ავტორისაგან
წიგნს ბოლოში ორი თარიღი აქვს: 1996 და 2021. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ მართლა ასეთი ოცდახუთწლიანი შუალედითაა დაწერილი ეს ტექსტი. როდესაც მასზე მუშაობას შევუდექი, უშუქობის, სიცივისა და გაჭირვების პერიოდი იდგა, საავადმყოფოში ვიწექი და საიდანღაც შეყრილ ბოტკინს ვმკურნალობდი. ალბათ შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ არა პოეტობა, არა მოთხრობების თხზვა ან რამე მსგავსი ლიტერატურული საქმიანობა, არამედ მხოლოდ მეზღაპრეობა თუ დამეხმარებოდა იმ მძიმე მომენტში. ახალგაზრდა ვიყავი და არც შვილები მყავდა, მაგრამ მყავდა პატარა დისშვილები - ნათია და თათია კვირკველიები, რომლებიც პროტოტიპებად ავირჩიე ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე. ზღაპრის კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი - ჩანიც - რეალურია, მართლა ეს სახელი ერქვა გოგონების მაშინდელ საყვარელ ძაღლს. ჩემმა ფანტაზიამ ამ სამეულს სასაცილო ნაჭრის თოჯინა ელენეც დაამატა და იმ წელს მათი გრძელი და საკვირველი გზა აღვწერე სახლიდან შაქარყინულსასახლემდე. და სასახლემდე მივაღწიე თუ არა, მაშინვე დავმუხრუჭდი, გამიჭირდა გაგრძელება, ვეღარ მივხვდი, მერე რა და როგორ უნდა მომხდარიყო. ვეწვალე რამდენიმეჯერ, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ამიტომ თანდათან დავიწყებას მიეცა ეს ტექსტი. მაგრამ წელს, არქივში ქექვისას, კვლავ რომ გადავეყარე ამ ხელნაწერს, გულმა მიგრძნო, რომ მოვიდა დრო, ამ დაუმთავრებელი ზღაპრისთვის მიმეხედა. და დავიწყე მეც დაწერილის გადაკითხვა-აკრეფა-ჩასწორება და ამასობაში შემდგომი სცენები და პერსონაჟებიც დაიხატა გონებაში - თუმცა კი ბუნდოვნად, მაგრამ საკმარისი იყო ეს მუშაობის გასაგრძელებლად, ნათიას, თათიას, ჩანისა და ელენეს შაქარყინულსასახლეში შესაყვანად. და მართლაც, გადააბიჯეს თუ არა მათ სასახლის ზღურბლს, ამის შემდეგ სულ რაღაც ნახევარი წელი მეყო მათი თავგადასავლის ბოლომდე აღსაწერად, წიგნის დასასრულებლად.
არ გამოვა არ აღვნიშნო, რომ, როცა ჩემმა შვილებმა გაიგეს, რაზე ვმუშაობდი, თავადაც მოითხოვეს ტექსტში მოხვედრა. გული არ გავუტეხე და მამიდაშვილების ზღაპრის ფინალში ისინიც გამოვაჩინე.
ახალდამთავრებული წიგნი პირველად ვის ხელში უნდა ჩავარდნილიყო, თუ არა თავად ნათიასა და თათიასი და მეც მაშინვე გადავუგზავნე მათ „თავგადასავლის“ საბოლოო ვარიანტი. ამ ჩემი პირველი საბავშვო ნაწარმოების პირველი შემფასებელი კი ნათიას ხუთი წლის ნუცა გახდა, რომელსაც დედამ წაუკითხა მთელი ზღაპარი და ისიც დიდი ინტერესით ბოლომდე მიჰყვა თხრობას, თავის შთაბეჭდილებებსა და ემოციებს კი პერიოდულად მიზიარებდა.
აი, ესაა ამ ნაწარმოების შექმნისა და პირველი წაკითხვის მოკლე ისტორია.
თავად ზღაპარი კი თქვენ წინაა. ეგ გამოვიდა.