დასაწყისი....
ლექტორმა დაფაზე ორი წერტილი მონიშნა, მათ შორის სწორი ხაზი გაავლო, ცარცი დაფის კიდეზე დადო, სტუდენტებისკენ მობრუნდა და იკითხა:
- რას ხედავთ დაფაზე, რა დავხაზე?
სტუდენტებს შორის სხვადასხვა წამოძახილები გაისმა:
- მონაკვეთი..
- წრფე…
- თეთრი ხაზი..
- ჰორიზონტი, ფანტაზიას გასაქანი მისცა ერთმა..
ჯგუფს იუმორის ტალღამ გადაუარა, ყველას გაგვიხარდა, რომ სკოლაში ნასწავლი (ელემენტარული) გეომეტრიის საწყისები ამ "ურთულესი" საკითხის გადაჭრაში გამოგვადგა, მეც მადლიერების გრძნობა გამიჩნდა ჩემი მათემატიკის მასწავლებლისადმი, რომლის მტკიცებითაც ცხოვრება მათემატიკა იყო: რიცხვების, ფიგურების და ლოგიკური აზროვნების ერთობლიობა.. მხიარული წამოძახილები ჩაწყნარდა და ყურადღებით მივაჩერდით ლექტორს სწორი პასუხის მოსმენის მოლოდინში. ლექტორმა ჩაფიქრებული მზერა მოავლო მთელ ჯგუფს და გვითხრა: ეს ნახაზი ჩვენი ცხოვრების უმარტივესი მოდელია, მონაკვეთის თავი და ბოლო ცხოვრების ორი წერტილია (დასაწყისი და დასასრული), მათ შორის ხაზი ჩვენი ცხოვრებაა, მაგრამ როგორი იქნება ეს ხაზი, თქვენი არჩევანია. ეს მოდელი ასევე შეგვიძლია ადამიანებს შორის ურთიერთობისას გამოვიყენოთ, ყოველთვის გაქვთ საშუალება, თქვენი მიზნიდან გამომდინარე საკუთარი არჩევანით შეცვალოთ კომუნიკაციის პროცესი და ეცადოთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს.. ეს ლექციის შესავალი იყო, შემდეგ ლექტორმა კიდევ ბევრი ისაუბრა ადამიანებს შორის კომუნიკაციის დეტალებზე, ლექცია მოლაპარაკებების მართვას ეხებოდა, თუმცა ჩემს გონებაში მხოლოდ ორი სიტყვა ტრიალებდა: "ცხოვრება" და "არჩევანი''