რამ დაგაბერა პოეტო რამ დაგაბერა პოეტო,
სიტყვა რათ გაგიფარჩაკდა,
მის ცეცხლს ნავთს რატო ვერ ასხამ
და ეგ ხანძარი რათ ჩაქრა.
რამ დაგაბერა პოეტო,
რატო ვეღარ სხლავ რიტმასო,
რათ ვერ ახერხებ, ფიქრები
სტროფებად შემოიტმასნო.
რამ დაგაბერა პოეტო,
რად დაგიბლაგვდა ვერლიბრიც,
რათ მოგეჩვენა უცებ რო
მაგ ხანჯლით უკვე ვერ იბრძვი.
რამ დაგაბერა პოეტო,
ცაში რათ აღარ ფრინაო,
რათ დაიმკვიდრე ბანკებსა
და კანტორებში ბინაო.
რამ დაგაბერა პოეტო,
ლექსში რატო ვერ აჩმახებ,
რათ არ ამოსდის გმინვა მას,
ვის გულსაც მაგ ლექსს აჯახებ.
რამ დაგაბერა პოეტო,
ჯიგარი რამ დაგიკარგა,
რათ აღარა გაქ განცდა რო
შენმა ნათქვამმა იკარგა.
რამ დაგაბერა პოეტო,
რათ გაგივიდა ყავლიო,
რათ ვეღარ ჰქაჩავ თვარაძის
ნაჩუქარ ჩიბუხ-ყალიონს.
რამ დაგაბერა პოეტო,
რატო ჩაჯექი სახშიო,
რათ მოიწყინე უნიჭოდ,
ასე უცებ რათ ჩახშიო.