1 წიგნის მაღაზიაში შემოდიხარ და ხელით კარს იჭერ, რომ არ მიჯახუნდეს. იღიმები, რადგან შენი კარგი გოგოობის თავადვე გერიდება. ფრჩხილებზე ლაქი არ გისვია და ვერაფრით ვხვდები, სამკუთხედგულიანი ქვიშისფერი სვიტრის ქვეშ ლიფი გაცვია თუ არა, მგონი არა. იმდენად სუფთა ხარ, რომ ბინძური ხარ. ხმადაბლა მესალმები, არადა, ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ გვერდს მივლის, შენ – არა. ფართხუნა ვარდისფერ შარვალში გამოწყობილი „შარლოტის ქსელის“ ვარდისფერ თითისტარს მაგონებ. და საერთოდ, საიდან მოხვედი?
კლასიკური და კომპაქტური ხარ, ჩემი პირადი პატარა ნატალი პორტმანი, დაახლოებით იმ ფილმის მიწურულიდან, რომელსაც „უფრო ახლოს“ ჰქვია და რომელშიც ქორფა გოგონა ცუდ ბრიტანელ ბიჭებთან ურთიერთობას დაასრულებს და შინ, ამერიკაში ბრუნდება. შენ ჩემთან მოხვედი, როგორც იქნა, ჩამოხვედი, სამშაბათს, დილის 10:06-ზე. ჩემს სამყაროში დაიბადე და ახლა „ატივანს“ ჩავყლაპავდი, მაგრამ ქვემოთ სართულზე მაქვს და თან „ატივანი“ არ მინდა. დაბლა ჩასვლა არ მინდა. მინდა აქ ვიყო და არსად სხვაგან, მინდა ვუყურო, როგორ იკვნეტ შეუღებავ ფრჩხილებს და თავს მარცხნივ ატრიალებ, ნეკს იკვნეტ და თვალებს აფართოებ, შემდეგ მარჯვნივ იხედები. არა, ბიოგრაფიები არ გაინტერესებს, სხვა მიმართულებას ირჩევ (მადლობა ღმერთს), მშვიდდები და მხატვრული ლიტერატურისკენ მიდიხარ.
ჰო.
უფლებას გაძლევ თაროებს შორის გაუჩინარდე – მხატვრული ლიტერატურა F–K – შენ სტანდარტული, დაუცველი ნიმფა არ ხარ, რომელიც ფოლკნერს ეძებს, მაგრამ არასდროს დაამთავრებს, არც არასდროს დაიწყებს; ფოლკნერს, რომელიც მისი საწოლის ტუმბაზე გაქვავდება და ჩაკირდება, წიგნებს რომ ჩაკირება შეეძლოს. ფოლკნერი მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ ერთი ღამის ურთიერთობები გაამართლონ, აი, ის, რაზეც იფიცებ, რომ არასოდეს გექნება. არა, შენ იმ გოგოებს არ ჰგავხარ. შენ ფოლკნერობანას არ თამაშობ, თან ჩაჩაჩული ჯინსი გაცვია და სტივენ კინგისთვის მეტისმეტი რუჯი გაქვს, ჰაიდი ჯულავიცისთვის მეტისმეტად არამოდური ხარ და აბა, რომელს შეიძენ? ხმამაღლა აცემინებ და წარმოვიდგენ, გათავების დროს რა ხმაზე წამოიყვირებ.
– ღმერთმა დაგლოცოს!
შენ, შე ატეხილო, ხითხითებ და პასუხად გამომძახებ:
– შენც, მეგობარო.
„მეგობარო“. აშკარად მეარშიყები და „ინსტაგრამერი“ ქინძი რომ ვიყო, F–K აბრას ფოტოს გადავუღებდი, რამე ფილტრს დავადებდი და დავაწერდი:
„F–K ყეს, ის არის, ვიპოვე“.
დამშვიდდი, ჯო. მაგათ მიმწოლი კაცები არ უყვართ. ღმერთს მადლობას ვუხდი მომხმარებლის გამოჩენისთვის. მის ადვილად გამოსაცნობ სელინჯერს სისტემა ვერ ატარებს – არასდროს არის ადვილი. ეს კაცი ოცდათექვსმეტი წლის იქნება და რა, „ფრანი და ზოის“ მხოლოდ ახლა კითხულობს? მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ. ამას არ კითხულობს, მხოლოდ კალათის სიღრმეში ჩალაგებული დენ ბრაუნების მისაჩქმალად სჭირდება. წიგნების მაღაზიაში მუშაობა საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ადამიანების უმრავლესობას საკუთარი თავი უქმნის უხერხულობას. პირველად დენ ბრაუნს ვიღებ, თითქოს საბავშვო პორნო იყოს და ვეუბნები, რომ „ფრანი და ზოი“ მაგარია. ის თავს მიქნევს და შენ ისევ F–K განყოფილებაში ხარ, რადგან თაროებს შორის კვლავ შენს ქვიშისფერ სვიტრს ვლანდავ. ხელს მაღლა თუ ასწევ, შენს შიშველ მუცელს დავინახავ, მაგრამ ასე არ იქცევი. წიგნს იღებ და გასასვლელთან ჯდები. იქნებ მთელი ღამე ასე, მჯდომარემ გაატარო. შესაძლოა ისე მოხდეს, როგორც ნატალი პორტმანის ფილმშია – „სადაც გულია“, ბილი ლეტსის წიგნის მუხანათურ ადაპტაციაში – ასეთი სისულელის ფონზე კარგიც კი გამოვიდა. და შუაღამეს გიპოვი. ოღონდ შენ ორსულად არ იქნები და არც მე ვიქნები ის მშვიდი კაცი ფილმიდან. შენკენ გადმოვიხრები და გეტყვი:
– უკაცრავად, მის, ვიკეტებით.
შენ ამომხედავ და გამიღიმებ:
– მე არ დავკეტილვარ. – ჩაისუნთქავ. – მე გახსნილი ვარ, მეგობარო.
– ისა, – სელინჯერ-ბრაუნი თავს მახსენებს. კიდევ აქ არის? ჰო, აქ ყოფილა. – ქვითარს მომცემთ?
– მაპატიეთ.
ქვითარს ხელიდან მართმევს. მას არ ვძულვარ. საკუთარი თავი სძულს. ადამიანები საკუთარი თავების სიძულვილს თუ მოერევიან, მომსახურების სფერო ბევრად გაუმჯობესდება.
– იცი რა, შვილო? თავი დიდი ვინმე ნუ გგონია. წიგნების მაღაზიაში მუშაობ, წიგნებს კი არ ბეჭდავ. წიგნებს არც წერ და კითხვა მაინც რომ გამოგდიოდეს, სავარაუდოდ, წიგნების მაღაზიაში არ იმუშავებდი. ამიტომ ეგ გამკიცხავი გამომეტყველება მოიშორე და სასიამოვნო დღე მისურვე.
ამ კაცს ჩემთვის რაც უნდა ეთქვა, მაინც დენ ბრაუნის არჩევის გამო დარცხვენილ მყიდველად დარჩებოდა. ახლა შენ გამოდიხარ, შენი პორტმანისეული ინტიმური ღიმილით და იმ ნაბოზვარის ყოველი სიტყვა გაგონილი გაქვს. მას უყურებ, ის კი მე მიყურებს და მიცდის.
– სასიამოვნო დღეს გისურვებთ, სერ, – ვუთხარი და იცის, რომ მართლა ვუსურვე და სძულს ის ფაქტი, რომ უცნობისგან ამ ბანალურ ფრაზას