1 უკაცრიელი ტრიალი, სისხლისფერი ცა და მწუხრით ჩამდგარი სოფელი — გასაჭირი ზამთართან ერთად რომ მოსდგომოდა...
ჩამავალი მზე ნელ-ნელა სოფლის მთავარ გზასთან თმობდა წყვდიადს, მაგრამ აკეს სასაკლაოდ გადაქცეული ქუჩის დანახვა მაინც არ უჭირდა. დამწვარ-დასახიჩრებული გვამები გზაზე ხალიჩასავით გაფენილიყო, რაც აკესა და მის თანმხლებს ნაბიჯს უძნელებდა.
— დამწვარი ირმის სუნი მარტო მე მცემს? — იკითხა აკემ და თავის სიმაღლესთან შესაფერისი სიმსუბუქით გადაახტა გვამების გროვას.
— ხანდახან მგონია, რომ არასწორ მხარეს ვიბრძვი, შენნაირ შლეგთან ერთად რომ მიწევს დავალების შესრულება, — მიაძახა ბარდმა და გიგანტური ფეხით გზიდან მორიგი გვამი ჩამოიცილა, პირზე ჩუმად აიფარა მოსასხამის კალთა და ოდნავ დარცხვენილმა, ხარბად გადაყლაპა ნერწყვი.
აკეს მოძრაობაშიც არ გამოჰპარვია თანამებრძოლის მოქმედება და სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა. ქუჩის განახევრების შემდეგ, შესვენება და ბარდის დალოდება გადაწყვიტა. ერთი გვამი მეორეზე გულგრილად გადმოაგორა და სულის მოსათქმელად ზედვე ჩამოჯდა. ბარდის წამოწევამდე, მზის ბოლო სხივებს დახარბებული, არემარეს დაზვერვასა და დაკვირვებას შეუდგა, და როდესაც ზორბა ჯარისკაცმა მასა და აკეს შორის ჩახერგილი გვამების ბოლო წინაღობაც მიმოფანტა, ბიჭს უკვე მოფიქრებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა.
— ღამეს იქ გავათევთ, — თითი ნახევრად გაშავებული სახლისკენ გაიშვირა, — არ მგონია, ნერველებს აქ რამე კიდევ ჰქონდეთ დარჩენილი, დაუპატიჟებელი სტუმრები კი კარიბჭესთანვე შეჩერდებიან, გვამებთან, და გვერდს აგვივლიან.
ბარდმა თავი დაუკრა და თვალი იმ უსიცოცხლო სხეულებს შეავლო, აკე რომ ჩამომჯდარიყო. მეორე წამს კი აკეს არაფრისმთქმელ მწვანე თვალებს ოხვრანარევი მზერა მოარიდა და დროებითი თავშესაფრისკენ განაგრძო გზის გაკვლევა.