1-ლი აპრილი ელისი და ლონგი ვენტურას ბულვარზე მოტიციკლეტს ოთხი მანქანით ჩამორჩებოდნენ. აღმოსავლეთისაკენ მიდიოდნენ, სწორედ იმ დიდ მოსახვევთან იყვნენ, სადაც გზა სამხრეთისკენ უხვევდა და ჰოლივუდში შედიოდა. საჭესთან ელისი იჯდა, ასე ერჩივნა, თუმცა მისი, როგორც უფროსი პარტნიორის, გადასაწყვეტი იყო, ვინ წაიყვანდა მანქანას და ვინ დაჯდებოდა მძღოლის გვერდით. ლონგი ტელეფონის ეკრანს დასჩერებოდა და აკონტროლებდა იმას, რასაც ისინი თავიანთ ინვესტიციებს ეძახდნენ.
მანქანა კარგ მდგომარეობაში იყო. ცოტა საჭე ყანყალებდა, მაგრამ ელისი გრძნობდა, რომ მაინც მშვენივრად იმორჩილებდა. უცებ დაინახა, რომ მარჯვნივ ადგილი გამოჩნდა და იქით გაუხვია, სიჩქარესაც მოუმატა. ლონგმა აიხედა.
- რას აკეთებ?
- ვცდილობ, პრობლემას დავაღწიო თავი.
- რა?
- სანამ ის მართლა პრობლემად იქცევა.
მოტოციკლეტს დაეწია და ახლა გვერდით მიჰყვებოდა.
მისკენ გაიხედა და შეათვალიერა მოტოციკლეტისტის შავი ჩექმები და მოტოციკლეტის რეზერვუარზე დახატული ნარინჯისფერი ცეცხლის ენები, რომლებიც "კამაროს" ფერს ძალიან უხდებოდა.
სიჩქარეს მოუმატა, წინ წავიდა და იქ, სადაც გზა მარჯვნივ უხვევდა, ცენტრიდანულმა ძალამ მარცხენა ხაზზე გადააგდო.
მოტოციკლეტისტმა დაიყვირა, მანქანას წიხლი დაარტყა და სიჩქარის მომატება სცადა, და ეს დიდი შეცდომა იყო. რომ დაემუხრუჭებინა, თავს გადაირჩენდა, მაგრამ მან სიჩქარის მომატება არჩია. ელისი ამ მანევრისთვის მზად აღმოჩნდა, აქსელერატორს ფეხი დააჭირა, "კამარო" მარცხენა ხაზზე გადავიდა და გზა ბოლომდე ჩაუჭრა.
მოტოციკლეტი მოძრაობის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდა. მუხრუჭების ღრჭიალი და მანქანის გაბმული სიგნალი გაისმა. მერე ელისმა მეტალის მეტალზე დაჯახების ხმა გაიგონა, გაიღიმა და გზა განაგრძო.