შესავალი. "ერთი იდეა მაქვს" "ერთი იდეა მაქვს და მინდა, რომ მოგიყვე", — დამირეკა ცოტა ხნის წინ ჩემმა მორიგმა მეგობარმა და მის მოსმენას, როგორც მეგობარს მოეთხოვება, პროფესიული გულისყურით შევუდექი.
"კაფეს გაკეთება მინდა", — მითხრა მან. "ადგილი უკვე ვიქირავე, ახლა ვერ ვხვდები, საიდან დავიწყო".
დიდი ხანია ამ ტიპის გზამკვლევის დაწერა მინდა. ასეთ შეკითხვებს იშვიათად ნამდვილად არ მისვამენ და ბრენდის სტრატეგიის შექმნის არცთუისეცოტაწლიანი გამოცდილება მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ დიდი იდეების უმეტესობა მიწიდან სასურველ სიმაღლეს მხოლოდ იმიტომ ვერ აღწევს, რომ ადამიანებმა არ იციან, საიდან დაიწყონ. ზოგჯერ კი უბრალოდ ჩამოუყალიბებლად იწყებენ და საკუთარ ბედს ნაუცბათევ გადაწყვეტილებებს მიანდობენ ხოლმე.
ის, რომ Investopedia-ს მონაცემებით, ბიზნესწამოწყებების 90% მარცხისთვის წინასწარაა განწირული, მაფიქრებინებს, რომ ზემო აბზაცში აღწერილი პირადი შეგრძნება, მხოლოდ სუბიექტური, რეალობას მოწყვეტილი არ არის.
დიდი ბრენდის შენება, ცხადია, ხანგრძლივი პროცესია და, იმ ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, მოკლე გარბენი კი არა, მარათონია (ამ მოხდენილი ფრაზის ავტორი გზამკვლევში მოცემული სხვა რამდენიმე გამონათქვამის მსგავსად, სამწუხაროდ, ვერც გავიხსენე და ვერც ვიპოვე). თუმცა, ბრენდის სტრატეგიის, როგორც ხანგრძლივი მარათონისთვის, მზადება გარკვეული დროის ჩარჩოებში მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ — ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ უნდა გავიდეთ სახლიდან, ხომ უნდა დავდგეთ სტარტის ხაზზე და სირბილისთვის მოვემზადოთ.
მსოფლიო მარათონების ფოტოებსა და ვიდეოებს თუ გადახედავთ, უცნაურ ფორმაში გამოწყობილ უამრავ ადამიანს შეხვდებით. მაგრამ ისინი, ვინც თავიდანვე ამ მარათონის მოსაგებად გამოდიან, როგორც წესი, საღამურებითა და სახლის ჩუსტებით ნაკლებად დარბიან, მომზადებას დროსა და რესურსს უთმობენ, შესაფერის სამოსსა და ფეხსაცმელს იცვამენ.
თუ ბრენდის შენება ვიღაც გონიერმა ადამიანმა მარათონს შეადარა, ჩვენც შეგვიძლია დასაწყისი, კონცეპტუალიზაციის, "ჩანაფიქრიზაციის" პროცესი მარათონისთვის მზადების პერიოდს შევადაროთ. სუნ ძი "ომის ხელოვნებაში" ამბობს, გამარჯვებული რაზმები ბრძოლას შეტაკებების წინ იგებენ და არა მათი მიმდინარეობისასო. ასეა ბრენდინგშიც — რაც უფრო უკეთ მომზადებული ხვდები ბრძოლას, მით მეტია გამარჯვების შანსი. ეს გზამკვლევიც ამას, მარათონისთვის, ბრძოლისთვის თქვენს მზადებას ემსახურება. მინდა, ბრენდის სტრატეგიის განაცხადებზე ყურადღების მიქცევით, თქვენი მომავალი თუ ახლახან დაწყებული ბიზნესის შინაარსზე განსხვავებული კუთხით დაგაფიქროთ.
ამ ეტაპს "ჩამოყალიბების" პროცესი დავარქვი — სწორედ ასე ჰქვია 2015 წელს საქართველოს ყველაზე დიდი მარკეტინგული ღონისძიების, Spotlight-ისთვის მომზადებულ ჩემს ერთსაათიან ლექციასაც, რომელიც (ამ გზამკვლევისა არ იყოს) ჩემი ერთ-ერთი მასწავლებლისა და უფროსი მეგობრის, თანამედროვე ბრენდინგის გურუს, მარტი ნიუმაიერის წიგნის, ZAG-ის მიხედვით და ქართული რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა.
წიგნის წერის დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, ამიტომ ამ გზამკვლევს, როგორც ჩემს მორიგ, საკმაოდ გრძელ გამოსვლას ისე ვუყურებ, მაგალითებითა და იდეებითაც სწორედ ამიტომ დავხუნძლე. დიდი იმედი მაქვს, ეს წიგნის პრაქტიკულ დანიშნულებას ხელს არ შეუშლის. ის, რომ სათქმელს აშკარად გრძლად ვამბობ, ჩემი საუბრის
სუნ ძი „ ომის ხელოვნებაში “ ამბობს,
გამარჯვებული რაზმები
ბრძოლას შეტაკებების წინ იგებენ და
არა მათი მიმდინარეობისასო. ასეა
ბრენდინგშიც — რაც უფრო
უკეთ მომზადებული ხვდები
ბრძოლას, მით მეტია გამარჯვების შანსი
მანერასა და სტილს შეგიძლიათ დააბრალოთ — უბრალოდ დეტალებზე ყურადღების გამახვილება და ყველაფრის მაქსიმალურად სიღრმისეულად ამოხსნა, შესწავლა მიყვარს.
ის იდეები, ამბები და ციტატები, რომლებსაც ამ გზამკვლევში შეხვდებით, ბრენდინგისა და ადამიანების შესახებ დაწერილ სხვადასხვა წიგნსა თუ სტატიაში მაქვს ამოკითხული, ლექციებზე, საინტერესო ადამიანებთან, კომპანიების დამფუძნებლებსა თუ თანამშრომლებთან საუბრისას გაგონილი, გარემოზე დაკვირვებით აღმოჩენილი ან საკუთარი საკონსულტაციო კარიერის განმავლობაში გამოცდილი.
ჩათვალეთ, რომ ჩემი ცოდნა და მოკრძალებული გამოცდილება, რომელსაც 15 წელზე მეტია ვაგროვებ, ერთ, ასევე მოკრძალებულ ტექსტში გავაერთიანე და გასაზიარებლად გავამზადე, რადგან ვაცნობიერებ, რომ იმდენი დრო ვერ გექნებათ, ბრენდინგის შესახებ დაწერილი ყველა წიგნი და სტატია ჩემსავით ცალ-ცალკე წაიკითხოთ და გაიაზროთ. შეიძლება ბევრი რამ, რასაც აქ წაიკითხავთ, უკვე მოსმენილი თუ გაცნობიერებული გქონდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეთ რამესაც ბევრს ნახავთ, რაზეც აქამდე ამ კუთხით არ გიფიქრიათ. ხედვის თუნდაც ერთი ახლებური პერსპექტივა ხშირად მთელ წარმოდგენას გვიცვლის და გონებაში მანამდე არსებულ ინფორმაციას სულ სხვაგვარად, უფრო სასარგებლო სტრუქტურით ალაგებს ხოლმე.