1.
ადრე: ემა
- ძალიან საყვარელი პატარა სახლია, - ამბობს აგენტი თითქმის გულწრფელი ენთუზიაზმით, - ხელსაყრელი პირობებით, აქეთ კი სახურავია, რომელიც ტერასად შეგიძლიათ აქციოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, ბინის მეპატრონის ნებართვა დაგჭირდებათ.
- მშვენიერია, - ეთანხმება საიმონი, თან ცდილობს თვალებში არ შემომხედოს.
შემოსვლისთანავე ერთ-ერთი ფანჯრიდან ექვსი ფუტი სიგრძის სახურავი დავინახე და ეს სახლი იმ წამიდანვე არ მომეწონა. ისიც ასე ფიქრობს, მაგრამ აგენტს არაფერს ეუბნება, ყოველ შემთხვევაში, ახლავე, არ უნდა უტაქტობად ჩაეთვალოს. შეიძლება იმის იმედიც კი აქვს, რომ თუ ამ კაცის სულელურ, გრძელ ლაპარაკს დიდხანს მოვისმენ, დავთანხმდები. აგენტი საიმონისნაირი ბიჭია: ენაგაკრეფილი, თავდაჯერებული, ენერგიული. ალბათ, იმ ჟურნალსაც კითხულობს, რომელშიც საიმონი მუშაობს, სპორტზე ჯერ კიდევ კიბეზე ამოსვლისას ლაპარაკობდნენ.
- აი, აქ კი კარგა მოზრდილი საძინებელია, - ამბობს აგენტი.
- საჩვენო არ არის, - ვაწყვეტინებ, - არ გამოგვადგება.
აგენტი წარბებს სწევს.
- დღევანდელი უძრავი ქონების ბაზრის გადამკიდე წუნიაობა ნამდვილად არ გამოგადგებათ, - მეუბნება, - დღესვე გაქირავდება ეს სახლი. მონაცემები ჯერ საიტზეც კი არ დამიდვია და უკვე ხუთი მნახველი მყავდა.
- უსაფრთხო სახლი არ არის, - ვეუბნები მკაცრად, - წავიდეთ?
- ყველა ფანჯარას საკეტი აქვს, - განაგრძობს სხაპასხუპით, - და კარზე ჩაბია (საკეტების მწარმოებელი კომპანია) დაყენებული, რა თქმა უნდა, სიგნალიზაციის დაყენებაც შეგიძლიათ, თუ უსაფრთხოებას ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. არა მგონია, მეპატრონე უარზე იყოს.
ამჯერადაც საიმონს ელაპარაკებოდა, ოღონდ ჩემს გასაგონად. თუ უსაფრთხოებას ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. ასეთივე კილოთი შეეძლო ეთქვა, ჰოო, ეს შენი შეყვარებული ცოტათი ისტერიკულია, არა?
- გარეთ დაგელოდები, - ვეუბნები საიმონს და კარისკენ მივდივარ.
აგენტი ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, და ამატებს:
- თუ ეს ადგილია პრობლემა, მაშინ ჯობს უფრო დასავლეთით ეძებოთ სახლი.
- უკვე ვეძებეთ, - ამბობს საიმონი, - იქაურობის სამყოფი ფული არა გვაქვს, თუ ჩაის პაკეტისხელას ვიქირავებთ, კი, ბატონო...
აგენტი ცდილობს იმედგაცრუება დამალოს, თუმცა ეს უფრო მაბრაზებს.
- ერთი ბინაა ქუინს-პარკში, - ამბობს ყოყმანით, - ცოტათი საზიზღარი, მაგრამ...
- უკვე ვნახეთ, - პასუხობს საიმონი, - ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ძალიან ახლოს იყო ძველი მეპატრონის სახლთან.
მის ხმაში იგრძნობა, რომ „ჩვენ“-ში მხოლოდ მე ვიგულისხმები.
- ქილბარნში წავიდეთ, მესამე სართულზეა ბინა.
- ეგეც... საწვიმარი მილი ფანჯრის გვერდით იყო.
აგენტი ჩაფიქრდა.
- შეიძლება ვინმე ამოძვრეს, - აუხსნა საიმონმა.
- გასაგებია. ქირაობის სეზონი ახლახან დაიწყო. თუ მოიცდით, იქნებ...
აგენტმა აშკარად გადაწყვიტა, დროს მაკარგვინებენო: გვერდულად წავიდა კარისკენ, მე კი გარეთ გავედი, რათა მასთან ახლოს დგომა ამეცილებინა თავიდან.
- ახლანდელი სახლის მეპატრონემ უკვე გაგვაფრთხილა, - მესმის საიმონის ხმა, - ვარიანტები აღარ გვაქვს, - უფრო და უფრო ხმადაბლა ლაპარაკობს, - ხუთი კვირის წინ დაგვაყაჩაღეს. ორი კაცი შემოიჭრა ჩვენს სახლში და ემას დანით ემუქრებოდნენ. ალბათ, ხვდები ასეთი ფიცხი რატომაცაა.
- ჯანდაბა, - ამბობს აგენტი, - ეს რომ ჩემი შეყვარებულისთვის გაეკეთებინათ, არც კი ვიცი, რას ვიზამდი. მისმინე, შეიძლება ეს არარეალურად მოგეჩვენოს, მაგრამ... - მისი ხმა აღარ ისმის.
- ჰოო? - ამბობს საიმონი.
- ვინმეს ოფისში უხსენებია ვან-ფოლგეით-სთრითი?
- არა მგონია. ახლა გაგახსენდა?
- არა, არა.
აგენტი თავდაჯერებული არ ჩანს.
- თავისუფალია, არა? - საიმონი უტევს.
- თეორიულად, კი, - ამბობს აგენტი, - შესანიშნავი ბინაა, მართლაც რომ შესანიშნავი. ამისგან განსხვავებით... მაგრამ მესაკუთრე... რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულია.
- სახლი რა ადგილასაა? - ეკითხება საიმონი.
- ჰემფსთედში, - ამბობს აგენტი, - ჰენდონისკენ, მაგრამ ძალიან წყნარი ადგილია.
- ემ! - მეძახის საიმონი.
შიგნით შევდივარ.
- შეგვიძლია ვნახოთ, - ვამბობ, - ნახევარი გზა უკვე გავლილი გვაქვს.
აგენტი თავს მიქნევს.
- ოფისში შევირბენ, - ამბობს, - ვნახავ ზუსტ მისამართს. დიდი ხანია იქაურობა არავისთვის მიჩვენებია. ისეთი არ არის, ნებისმიერს რომ შეეფერება, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენ მოგეწონებათ.
ახლა: ჯეინი
- ეს ბოლოა, - აგენტი კამილა თითებს უკაკუნებს მანქანის საჭეს, - დროა, გადაწყვიტოთ.
ამოვიოხრე. ერთადერთი სახლი, რომელსაც ჩემი ბიუჯეტით გავწვდებოდი, სწორედ ახლა ვნახე. უესტ-ენდ-ლეინის ბოლოში ჩამონგრეული კორპუსის ბინა. თავი დავირწმუნე, რომ სახლს არა უშავდა - ყურადღება არ მივაქციე აქერცლილ შპალერს, საჭმლის საშინელ სუნს, ვიღაცის სახლიდან რომ გამოდიოდა,