ნიუტი ბიჭის მშობლების დახოცვის დღეს თოვდა. უბედური შემთხვევააო, იტყვიან მოგვიანებით. თუმცა, ამ ამბის თვითმხილველმა ბიჭმა იცოდა, რომ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა.
თოვა მანამდე დაიწყო, სანამ ამას ჩაიდენდნენ. ტყვიისფერი ციდან ცივი და თეთრი ფიფქები ავის მომასწავებლად ცვიოდა.
ახსოვდა, თუ რაოდენ დამაბნეველი იყო ეს. თვეს თვე მისდევდა, წელს – წელი. ქალაქში გაბატონებული გამთანგველი ცხელი დღეების უსასრულო მწკრივი შიმშილს, ტკივილსა და მხურვალე ჰაერს შეევსო. მისი ოჯახი გადარჩა. იმედისმომცემ დილას შუადღე ცვლიდა, რომელიც საკვების ძიებაში გადიოდა; ამ დროს ხელჩართული ჩხუბები და საშიში ხმიანობა იშვიათობა არ იყო. გრძელი და ცხელი დღის ბოლოს, საღამოს პირს, ბიჭი ოჯახთან ერთად იჯდა და ცაზე მზის უკანასკნელი სხივის მიმალვას უმზერდა, სამყარო მის თვალწინ თანდათან უჩინარდებოდა. "ნეტავ განთიადისას კვლავ გამოჩნდება? – ფიქრობდა ბიჭი. ხანდახან გიჟები მოდიოდნენ. მათთვის დღე და ღამე სულერთი იყო. ოჯახი – არც დედა, არც მამა და, რასაკვირველია, არც თავად ბიჭი – მათზე არ ლაპარაკობდა. ისეთი შეგრძნება დაუფლებოდათ, თითქოს გიჟების არსებობის ხმამაღლა აღიარება მათ ისევე გამოიხმობდა, როგორც მაგიური შელოცვა – ბოროტ სულებს. მხოლოდ ლიზის, ძმაზე ორი წლით უმცროსს, თუმცა მასზე ორჯერ მეტად გულადს, ჰყოფნიდა სიმამაცე, რომ გიჟებზე ხმამაღლა ელაპარაკა; თითქოს, ერთადერთს, მას არ ჰქონდა ეს ცრურწმენა.
არადა, ლიზი ჯერ სულ ბალღი იყო.
ბიჭმა იცოდა, რომ სიმამაცე მას უფრო მართებდა. უმცროსი დაიკო სწორედ მას უნდა დაემშვიდებინა: "ნუ გეშინია, ლიზი, სარდაფის კარ-ფანჯარა საგულდაგულოდ ჩარაზულია. შუქი ჩამქრალია. ჩვენს აქ ყოფნას ცუდი ხალხი ვერც კი გაიგებს". თუმცა, როცა კი რამის თქმას დააპირებდა, მეტყველების უნარი ერთმეოდა. ამის ნაცვლად, დას გულში მაგრად ჩაიკრავდა და ხელებს ისე ძლიერ შემოხვევდა, თითქოს ლიზი მისი კუთვნილი პლუშის დათუნია ყოფილიყო. ყოველი ჩახუტებისას ლიზი ძმას ზურგზე ეფერებოდა. ვაჟს და სიგიჟემდე უყვარდა. ყოველთვის, როცა გოგონას მკლავებში იქცევდა, გულში იფიცებდა, გიჟებს არასოდეს მივცემ უფლებას, მას რამე დაუშავონო. ამასთან, ერთი სული ჰქონდა, როდის იგრძნობდა ლიზის ნაზი ხელების მოფერებას ზურგზე. ხშირად მათ ასე, ჩახუტებულებსა და მოკუნტულებს, სარდაფის ერთ-ერთ კუთხეში ეძინებოდათ ძველისძველ ლეიბზე, რომელიც მამას მაღლიდან კიბით ჩამოეთრია. მიუხედავად აუტანელი სიცხისა, დედა მათ საბანს მაინც აფარებდა. მზეზე აფეთქებებისადმი, რომელსაც დედამიწა გაეპარტახებინა, ქალი დაუმორჩილებლობას ამგვარად გამოხატავდა.
იმ დილით, მათ რაღაც გასაოცარი სანახაობა ელოდათ.
– ბავშვებო! – გაისმა დედის ხმა.
სიზმარს ხედავდა, რაღაცას, ფეხბურთის მატჩზე. დაცარიელებულ სტადიონზე ბურთმა მწვანე მოედანს გადაუქროლა და კარისკენ გაფრინდა.
– ბავშვებო! გაიღვიძეთ! მოდით, ეს ნახეთ!
თვალები გაახილა. დედა სარდაფის ერთადერთ სარკმელში იცქირებოდა. ის ფიცარი კი, რომელსაც მამა ტრადიციულად საღამოობით სარკმელს აჭედებდა, უკვე მოეხსნა. დედას თვალებში აღტაცება და მოკრძალებული შიში ჩასდგომოდა. სახეზე მკრთალი ნაცრისფერი სხივი ეფინა, ღიმილი კი, რომელიც ქალს სახეს კიდევ უფრო მეტად უნათებდა, ბიჭუნას ძალზე დიდი ხნის წინ ენახა.
– რა ხდება? – ჩაიდუდუნა, ფეხზე წამოდგა და სარკმელთან მდგარი დედისაკენ გაეშურა. ლიზიმ თვალები მოიფშვნიტა, დაამთქნარა და ძმას მიჰყვა.
იმ ეპიზოდიდან ბიჭს რამდენიმე რაღაც დაამახსოვრდა: სარკმელში გახედვა, დღის შუქთან შესაგუებლად თვალების მოჭუტვა და მამის ცხოველური ხვრინვის ხმა. ქუჩაში გიჟები არ ჩანდნენ. ცა ღრუბლებს დაეფარა – იმ დროებაში ეს დიდი იშვიათობა გახლდათ. თეთრი ფანტელების დანახვაზე ბიჭი გაშეშდა. რუხ ტატნობს ფიფქები ცეკვა-ცეკვით სწყდებოდნენ. თითქოს სიმძიმის ძალას ეწინააღმდეგებიანო, ფანტელები ჯერ მაღლა იჭრებოდნენ, ბზრიალებდნენ და ბოლოს მიწაზე ფარფატით ეშვებოდნენ.
თოვლი.
თოვლი!
– ეს რაღა ჯანდაბაა? – ჩაიდუდუნა ბიჭმა მამისგან გაგონილი ფრაზა.
– დედიკო, როგორ შეიძლება ახლა თოვდეს? – იკითხა გამოფხიზლებულმა და თვალებგაბრწყინებულმა ლიზიმ. დის შემხედვარე ბიჭს მკერდში გული შეეკუმშა. ლიზის ნაწნავში ხელი ჩაავლო და ნაზად ჩამოქაჩა. მერე კი გაიფიქრა, – იმედია, იცის ამ საწყალობელ ცხოვრებას როგორ მიხალისებსო.
– ოჰ, ხომ იცით, ხალხი რასაც ამბობს?! მზეზე აფეთქებების წყალობით, მთელ სამყაროში, კლიმატი აირია, – მიუგო დედამ, – მოდით, უბრალოდ, ვისიამოვნოთ, კარგი? ეს განსაცვიფრებელია. თქვენ რას იტყვით?
ლიზიმ, პასუხად, სიხარულით ამოიოხრა.
ბიჭი თოვას უცქერდა და გულში ფიქრობდა, ნეტავ მსგავსი პეიზაჟის ნახვის შესაძლებლობა კიდევ თუ მიეცემოდა. ფანტელები ტროტუართან შეხებისთანავე დნებოდქა. სარკმლის შუშა დაცვარულიყო.
დედა და შვილები გარე სამყაროს სარდაფიდან აკვირდებოდნენ, ამ დროს, უეცრად, საკრმლის ზედა კუთხეში ლანდი გაკრთა. ბიჭმა კისერი დაიგრძელა, სურდა, თვალი მოეკრა, ვინ ან რა იყო, მაგრამ დააგვიანდა. სულ რაღაც წამებში, მაღლიდან, შემოსასვლელ კართან მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა.