პროლოგი 
 ამ სახლს მხოლოდ ხელბორკილდადებული თუ დავტოვებ. 
 სანამ შესაძლებლობა მქონდა, მანამდე უნდა გავქცეულიყავი. ახლა ამის შანსი დაკარგულია... ახლა, როცა პოლიციის ოფიცრები უკვე ჩემს სახლში არიან და აღმოაჩინეს, ზემოთ რაც არის, ვეღარაფერს ვიზამ. 
 რამდენიმე წამიც და, ჩემს უფლებებს წამიკითხავენ. არ ვიცი, ეს აქამდე რატომ არ გააკეთეს. შესაძლოა იმის იმედი აქვთ, რომ ამგვარად რაიმეს წამომაცდენინებენ. 
 წარმატებას ვუსურვებ. 
 შავთმიანი პოლიციელი, აქა-იქ ჭაღარა რომ გამორევია, დივანზე ჩემ გვერდით ზის. მისი ჩასკვნილი სხეული კარამელისფერ იტალიურ ტყავზე წრიალებს. ნეტავ შინ როგორი დივანი აქვს, დარწმუნებული ვარ, ასეთი ძვირი არ იქნება. ალბათ, ნარინჯისფერი, ყველაზე უგემოვნო ფერი, შინაური ცხოველების ბეწვით დაფარული, უკვე რღვევა რომ აქვს დაწყებული. სავარაუდოდ, თავის დივანზე ფიქრობს და ნატრობს, ამის მსგავსი ჰქონდეს. 
 ან შესაძლოა სხვენში დაგდებულ გვამზე ფიქრობს. 
 - კარგი, მოდი, კიდევ ერთხელ გავიაროთ, - პოლიციელი სიტყვებს ნიუიორკულად წელავს. სახელიც მითხრა, მაგრამ თავიდან ამომივარდა. პოლიციის ოფიცრები ღია წითელ სამკერდე ნიშნებს უნდა ატარებდნენ, აბა, ამისთანა დაძაბულ ვითარებაში მათ სახელებს სხვაგვარად როგორ დაიმახსოვრებთ? მგონი, დეტექტივია, - ცხედარი როდის იპოვეთ? 
 პასუხს მაშინვე არ ვაძლევ, იმაზე ვფიქრობ, ადვოკატის მოსათხოვად ახლა შესაფერისი დრო თუ არის. თვითონ არ უნდა შემომთავაზონ? ამისთანა რამეებში ცუდად ვერკვევი. 
 - დაახლოებით ერთი საათის წინ, - ვპასუხობ. 
 - საერთოდ რატომ ახვედით ზევით? 
 ტუჩებს ერთმანეთს ვაჭერ. 
 - გითხარით... ხმაური გავიგონე... 
 - და... 
 ოფიცერი წინ იხრება, თვალებს ფართოდ ახელს. ნიკაპზე წვერი უხეშად ამოზრდია, თითქოს ამ დილით გაპარსვა დაავიწყდა. ენა ოდნავ აქვს გამოყოფილი. სულელი არა ვარ, კარგად ვიცი, რაც სურს, რომ ვთქვა. 
 „ეს მე ჩავიდინე. დამნაშავე ვარ. დამაპატიმრეთ“. 
 ამის მაგივრად უკან ვიხრები და დივნის საზურგეს ვეყრდნობი. 
 - სულ ეს არის. მეტი არაფერი ვიცი. 
 დეტექტივი იმედგაცრუებულ სახეს იღებს. ყბას ამოძრავებს და თან სახლში აღმოჩენილ სამხილებზე ფიქრობს. საკუთარ თავს ეკითხება, ეს საკმარისია თუ არა ჩემთვის ხელბორკილის დასადებად. არ არის დარწმუნებული. დარწმუნებული რომ იყოს, უკვე დადებული მექნებოდა. 
 - ეი, კონორს! 
 კიდევ ერთი ოფიცრის ხმაა. 
 ერთმანეთს თვალს ვწყვეტთ და კიბისკენ ვიხედები. იქ უფრო ახალგაზრდა პოლიციელი დგას, გრძელ თითებს მოაჯირს უჭერს. უნაოჭო სახეზე ფერი არ ადევს. 
 - კონორს, - ამბობს ახალგაზრდა ოფიცერი, - ახლავე უნდა ამოხვიდე. უნდა ნახო, რაც აქ ხდება, - ქვედა საფეხურიდანაც კი ვხედავ, ადამის ვაშლი როგორ აუდ-ჩაუდის, - არ დაიჯერებ.