წინასიტყვაობა - ქართულენოვანი გამოცემისათვის
"ბიზნესის გული" ის წიგნია, რომლის ყველა სიტყვა ჩემს გულს, გამოცდილებას და რწმენებს ეხმაურება. ეს არის ბიზნესის მართვის თანამედროვე სახელმძღვანელო, რომელიც ანგრევს ტრადიციულ წარმოდგენებს შრომაზე, ბიზნესის ფუნქციაზე, კონკურენციაზე, თანამშრომლობაზე, გუნდისა და ლიდერის ხატზე, და სრულიად ახალ - ჰუმანისტურ - კონცეფციებს გვთავაზობს. წიგნის კითხვა რომ დავასრულე, მადლიერებითა და პასუხისმგებლობით ავივსე - მივხვდი, როგორ გამიმართლა, რომ ამ გენიალური წიგნის წინასიტყვაობის დაწერა მანდეს.
კარიერის პირველ ეტაპზე, მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის - "მაქკინზის" - პარტნიორი, შემდეგ კი რამდენიმე უმსხვილესი კომპანიის მენეჯერი და მმართველი უბერ ჟოლი წიგნში საოცარი გულწრფელობითა და თავმდაბლობით გვიზიარებს იმ სიბრძნეს, რომელიც მან თავისი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე აღმოაჩინა.
"ბიზნესის გულიში" უხვადაა მოყვანილი კონკრეტული მაგალითები ჟოლის ცხოვრებისა და კარიერის სხვადასხვა ეტაპიდან, თუმცა წიგნის ძირითადი ხაზი სამომხმარებლო ელექტრონიკის საცალო ვაჭრობის გიგანტის "ბესთ-ბაის" წარმატებულ ტრანსფორმაციას აღწერს.
უბერ ჟოლი "ბესთ-ბაის" აღმასრულებელი დირექტორი 2012 წელს გახდა, მაშინ როდესაც კომპანია სწრაფად მიექანებოდა დაღმართზე. ბიზნესისა და ინდუსტრიის ექსპერტები კომპანიის გაქრობას წინასწარმეტყველებდნენ. მაგალითად, "ფორბსმა" თავის ერთ-ერთ გამოცემაში "ბესთ-ბაი"კორპორაციულ სამოსში გამოწყობილი ზომბის ფოტოთი გამოაქვეყნა, რითაც ის, ფაქტობრივად, "მკვდრად" მონათლა. თავად კომპანიის შიგნითაც, აქციონრებიდან დაწყებული, თამანშრომლებით დამთავრებული, ცოტანი იყვნენ ისეთები, ვისაც კომპანიის წარმატებისკენ შემობრუნების იმედი ჰქონდა. აი, სწორედ ამ დროს კომპანიას სათავეში ჩაუდგა უბერ ჟოლი, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებას თავიდან "სიგიჟეს", წლების შემდეგ კი "არცთუ ისე გიჟურს" უწოდებდა. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ არა მარტო შეაჩერა ვარდნა, არამედ საოცარი ტემპებით დაიწყო ზრდა.
2013-2019 წლები კომპანიის უწყვეტი ზრდის წლები იყო. ამ პერიოდში მოგება გასამმაგდა, ხოლო მისი აქციების ფასი, რომელიც 2012 წელს ერთეულებით იზომებოდა, 2019-ში 75 დოლარს აღწევდა. მედია ამ მიღწევებს ასე აშუქებდა: "defied expectations", "broke the mold", "rescued company". რაც ყველაზე მთავარია, "ბესთ-ბაი" არა მხოლოდ აქციონრებისა და კლიენტებისთვის მიმზიდველ კომპანიად იქცა, არამედ თანამშრომლების თვითრეალიზების, განვითარებისა და კეთილდღეობის ადგილად.
როგორ გახდა შესაძლებელი მომაკვდავი კომპანიის რევიტალიზაცია? როგორ მოახერხა საცალო ვაჭრობის კომპანიამ ზრდა იმ საბაზრო პირობებში, როდესაც ონლაინვაჭობა საყოველთაო ტენდენცია გახდა, ხოლო მისი კონკურენტები არა მხოლოდ სხვა სავაჭრო ქსელები, არამედ ციფრული სავაჭრო პლატფორმების გიგანტებიც გახდნენ? როგორ აქცია "ბესთ-ბაიომ" კონკურენტები პარტნიორებად? როგორ მოახერხა კომპანიამ იმედდაკარგული ინვესტორებისა და თანამშრომლების შეენარჩუნებინა და მეტიც, მათი ოპტიმიზმით ანთება და კომპანიის აღმშენებლობაში ჩართვა? ამ და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხებს წიგნში ნახავთ, მე კი მოკლედ ჟოლის სიტყვებით შევაჯამებ: გასაღები "ადამიანურ ჯადოსნობაშია" (human magic).
"ადამიანური მაგიის" ფენომენი პირველად 21 წლის წინ გამოვცადე, როდესაც პარტნიორებთან ერთად შევქმენით საკონსულტაციო კომპანი "ეისითი". იმ დროს, როცა საკონსულტაციო კომპანიის განვითარების არანაირი საბაზრო პირობები არ არსებობდა: საქართველოში თავისუფალი ეკონომიკა პირველ ნაბიჯებს დგამდა, იტელექტუალური სერვისების მოხმარების არც გამოცდილება იყო და არც მზაობა, როცა ქალ ლიდერებს ბიზნესში არ სცნობდნენ, და მით უფრო არ იყვნენ მზად, რომ ქალი კონსულტანტისგან რჩევები მიეღოთ - ჩვენ შევძელით შეგვექმნა კომპანია, რომელიც დღეს 31 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს. ერთადერთი, რაც ჩვენს კომპანიას მაშინ ჰქონდა და დღესაც აქვს, არის ის, რასაც უბერ ჟოლი "ადამიანურ მაგიას" ეძახის.
მხოლოდ მიღწევებზე რომ არ ვისაუბროთ, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი კომპანიის 21-წლიან ისტორიაში ასევე ყოფილა სტაგნაციისა და რეგრესის პერიოდებიც. ადრე ორგანიზაციული წარუმატებლობის ახსნას გარემო ფაქტორებში ვეძებდით: ქვეყნის ეკონომიკის შემცირება, მძაფრი კონკურენცია, არასტაბილური პოლიტიკური გარემო და სხვ. დღეს ვიცით, რომ ეს ჩვენი - კომპანიის ლიდერშიფის - თავის მართლების მცდელობა უფრო იყო, ვიდრე რეალური მიზეზი. რეალობა ისაა, რომ ყოველ ჯერზე ორგანიზაციულ კრიზისს წინ იმ "ადამიანური ფაქტორის" დასუსტება უსწრებდა, რომელზეც უბერ ჟოლი "ბიზნესის გულში" საუბრობს. კრიზისიდან კომპანიის ამოყვანას კი მხოლოდ მას შემდეგ ვახერხებდით, როცა კომპანიის ლიდერშიფი ჩვენს ნამდვილ "მეს", კომპანიის მისიასა და "ადამიანური ფაქტორის" მნიშვნელოვნებას ვუბრუნდებოდით.
გარდა ბიზნესის ინსაიტებისა, უბერ ჟოლი წიგნში პიროვნული განვითარების გზაზე მიღებულ აღმოჩენებზეც საუბრობს. საინტერესო და შთამბეჭდავია მისი ტრანსფორმაცია რაციონალური, კომპეტენტური მენეჯერიდან ინსპირაციულ ლიდერამდე. ალბათ დამეთანხმებით, რომ პიროვნული ტრანსფორმაცია მარტივი ნამდვილად არ არის. არც უბერ ჟოლისთვის ყოფილა იოლი ეს პროცესი, რა დროსაც მან არაერთ შეხედულებასა და ცნობიერებაში ღრმად გამჯდარ რწმენას გადახედა. ის გვიყვება, როგორ მოუწია საკუთარ ეგოსთან გამკლავება, საკუთარ სულში ჩახედვა და როგორ დაეხმარა ამ გზაზე თვითგანვითარება, წარმატებულ ლიდერებთან ურთიერთობა, კათოლიკე ბერებთან გატარებული დრო და ბიზნესქოუჩის მხარდაჭერა.
წლების განმავლობაში ჟოლი თვლიდა, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ რიცხვებსა და მონაცემებს უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო წარმატება მხოლოდ ბიზნესის მოგებით შეიძლება შეფასდეს. მაშინდელი წარმოდგენით, ჟოლისთვის საუკეთესო ლიდერი იყო უშეცდომო, ძლიერი, ქარიზმატული წინამძღოლი, რომელსაც არ ჰქონდა უფლება თავისი ხალხისთვის საკუთარი მოწყვლადობა ეჩვენებინა. ეს რწმენები სათავეს ინდუსტრიული ეპოქის დროინდელი ბიზნესკონცეფციებიდან და "სრულყოფილი ლიდერის" კულტივირებული ხატიდან იღებდა. წლების განმავლობაში სწორედ ამ პოსტულატებს ითვისებდა ჟოლი ბიზნესსკოლაში და სამუშაო გამოცდილებიდანაც ამ წარმოდგენების განმტკიცებას