თავი 1
დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ვატერლოოს სადგურზე შვიდი წლისამ ვნახე. ისევ მაღალი, ფერმკრთალი და სულისშემძვრელად ლამაზი იყო. ძველებურად საშიში აურა ჰქონდა. სუნთქვა შემეკრა. ვარცხნილობა შეეცვალა, მაგრამ თვალებიდან ისევ კარგად ნაცნობ, ამოუხსნელად მიმზიდველ შავბნელ ენერგიას ასხივებდა. ძლიერი, მკაფიო მოხაზულობის ყბა და თლილი ტუჩები ჰქონდა, მკაცრად ქვემოთ დაშვებული კუთხეებით.
ჯინსის შარვალზე თეთრი მაისური და ბაიკერის შავი, ტყავის გახსნილი ქურთუკი ეცვა. მარჯვენა ხელში მოტოციკლის ჩაფხუტი ეჭირა. თავი სწრაფად მოვატრიალე, რადგან შევამჩნიე, მაგიდებს შორის თვალებით ვიღაცას ეძებდა; ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია. ჩემ წინ ხელსახოცების ყუთს ჩავაჩერდი და ვინატრე, სადმე სხვაგან, ამ კაფედან რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი.
მის დანახვაზე კანკალმა ამიტანა. მივხვდი, რომ სრულიად გადამვიწყებოდა მისი არსებობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ის ბოლო, დედაჩემის მკვლელობის საზარელი კადრიც კი.
ახლა აი, აქ არის, ჩემ წინ – ვამპირი, ერთადერთი არსება, რომლისაც ბოლო ათი წლის მანძილზე ამქვეყნად ყველაზე მეტად მეშინოდა და თან ყველაზე მეტად მიზიდავდა. ვერ ვხვდებოდი, ასეთ ემოციას რატომ იწვევდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს გრძნობა სათავეს სულის სიღრმეში იღებდა. რაღაც ცხოველური ინსტინქტი მთელი ძალით ჩამკიოდა – „საფრთხეში ხარ!“ და ჩემს დამძიმებულ კიდურებს ემუდარებოდა, უკანმოუხედავად გაქცეულიყო.
უკვე ასადგომად ვიწევდი, რომ დავინახე ანა, რომელმაც დახლიდან დაპირებული კაპუჩინოები აიღო და ლანგრით ხელში ჩემკენ შემობრუნდა. ანა! სიჩქარეში სულ დამავიწყდა მისი აქ ყოფნა. „ანაც უნდა მოვაშორო აქაურობას, – გავიფიქრე, – დაურეკავს თავის შეყვარებულს და სადმე სხვაგან შეხვდება“.
მაგრამ, როგორც კი ვამპირი დაინახა, ანას თვალები გაუნათდა და თბილად გაიღიმა.
„ოჰ, არა...“ – გავიფიქრე და მუცელში რაღაც ჩამწყდა.
ნელა მივეყრდენი სკამის საზურგეს. ყველაფერი ცხადი გახდა. ვამპირების გამოძახების ანასეულ ცერემონიებს შედეგი გამოუღია, მისი ღამეული „ლოცვები“ შეუსმენიათ.
ანა სწრაფი ნაბიჯით გაემართა ვამპირისკენ, ლანგარი დადო, მის თავისუფალ ხელს ხელი ჩასჭიდა და ვნებიანად, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ტუჩებში აკოცა. თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა – ნეტავ, ოდნავ მაინც თუ ეეჭვობს, ეს ბიჭი სინამდვილეში ვინ არის?
მერე შეძრწუნებული, გულისფანცქალით ვადევნებდი თვალს, როგორ ჩასჩურჩულა ანამ ყურში რაღაც და ჩემზე ანიშნა.
სხვა არაფერი დამრჩენოდა – ძალისძალად გავიღიმე. როცა ერთმანეთს შევხედეთ, შიშით ამაკანკალა.
თითქოს მიცნოო, წამიერად თვალები მოულოდნელობისგან გაუფართოვდა, მაგრამ უმალ ისეთი წარმატებით დამალა ემოცია, რომ ვიფიქრე, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი.
შემდეგ ორივენი ჩემკენ გამოემართნენ. თითქოს დრო გაჩერდა.
დამშვიდება და თანაბრად სუნთქვა ვცადე. თავს ძალა დავატანე, რომ ტვინში ატეხილი განგაში როგორმე ჩამეხშო: რა მოხდება, თუ მიცნო? საშიშია! წადი აქედან! წადი! მაგრამ გასაქცევი გზა მოჭრილი იყო.
„შენ ეს შეგიძლია, დეა. შენ ძლიერი ხარ“, – შევუძახე თავს პანიკის დასაძლევად. ყურებში ლამის უკვე გველების სისინი ჩამესმოდა.
– დეა, ეს სტიუარტია, – გამომიცხადა ანამ მაგიდასთან მოახლოებისთანავე და აციმციმებული თვალებით ჯერ ერთს შემოგვხედა, მერე მეორეს.
სტიუარტი. აჰა, როგორც იქნა, გავიგე მისი სახელი. ავდექი და თავაზიანად გავუწოდე ხელი. მთელი ძალით ვცდილობდი, კანკალი არ შემტყობოდა და სახეზე ღიმილი შემენარჩუნებინა.
– გამარჯობა... სტიუარტ.
ხელი ჩამომართვა და ნაცნობი შეხების შეგრძნებისგან მოგვრილმა თავზარმა ზურგზე ყინულივით დამიარა – გამახსენდა მისი ცივი სხეულის შეხება, როცა მხარი მომიშიშვლა და საკბენად დაიხარა... თუმცა, ახლა ისე გამომელაპარაკა, თითქოს ჩემი ეს რეაქცია არც კი შეუმჩნევია.
– როგორც იქნა, გაგიცანი, დეა, ძალიან სასიამოვნოა. შენზე ბევრი მსმენია, – მითხრა და მისმა კულტურულმა მეტყველებამ მიმახვედრა, რომ მაღალ სოციალურ კლასს მიეკუთვნებოდა.
ნერვიულად გავიცინე, უმწეოდ შევხედე ანას და გული კუთხეში მიმწყვდეული თაგვივით ამიფანცქალდა. მაგრამ ამაოდ – ანა მხოლოდ მას ხედავდა. თავის ახალ სიყვარულს.
– ოჰ, მართლა? და რა გითხრა ჩემზე? – ვკითხე და თავს ძალა დავატანე, რომ სტიუარტისთვის როგორმე ისევ შემეხედა. ჩემდა გასაოცრად, ყელიდან უფრო დამაჯერებელი ხმა ამომივიდა, ვიდრე ველოდი.
სხვა გზა არ იყო, თავი უნდა მომეკატუნებინა და საუბარი გამეგრძელებინა, სანამ გონებაში ამ საზარელი სიზმრიდან ჩემი და ანას დახსნის გეგმას არ დავსახავდი.
– ოჰ, ათასი რამ... – მითხრა ღიმილით და ანას ხელი შემოხვია – საოცრად ნაზი და თავდაჯერებული მოძრაობით, – მაგრამ, დამიჯერე, ცუდი არაფერი.
სამივემ გავიცინეთ. „ნეტავ ის თუ უთხრა, მისნაირების ამოცნობა რომ შემიძლია?“ – გავიფიქრე ამ დროს.
– მოდით, ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ,