობდა, მზე ადგილს იცვლიდა და კოშკს ისეთი კუთხით ანათებდა, მისი გრძელი ჩრდილი მთელ სიგრძეზე იშლებოდა. ის გზამკვლევივით იყო – ბნელი, ვიწრო და გრძელი ბილიკივით, რომელიც პირდაპირ კოშკის საფეხურებისკენ მიემართებოდა.
ვიოლეტი მწვანე მდელოზე შებინდებისას გამოჩნდა. შენობაზე გამოკვეთილმა ქვის სახეებმა ერთდროულად მიიქციეს მისი ყურადღება. პოტენციური მხსნელის გამოჩენისას ისინი ყოველთვის ასე იქცეოდნენ – ვინც შეძლებდა და კოშკის უმაღლეს სართულამდე ავიდოდა, ის კოშკში გამომწყვდეულ ყველა სულს ერთად გაათავისუფლებდა ამ საპყრობილედან. კოშკამდე არსებული ჩრდილის ბილიკი ყველაზე რთული იყო გასავლელად – უსწორესად გაკვალული ამიტომაც იწვევდა კოშკისკენ მიმავალ მგზავრში შიშს. ვიოლეტს არასდროს ჰქონია შიშის განცდა – კოშკის ოთხკუთხედი ნაპრალებიდან გამოპარულ მზის ათინათებზე ისე დააბიჯებდა, როგორც საფეხურებზე. ქვის გამოკვეთილ სახეებს შორის იყვნენ ისეთები, ვინც ვიოლეტს თითქოს უკან წასვლას სთხოვდა. იკვეთებოდნენ ისინიც, ვისაც ერთი სული ჰქონდა, როდის შედგამდა ვიოლეტი პირველ ნაბიჯს კოშკის ჭიშკარში. ამ დროს ერთდროულად უნდა ამოძრავებულიყო კიბესთან მძინარე სულის ყველა საცეცი. მხოლოდ კოშკის ნაწილი და კიბეზე ამავალი ადამიანი გრძნობდა, რომ წუთებიღა რჩებოდა მის გამოღვიძებამდე, ანუ როგორც კი ვიოლეტი პირველ საფეხურს დააბიჯებდა (ის ყველაზე მეტად გაცვეთილი იყო), კოშკში უხილავი მექანიზმი იწყებდა ტრიალს და დროც ჩერდებოდა.
მთავარი შესასვლელი კოშკის სამხრეთით მდებარეობდა. ვიოლეტი ჯერ რამდენიმე საფეხურით უნდა ჩასულიყო დაბლა, მერე გაევლო პატარა ოვალური აივანი და ამის შემდგომ უკვე მხოლოდ ხუთი საფეხურიღა აშორებდა ქვის ღია ჭიშკარს.
საფეხურების ჩავლის შემდეგ ვიოლეტმა ზევით აიხედა. გული გამალებით უცემდა. ნიავს საიდანღაც მზესუმზირის სურნელი მოჰქონდა. ღრმად მსუნთქავი ვიოლეტი მოუთმენლად ელოდებოდა წამს, როდესაც კოშკი მთელი სხეულით მიიზიდავდა.
მზის ჩასვლისას ვიოლეტი კოშკის მიმართულებით დაიძრა, სწრაფად აიარა რამდენიმე საფეხური და ზღურბლს გადააბიჯა. ბოლო სართულიდან კოშკში შემორჩენილი ჩიტების ფრთების ფათქუნის ხმა მოისმა, მდელოზე ამოვარდნილი ქარი კი უსწრაფესად დატრიალდა ვიოლეტის გარშემო და მის ფეხებთან ჩადგა. კოშკის პირველი სართული ვიწრო დერეფნით იწყებოდა. ის ოვალური ფორმის ოთახში გადიოდა. დერეფნის ორივე მხარეს, ჩაყოლებაზე, ადამიანისა და უცნაური არსებების ქანდაკებები იდგა. მიუხედავად მზის ჩასვლისა, კოშკში მაინც ყველაფერი გარკვევით ჩანდა. ვიოლეტმა ოვალური ფორმის ოთახისკენ აიღო გეზი. მერე პატარა საფეხურზე ააბიჯა, ოთახში შევიდა და მრავალგზის გაგონილი სპირალური კიბის