I პალაცო ფალკონიერი იტალიის ერთ-ერთი პატარა ტბის კონცხზეა განთავსებული. ახლა ივნისის მიწურულია და ქვიან ზედაპირზე გუშაგებივით მდგარ, პატარ-პატარა ჯგუფებად გაბნეულ ფიჭვებსა და კვიპაროსებს მსუბუქი ბრიზი არხევს. მშვენიერი და ალბათ დიდებულიც კია ბაღი, რომლის მკვეთრი ფორმები და მუქი ჩრდილები პალაცოს ასეთივე მოქუფრულ განწყობას კარგად ერწყმის. 
 შენობის მაღალი ფანჯრები, რომელთაც აბრეშუმის ფარდები ამშვენებს, ტბას გაჰყურებს. აღმოსავლეთის ფლიგელს ერთ დროს საბანკეტოდ იყენებდნენ, ახლა კი საკონფერენციო დარბაზის ფუნქცია აქვს. დარბაზის ცენტრში, არტდეკოს მძიმე ჭაღის ქვეშ, გრძელ მაგიდაზე, რემბრანტ ბუგატის ბრინჯაოს პანტერა დგას. 
 მაგიდას თორმეტი კაცი უზის, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულები, თუმცა ძვირად ღირებულ სამოსზე ეტყობათ, რომ წარმატებულები უნდა იყვნენ. მათი უმეტესობა ორმოცდაათიდან სამოცდაათ წლამდე იქნება. კაცმა რომ თქვას, მათი სახეები არაფრით გამორჩეული და დასამახსოვრებელი არ არის, თუმცა თითოეულს აშკარად ახასიათებს არაორდინარული სიფხიზლე. 
 მთელი დილა საუბარში გადის – ლაპარაკობენ რუსულად და ინგლისურად. ენებს ყველა მათგანი კარგად ფლობს. შემდეგ ტერასაზე მორთმეულ მსუბუქ ლანჩს მიირთმევენ: ხემსს, ტბის ორაგულს, ჩაცივებულ თეთრ ღვინოს – ვერნაჩას, ახალ ლეღვსა და გარგარს. ლანჩის შემდეგ თორმეტივე ყავას მიირთმევს, ათვალიერებენ ნიავით აშრიალებულ არემარეს ტბის ირგვლივ და ბაღში სეირნობენ. აქ დაცვის თანამშრომლები არ არიან, რადგან უსაფრთხოების ასეთ დონეზე ნებისმიერი გარეშე პირი მაღალი რისკის მატარებელია. კაცები მალევე საკონფერენციო დარბაზში ბრუნდებიან. დღევანდელი დღის წესრიგის თემა მარტივია: ევროპა. 
 პირველი სიტყვით გამოდის გარუჯული კაცი, რომელსაც ასაკი არ ეტყობა. აქეთ-იქით იყურება და ამბობს: 
 – ჯენტლმენებო, დილით უკვე განვიხილეთ ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი. ვისაუბრეთ ფინანსურ ნაკადებსა და იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გაკონტროლება. ამ შუადღით კი მსურს განსხვავებულ თემას შევეხო, – ოთახი ბნელდება და თორმეტი თავი ჩრდილოეთ კედელზე დამონტაჟებული ეკრანისკენ ტრიალდება. ეკრანზე ჩანს ხმელთაშუა ზღვის პორტი კონტეინერმზიდებითა და ამწეებით. 
 – ჯენტლმენებო, დღესდღეობით პალერმო ევროპაში კოკაინის მიწოდების მთავარი პუნქტია, რაც მექსიკური ნარკოკარტელებისა და სიცილიური მაფიის სტრატეგიული ალიანსის შედეგია. 
 – სიცილიელებს კიდევ აქვთ რაიმე გავლენა? – კითხულობს ჩასკვნილი კაცი მომხსენებლისგან მარცხნივ. – მეგონა დღეს ნარკოვაჭრობას მატერიკული სინდიკატები აკონტროლებდნენ. 
 – ასეც იყო. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ კარტელები მხოლოდ სამხრეთიტალიური რეგიონის, კალაბრიას, ნდრანგეტასთან მუშაობდნენ. ბოლო თვეებში კი კალაბრიელებსა და სიცილიელი გრეკოს კლანს შორის ომია გაჩაღებული. 
 ეკრანზე ჩნდება კაცის სახე ცივი თვალებითა და ფოლადის ხაფანგის მსგავსი, ოდნავ გახსნილი ტუჩებით. 
 – სალვატორე გრეკომ ცხოვრება მიუძღვნა თავისი ოჯახის გავლენის გაზრდას, რომელმაც ოთხმოცდაათიანებში, მატეოს ოჯახის წევრის მიერ სალვატორეს მამის მოკვლის შემდეგ, კოზა-ნოსტრაში ადგილი დაკარგა. ოცდახუთი წლის შემდეგ სალვატორემ მატეოს ოჯახის ყველა წევრს მიაგნო და დახოცა. მატეო და მისი მოკავშირე მესინის ოჯახი ყველაზე გავლენიანი სიცილიური კლანებია. ცნობილია, რომ სალვატორემ პირადად მოკლა მინიმუმ სამოცი ადამიანი, ასობით ადამიანის სიკვდილი კი შეუკვეთა. ახლა ორმოცდაათი წლის არის, შეუზღუდავად აკონტროლებს პალერმოს და იქაურ ნარკობაზარს. მსოფლიოში გაბნეული მისი ობიექტები წლიურად ოციდან ოცდაათ მილიარდამდე გამოიმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, ჯენტლმენებო, რომ ის, პრაქტიკულად, ერთ-ერთი ჩვენგანია. 
 დამსწრეებს შორის გაკვირვებით გამოწვეული მხიარულების მსგავსი ხმები ისმის. 
 – სალვატორე გრეკოს შემთხვევაში მთავარი პრობლემა მკვლელობისა და წამებისკენ მიდრეკილება როდია, – განაგრძობს კაცი. – როდესაც მაფიოზები მაფიოზებს ხოცავენ, ეს ყველაფერი თვითმწმენდავი ღუმლის მუშაობის პრინციპს ემსგავსება, მაგრამ ბოლო პერიოდში ის სხვა გავლენიანი ხალხის მკვლელობებსაც უკვეთს. ამ დროისთვის უკვე მოკლულია ორი მოსამართლე, ოთხი ჩინოვნიკი – ყველანი თავიანთ მანქანებში აფეთქდნენ და ასევე ორსული ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი ბინის წინ მოკლეს. ბავშვიც გარდაიცვალა. 
 ცოტა ხნით ჩუმდება და ეკრანზე აკვირდება გარდაცვლილ ქალს, რომელიც ქვაფენილზე, სისხლის გუბეში წევს. 
 – თქმაც კი არ სჭირდება იმას, რომ ამ მკვლელობებს გრეკოებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. პოლიციის ნაწილი მოსყიდულია, მეორე ნაწილი დაშინებული, მოწმეები კი მოშორებული. გაუთქმელობის კოდექსი – ომერტა – ყველაფერზე მაღლა დგას. ეს კაცი თავის მიზნებსა და სურვილებში სრულიად ხელშეუხებელია. ერთი თვის წინ შუამავალი გავუგზავნე შეხვედრის სურვილით. მინდოდა, რაღაც ფორმის შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ამის საჭიროებას ვგრძნობდი. ევროპის ამ კუთხეში მისი მოქმედებები ზედმეტად გააქტიურდა და უკვე ჩვენს ინტერესებსაც საფრთხეს უქმნის. გრეკომ მალევე მიპასუხა. მომდევნო დღეს მივიღე დაბეჭდილი პაკეტი. – ეკრანზე გამოსახულება იცვლება. – როგორც თავად ხედავთ, პაკეტში ჩემი შუამავლის თვალები, ყურები და ენა იდო. შეტყობინება გასაგებია. არანაირი შეხვედრა, არანაირი საუბარი, არანაირი შეთანხმება. 
 მაგიდასთან მსხდომები საზარელ კადრებს რამდენიმე წამით უსიტყვოდ აკვირდებიან. შემდეგ მზერას კვლავ მოსაუბრისკენ