წინასიტყვაობა ეკონომიკურ მეცნიერებებში ნობელის პრემიის ლაურეატის, დანიელ კანემანის წიგნი "იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა" 2011 წელს გამოიცა და უმალვე გახდა საერთაშორისო ბესტსელერი. წიგნმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც სამეცნიერო და პროფესიულ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში. გამოცემიდან მოკლე დროშივე მიიღო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის "საუკეთესო წიგნის" ტიტული, The New York Times-ის საუკეთესო წიგნების რეიტინგში შევიდა და მრავალი სხვა პრესტიჟული პრემია დაიმსახურა. ეს წიგნი იმ ნაშრომებს მიეკუთვნება, რომლებიც ნებისმიერი ასაკის, სოციალური ჯგუფის, პროფესიისა და ეროვნების ადამიანისთვის საინტერესო თემაზე გვესაუბრება: როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენ და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები.
წიგნში დანიელ კანემანი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს შედეგებზე დაყრდნობით გვიყვება იმაზე, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება აზროვნების ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პროცესის - სწრაფი და ნელი აზროვნების შედეგად. წიგნი არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზეც დაგვაფიქრებს: მაგალითად, უნდა ვენდოთ თუ არა ჩვენს ინტუიციას? როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი უნებლიე შეცდომებს გადაწყვეტილებების მიღებისას ამ პროცესების გააზრების შედეგად?
წიგნმა "იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა" უდიდესი ინტერესი გამოიწვია მეცნიერებში, პრაქტიკოსებსა თუ რიგით მკითხველებში. იმ პერიოდში მსოფლიო ბანკში ვმუშაობდი და ამ გლობალური ორგანიზაციის მულტიკულტურულ საქმიან თუ არაფორმალურ სოციალურ გარემოში ხშირად იყო კანემანის შემოთავაზებული თეორიის ქცევითი ეკონომიკის კონტექსტში და საერთოდ, პრაქტიკაში მისი გამოყენების გააზრების მცდელობა. დამეთანხმებით, არსებობს წიგნები, რომელთაც იმგვარი იმიჯი აქვს, რომ ისინი აუცილებლად უნდა წაიკითხო და მეც ასე შევუერთდი მილიონობით მკითხველს.
საინტერესოა, რომ ავტორი, რომელმაც 2002 წელს ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში მოიპოვა, პროფესიით არა ეკონომისტი, არამედ ფსიქოლოგია - დოქტორი ფსიქოლოგიის დარგში და პრინსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და საზოგადოებრივ საქმეთა პროფესორი. ნობელის პრემიით მისი დაჯილდოება სწორედ მულტიდისციპლინური მიდგომისა და მრავალმხრივი შედეგისათვის მოხდა - ფსიქოლოგიური თეორიის ეკონომიკურ მეცნიერებასთან ბრწყინვალე ინტეგრირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ნობელის პრემია ფსიქოლოგიის დარგში არც არის დაწესებული და კანემანის ეკონომიკური მეცნიერების კატეგორიასთან მიკუთვნება ერთადერთი ლოგიკური გზა იყო მისი ფუნდამენტური სამეცნიერო დამსახურების აღიარებისათვის, ორივე დარგში შეტანილი წვლილისათვის. კანემანი ფსიქოლოგიური ეკონომიკური თეორიის და ქცევითი ეკონომიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი სამეცნიერო მიღწევები მოიცავს როგორც ფსიქოლოგიას, ისე ქცევით ეკონომიკას და აერთიანებს ფსიქოლოგიას და ეკონომიკურ თეორიას განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების შესწავლაში, მათ შორის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც შემდგომ ინსტიტუციებსა და უფრო მასშტაბურ პროცესებზეც კი ახდენს გავლენას.
დანიელ კანემანის კვლევა იმ დაშვებას ეფუძნება, რომ ადამიანების გადაწყვეტილებები უმეტესწილად საფუძველს/მიზეზს მოკლებულია. იგი გვეუბნება, რომ ჩვენ 2 სახის აზროვნება გვაქვს: "სისტემა 1" არის სწრაფი აზროვნება - ემოციის დონეზე, ანუ ინსტინქტური, არარაციონალური და გაუცნობიერებულიც კი, რომელიც ხშირად ჩვენ მიერ არასწორი განსჯისა და დასკვნების გამოტანის საფუძველი ხდება, "სისტემა 2" კი - ნელი, დინჯი, რომელსაც უფრო გაცნობიერებულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ. მისი მოღვაწეობის მანძილზე კვლევები ორიენტირებული იყო იმაზე, რომ მოეძებნა, თუ როგორ მიდის ეს ორი სისტემა განსხვავებულ შედეგებამდე, მაშინაც კი, როდესაც ერთნაირი ინფორმაციით იკვებება. კანემანის ხელმისაწვდომობის ევრისტიკის თანახმად, ხშირად ჩვენი აზროვნება გაუცნობიერებლად და არარაციონალურად ირჩევს უმოკლეს გზას გადაწყვეტილებისაკენ, ჩვენს გონებაში არსებული იოლად მოძიებადი ინფორმაციის, გამოსახულებებისა და ანაბეჭდების საფუძველზე, და ერთვება შემეცნებისა და განსჯის მიკერძოების მექანიზმი. კანემანი გვარწმუნებს, რომ ჩვენი გონება მიდრეკილია შეცდომების დაშვებისაკენ და ხშირად ტენდენციურობა განსჯის როლს უგულებელყოფს. წიგნის ავტორი წარმოგვიდგენს ინტუიციური აზროვნების მოსალოდნელ ხშირ ხარვეზს, როდესაც ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ, დასკვნა გამოგვაქვს და გადაწყვეტილებას ვიღებთ. გვიყვება, თუ რას აკეთებს ჩვენი აზროვნების "სისტემა 2" ისეთს, რასაც "სისტემა 1" ვერ ძლევს; და ამას გვთავაზობს არა როგორც უბრალოდ თავის მოსაზრებას, არამედ გვიყვება ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული ძალიან საინტერესო და, ერთი შეხედვით, მარტივი ექსპერიმენტების მაგალითზე.
სწორედ ამიტომაა წიგნი მიმზიდველი ყველა ტიპის მკითხველისთვის. ჩვენ მათში საკუთარ წარმოდგენებს და საკუთარ თავსაც კი ამოვიცნობთ. იმას, რომ სწორედ ასე მივიღეთ უამრავი გადაწყვეტილება, არა ანალიტიკურად, არამედ იმ ზეგავლენებით, რომლებიც ჩვენი გონების ზედაპირზეა დალექილი და ხშირად გაუაზრებლად მეყსეულ რეაქციას იძლევა ფაქტებსა და მოვლენებზე და ჩვენს დასკვნებს და გადაწყვეტილებებს ტენდენციურს ხდის. რას ნიშნავს ეს ჩემი ცხოვრებისათვის (მაგალითად, ურთიერთობებისათვის, ჩვენი წარმოდგენებისათვის სხვებზე და სხვების ჩვენდამი დამოკიდებულებისათვის), ოჯახის კეთილდღეობისათვის (მაგალითად, ეკონომიკური გადაწყვეტილებებისათვის), ორგანიზაციების წარმატებისათვის (სადაც გადაწყვეტილებებს ადამიანები და მათი გუნდები იღებენ) და ა.შ. - ეს ის შეკითხვებია, რომლებიც წიგნის კითხვისას თავში გვიტრიალებს და ჩვენს თვალსაწიერს მნიშვნელოვნად აფართოებს, რადგან გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას ტენდენციური და ინტუიციური "სისტემა 1" დომინირებს