ნაწილი I - ქალი და კაცი - 1. ქალი ადრეული სექტემბერია. ჯოდი ბრეტი სამზარეულოში სადილს ამზადებს. ბინის ღია დაგეგმარების წყალობით, სასადილო ოთახის აღმოსავლეთით გამავალი ფანჯრებიდან თავისუფლად ჩანს საღამოს შუქით ლურჯად შეფერილი ტბა და ცა. ჰორიზონტი - მკრთალად გავლებული მუქი ხაზი - ძალიან ახლოსაა, ლამის ხელით შეეხოს. ჯოდის მოსწონს ეს რკალი; მის გამო თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თითქოს წრის შუაგულშია. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ხიბლავს აქ, თავის ბუდეში, ოცდამეშვიდე სართულზე.
ორმოცდახუთი წლისა, ჯოდი თავს ისევ ახალგაზრდად გრძნობს; არ ნაღვლობს მომავალზე, ცხოვრობს იმ წუთით და გართულია ყოველდღიური საქმეებით. ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე, თვლის, რომ სულ ასე იცხოვრებს - იდეალურად არა, მაგრამ - მისაღებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმოდგენა არ აქვს, რომ ამჟამად ცხოვრების პიკშია, მისი ახალგაზრდული სიმტკიცე თანდათან სუსტდება, ტოდ ჯილბერტთან ოცდახუთწლიანი ქორწინება ნელ-ნელა ირღვევა, მისი შეხედულებები, თუ ვინ არის და როგორ უნდა იქცეოდეს, არც ისეთი მყარი და უცვლელი აღმოჩნდება, როგორიც ჰგონია, რადგან სულ რამდენიმე თვეც და, მკვლელად იქცევა.
თუ ჯოდის ამას ეტყვით, ცხადია, არ დაგიჯერებთ. მკვლელობა ერთი ჩვეულებრივი, უშინაარსო სიტყვაა მის ლექსიკონში, ახალი ამბების თემაა და ეხება უცნობ ადამიანებს, რომლებსაც არასდროს შეხვედრია, არც მომავალში შეხვდება. ოჯახური ძალადობის საკითხს ჯოდი დიდი ეჭვით უყურებს. ვერ ხვდება, როგორ შეიძლება ასეთ დონეზე ეჩხუბო ადამიანს, რომელიც შენ თვითონ აირჩიე სიყვარულისთვის. მიუხვედრელობას ფარული მიზეზები აქვს, მიუხედავად მისი ჩვევისა - სრულად აკონტროლოს საკუთარი თავი, ის არ არის იდეალისტი, სწამს, რომ არ არსებობს კეთილი ბოროტის გარეშე, თვითონ არ არის ჩხუბისთავი და არც სატყუარაზე წამოეგება იოლად.
მონადირე ჯიშის ოქროსფერი, აბრეშუმივით რბილბეწვიანი ძაღლი ჯოდის ფეხებთან მოკალათებულა, თვითონ კი ბოსტნეულს კუწავს საჭრელ დაფაზე. დროგამოშვებით, ნედლი სტაფილოს ნაჭერს უგდებს და ძაღლიც მაშინვე მხიარულად სანსლავს. ბოსტნეულით თამაში უკვე დიდი ხნის სადილისწინა რიტუალია, რომელსაც ჯოდი და მისი ძაღლი, ამ უკანასკნელის მოყვანის დღიდან, ხალისით ასრულებენ. მაშინ ეს ძაღლი პატარა ფუმფულა ლეკვი იყო, რომლის მოყვანა ჯოდიმ იმიტომ გადაწყვიტა, რომ როგორმე ჩაეცხრო ტოდის წადილი, მემკვიდრე ჰყოლოდა. როგორც ჩანს, 40 წელს მიკაკუნებამ გაუჩნდა ეს სურვილი. ჯოდიმ ძაღლს ფროიდი დაარქვა, რათა ეხალისა მის სახელგანთქმულ სეხნიაზე, იმ ქალთმოძულე კაცზე, რომლის პატივისცემასაც ასე აიძულებდნენ უნივერსიტეტში. ფროიდი გაზებს უშვებს, ფროიდი ნაგავს ჭამს, ფროიდი საკუთარ კუდს დასდევს. ძაღლი კი უსაზღვროდ გულკეთილი აღმოჩნდა და სრულებით არ ადარდებდა, გასართობ ობიექტად რომ იქცა.
ჯოდი პატივს სცემს საკუთარ თავს. ჯერ ერთი, ის მშვენიერია, გულის ფორმის სახითა და დიდრონი თვალებით. ამასთანავე გამხდარია და ბიჭური აღნაგობა აქვს. წითურში გადასული მუქი ფერის თმა აქვს, მბზინვარე, უკან გადაწეულს ატარებს. გარშემომყოფები ჯოდის მოცეკვავეს ამსგავსებენ: ასეთი მოხდენილი გოგონა, ასეთი გარეგნობით, მთელი ცხოვრება სარგებლობს. ეს არ ნიშნავს, რომ გარეგნობა ყველაფერია, მაგრამ ჯოდიმ იცის მისი ფასი.
ჯოდის პირველი თაყვანისმცემელი იყო მამა, რომელსაც უყვარდა ერთადერთი ქალიშვილის ქება, - არა მარტო ჭკვიანია, არამედ ბევრ სხვა გოგოს სჯობს სილამაზითო. მისტერ ბრეტს, პროფესიით ფარმაცევტს, მინესოტაში ძველმოდური აფთიაქი ჰქონდა მწვანე ტილოს ფარდულით და ჯოდიც იქ გაიზარდა, მამასთან. მისტერ ბრეტი ძველი სკოლის წარმომადგენელი იყო, უპირატესობას ისეთ რამეებს ანიჭებდა, რისი დათვლა და გაზომვაც შეეძლო, არ ენდობოდა უსაფუძვლო და არაპროგნოზირებად მოვლენებს. ადამიანთა უმრავლესობაში ეჭვი ეპარებოდა და დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი სხვაზე უკეთ იცოდა. ვინ იცის, როგორი გაიზრდებოდა ჯოდი, რომ არა დედამისი - სიცოცხლით სავსე ქალი, შეპყრობილი 50-60-იანი წლების მუსიკით, რომელსაც მთელი 70-80-იანი წლების განმავლობაში ასრულებდა. სიმსუბუქითა და ოპტიმიზმით სავსე მუსიკა მხიარული ტექსტებით იმ პრობლემებზე, რომლებსაც სერიოზულად ვერ აღიქვამდი, რაკი მათზე სიმღერა შეგეძლო, ჯოდის ცხოვრებაში შემოიჭრა და მისი ნაწილი გახდა; The Marias and Elizas(მუსიკალური ჯგუფი.) არასდროს აღმოჩენილან საფრთხეში, რადგან მათი შემოქმედება მხიარული სტვენა, საუკეთესო მომენტების გახსენება, მშვენიერი განწყობის შექმნა და საღამოების მოჯადოება იყო. ჯოდი და დედამისი იულ ბრინერთან და მარნი ნიქსონთან, გორდონ მაკრეისა და შირლი ჯოუნზთან, ჯული ენდრიუსსა და დიკ ვან დაიკთან(50-იანი წლების პოპულარული ამერიკელი არტისტები.) ერთად მღეროდნენ. და ჯოდიმ ცხოვრებას შეხედა როგორც დიდ ავანტიურას, სადაც ადგილი აღარ დარჩა მამამისის მოსაწყენი სიფრთხილისა და ეჭვიანობისთვის.
უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რომ დადგა და ჯოდიმ ფსიქოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა, - ოჯახს არ გაკვირვებია. შვიდი წლის ასაკიდან სახლში „ფსიქოთერაპევტის“ სახელი გაითქვა, რადგან ერთადერთი იყო, ვისაც უმცროსი ძმის დამშვიდება შეეძლო. რაიანი საკმაოდ პრობლემური ბავშვი იყო - კოშმარებითა