ბედნიერება. სწრაფი რომანი კარლომ თვალები დახუჭა. მერე ისევ გაახილა. მერე ისევ დახუჭა. მერე ისევ გაახილა. ძალიან ღელავდა. ადგა, ოთახის კუთხეში დადებულ პარკთან მივიდა, მოკიდა ხელი, საწოლთან მიიტანა, ჩამოჯდა, გახსნა, ხელი ჩაყო და ერთი პატარა, პინგ-პონგის ბურთზე ოდნავ დიდი ზომის ნაცრისფერი ბურთულა ამოიღო. ლამფა ჩართო და მის შუქზე კარგად დაათვალიერა. უკვე მერამდენედ ათვალიერებდა. რაღა უნდა შეემჩნია ახალი, მაგრამ ვერ ისვენებდა. ხვალ-ზეგ მეტად უცნაური დავალება ჰქონდა შესასრულებელი და ეს აფორიაქებდა, ძილს უკარგავდა, მშფოთვარე ფიქრებში ხვევდა. ძალიან ჩვეულებრივი ბურთულა იყო, არაფერი ეტყობოდა გამორჩეულობის. დააგდო საწოლზე, ხოლო პარკი დააპირქვავა და ისეთივე ბურთულები გადმოცვივდა იქიდან, მიმოიბნა მის სარეცელზე. ჩაყო ხელი გროვაში და მოურია. მერე ხან ერთი აიღო და შეხედა, ხან მეორე, აბსოლუტურად ერთნაირი იყო ყველა. „რას უპირებენ ამ ხალხს სინამდვილეში, ნეტა მაცოდინა“ – გაიფიქრა. „იქნებ მატყუებენ და უბედურების მომტანია ეს ბურთულები და არა ბედნიერების, როგორც მეუბნებიან… იქნებ საშინელ დანაშაულს ვჩადი?“ თავი გადააქნია, ბურთულების გვერდით მიწვა და ისევ დახუჭა თვალები. „სავარაუდოდ, თამაშია რაღაც და მეტი არაფერი. ვიღაც ერთობა სულელურად“. ჰო, ყველაზე მეტად მაინც ამ ვერსიის სჯეროდა კარლოს და არა რაღაც ზებუნებრივის. თუმცა კი ძალიან უნდოდა, ერთ-ერთი მათგანი გაეჭრა და ენახა, რა ხდებოდა ამ ბურთულების შიგნით. მაგრამ ეშინოდა მაინც ამის გაკეთების და არც შეთანხმების დარღვევა სურდა. ასე ფულსაც დაკარგავდა და შეიძლებოდა ყოფაც ეტირათ მისთვის იმათ, ვინც საქმის გაკეთება დაავალა. სული კი უკაწკაწებდა, მაგრამ მაინც ვერ იზამდა ამას… კარლომ ბურთულები მოაგროვა და მათი უკან, პარკში ჩაყრა დაიწყო. ხოლო ციცომ გაჩერების სკამზე ჩამოდებულ სავსე პარკს დაავლო ხელი, ყვავილებით მოხატული ჩითის კაბა გაისწორა და ავტობუსში ხვნეშით აბობღდა. ნახევარი კილო ხორცი, კარტოფილი, პური და მწვანილი მიჰქონდა სახლში. ერთ საათში ქმარი დაბრუნდებოდა ქარხნიდან დაღლილი და მშიერი. თვითონ საცხობში მუშაობდა. იაფიან ლობიანებს, ხაჭაპურებს და ღვეზელებს აცხობდა ქუჩაში გამვლელთათვის. ზაფხულში ძალიან უჭირდა. მოფახფახებული ვენტილატორი გავარვარებულ სამზარეულოს ვერ ერეოდა და გაუთავებლად სული ეხუთებოდა. ყოველდღე თავისივე გამომცხვარი ცომეულით სადილობდა და ეს ტანზეც დასტყობოდა. სახლშიც მიჰქონდა მუდამ საკუთარი ნახლაფორთალი და მეუღლეს ანაყრებდა. იოლად გამოდიოდნენ ასე, მაგრამ ჰბეზრდებოდა მერე ანზორს ეს საძაგელი კულინარიული ერთფეროვნება და ცოფების ყრას იწყებდა. გუშინაც იგივე მოხდა: შეუღრინა, ხვალ შენი ლობიანები თვალით არ დამანახო, თორემ ფანჯრიდან მოვისვრიო. ამიტომაც იყო, საცხობიდან გამოსულმა ხორციანი კერძის მომზადება რომ გადაწყვიტა და მაღაზიაში შეიარა. იდგა ახლა ბოძს ჩაფრენილი, პლასტმასის მარაოს გამეტებით აშხუილებდა და ღრმად სუნთქავდა. მის წინ გოგო იჯდა ბარძაყებს ზემოთ შემოტკეცილ, ვიწრო შორტებში და ძუძუებთან გადაჭრილი ზედათი. ძალიან არ უყვარდა, როცა ახალგაზრდები ასე ურცხვად იცვამდნენ, როცა მთელ გაყოლებაზე უჩანდათ ფეხები, როცა ჭიპები უპაჭუნებდათ და როცა ზურგი თითქმის მთლიანად ჰქონდათ სააშკარაოზე გამოტანილი. მწველი სიცხე მისი აზრით ასეთ საქციელს არანაირად არ ამართლებდა. უყურებდა ახლაც და, ისედაც ბევრ რამეზე გაღიზიანებული და სულმთლად გასავათებული, თანდათან ბრაზდებოდა. და მისდა უნებურად, ამ ბრაზმა უცებ ამოხეთქა: თვალები დაუბრიალა თანამგზავრს და ეს რანაირად გაცვიაო, შეუტია. თავის ფიქრებში წასულმა გოგონამ დაბნეულმა შეხედა, ციცომ კი მიაყარა: სულ დაკარგეთ ნამუსიო, გაფუჭებულები ხართო, ვის გაუგონია ქუჩაში ასე სიარულიო, პატრონი არა გყავთო? წამოიპლაკებით ტიტლიკანები და იმის ზრდილობაც არა გაქვთ, უფროსს ადგილი დაუთმოთო… გოგონა გაფართოებული თვალებით შესცქეროდა და ხმას არ იღებდა, მაგრამ მგზავრებიდან რამდენიმე გამოესარჩლა. რას ერჩით ქალბატონო, ზაფხულია და თხლად აცვია, ჩვეულებრივადო – ერთმა. მეორემ უფრო მკაცრად – რა თქვენი საქმეა, ვის როგორ აცვია, რამდენს ბედავთო, მესამემ საერთოდაც უყვირა – ენა ჩაიგდე ბებერო კრეტინოო! ციცო თავისას აგრძელებდა, ასე სწრაფად ვერაფერი დააშოშმინებდა, მაგრამ ძალიან რომ დააცხრნენ თავს, ხმა ჩაიკმინდა ნელ-ნელა, თავისთვის ჩუმად განაგრძო უკმაყოფილოდ ბურტყუნი. ავტობუსში უკვე ალმაცერად უყურებდა ყველა, გამკილავი მზერით. იმ გოგომაც აღარ მოისურვა ამდგარიყო და ადგილი დაეთმო გამლანძღველისთვის. და ამასობაში მისმა ჩასვლის დრომაც მოაწია, რადგან სულ სამი გაჩერება ჰქონდა გასავლელი. მარაო დაკეცა, პარკი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და ქოშინით წავიდა ღია კარისკენ. მოულოდნელად, გოგონაც წამოდგა. შეცბუნებული შეჰყურებდა ჩითისკაბიან ანჩხლ ქალს. დაელოდა მის ჩასვლას და მერე მიჰყვა უკან. ტროტუარზე შემდგარმა ციცომ გაკვირვებით გახედა. მისგან ორიოდე მეტრის მოშორებით აწურულიყო. სახეზე ზიზღი გამოეხატა ერთხელაც, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, სახლისკენ დაიძრა. გოგონამ ცოტა ხანი მოიცადა და მერე ისიც იმავე მიმართულებით წავიდა. ასე მიემართებოდნენ ერთი და იმავე