წიგნი 1 -
მარსელების ჩამოსვლა
თავი 1 -
ომის წინადღეს
XIX საუკუნის მიწურულის ბოლო წლებში არავინ დაიჯერებდა, რომ ყველაფერს, რაც დედამიწაზე ხდება, ფხიზლად და ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ადამიანზე ბევრად განვითარებული არსებები, თუმცა, მათსავით მოკვდავები; რომ იმ დროს, როცა ადამიანები თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული, მათ იკვლევდნენ და სწავლობდნენ, შეიძლება ისევე გულდასმით, როგორც ადამიანი აკვირდება მიკროსკოპში ეფემერულ არსებებს, წყლის წვეთში რომ დაფუთფუთებენ და მრავლდებიან. უსაზღვროდ კმაყოფილი დაეხეტებოდნენ ისინი დედამიწის ზურგზე თავიანთი პატარა საქმეებით დაკავებულნი, დარწმუნებულნი თავიანთ ძალაუფლებაში მატერიაზე. შესაძლოა, ასევე იქცევა ინფუზორია მიკროსკოპის ქვეშ. არავის მოსდიოდა ფიქრად, რომ უფრო ძველი სამყაროები საფრთხეს წარმოადგენდა ადამიანთა მოდგმისათვის. თვით ფიქრიც კი, რომ მათზე რაიმე სახით შეიძლებოდა სიცოცხლე ყოფილიყო, აბსურდული და დაუჯერებელი ჩანდა. ღიმილის მომგვრელია იმ დროს გავრცელებული რამდენიმე შეხედულება. დიდი-დიდი, შეიძლებოდა გამოთქმულიყო აზრი, რომ მარსზე იქნებ ადამიანები ცხოვრობენ კიდეც, ალბათ, ნაკლებად განვითარებულები, ვიდრე ჩვენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მზადმყოფნი სტუმართმოყვრულად დახვედროდნენ დედამიწელებს, მათ განმანათლებლებს. ამ დროს კი სივრცის უსასრულო უფსკრულიდან ჩვენ გადმოგვცქეროდნენ შურით სავსე თვალები - არსებები მაღალგანვითარებული, ცივი, უგრძნობი ინტელექტით, ჩვენსას იმდენად რომ აღემატება, რამდენადაც ჩვენ აღვემატებით გადაშენებულ ცხოველებს და ნელა, მაგრამ გულმოდგინედ აწყობდნენ ჩვენს საწინააღმდეგო მზაკვრულ გეგმებს. და XX საუკუნის გარიჟრაჟზე ჩვენი ილუზიები გაიფანტა.
პლანეტა მარსი, საეჭვოა, მკითხველს ამის შეხსენება სჭირდებოდეს, მზის გარშემო დაახლოებით ას ორმოცი მილის მანძილზე ბრუნავს და მისგან ორჯერ მეტ სინათლესა და სითბოს იღებს, ვიდრე დედამიწა. თუ ნისლეულის შესახებ ჰიპოთეზა სიმართლეა, სიცოცხლე მის ზედაპირზე გაცილებით ადრე უნდა გაჩენილიყო, სანამ ჩვენი პლანეტის გალმღვალ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდი დასრულდებოდა. მისი მასა შვიდჯერ ნაკლებია დედამიწისაზე, ამიტომ ის გაცილებით სწრაფად უნდა გაცივებულიყო იმ ტემპერატურამდე, რომელზეც შეიძლებოდა სიცოცხლე წარმოშობილიყო. მარსზე არის ჰაერი, წყალი და ყველაფერი აუცილებელი სიცოცხლის განვითარებისათვის.
მაგრამ ადამიანი ისეთი პატივმოყვარეა და იმდენად დაბრმავებული პატივმოყვარეობით, XIX საუკუნის სულ ბოლომდე არც ერთ მწერალს არ გამოუთქვამს აზრი, რომ ამ პლანეტაზე შესაძლოა გონიერი ადამიანები ცხოვრობდნენ, იქნებ ადამიანზე მაღალგანვითარებულებიც კი. ასევე არავის უფიქრია, რომ ვინაიდან მარსი დედამიწაზე ხანდაზმულია, მისი ზედაპირი დედამიწის ზედაპირზე ოთხჯერ ნაკლებია და მზისგან უფრო შორს არის, სიცოცხლე მასზე არა მხოლოდ ბევრად ადრე დაიწყებოდა, არამედ უკვე დასასრულსაც მიუახლოვდებოდა.
გარდაუვალი გამყინვარება, რომელიც დედამიწაზეც ოდესმე აუცილებლად დაიწყება, ჩვენს მეზობელ პლანეტაზე უკვე დიდი ხანია მოხდა. თუმცა, მარსზე სასიცოცხლო პირობებზე ბევრი არაფერი ვიცით, ის კი ცნობილია, რომ მის ეკვატორულ სარტყელშიც დღის საშუალო ტემპერატურა უფრო მეტი არ არის, ვიდრე ჩვენთან ყველაზე ცივ ზამთარში. მისი ატმოსფერო დედამიწისაზე გაცილებით გაიშვიათებულია, ოკეანეები კი შემცირებული და პლანეტის მხოლოდ მესამედი უჭირავს. წლის დროების ნელი ბრუნვის გამო მის პოლუსებთან ყინულის უზარმაზარი მასები იყრის თავს და დადნობის შემდეგ პერიოდულად წყლით ფარავს მის ზომიერ ზონებს. პლანეტის გამოფიტვის უკანასკნელი სტადია, ჩვენგან ჯერ კიდევ უსასრულოდ შორს მყოფი, მარსის მცხოვრებთათვის საჭირბოროტო პრობლემად იქცა. გადაუდებელი აუცილებლობის წნეხში მოქცეული მათი გონება უფრო დაძაბულად მუშაობდა, ტექნიკა ვითარდებოდა, გულები ქვავდებოდა. და როცა იხედებოდნენ სამყაროს სივრცეში, ისეთი ინსტრუმენტებითა და ცოდნით აღჭურვილნი, რომელზეც ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია, მათგან არცთუ მაინცდამაინც შორს, სულ რაღაც ოცდათხუთმეტ მილიონ მილზე მზის მიმართულებით, ხედავდნენ იმედის ცისკრის ვარსკვლავს - ჩვენს თბილ პლანეტას, მწვანე მცენარეულობით სავსეს, წყლით განაცრისფრებულს, მის ნისლიან ატმოსფეროს, მჭევრმეტყველურ მოწმეს მისი ნაყოფიერებისა, - ხედავდნენ ღრუბლის ფარდის მიღმა მოციმციმე დედამიწას, დასახლებული მატერიკების უკიდეგანო სივრცეებითა და გემების ფლოტილიებით სავსე ზღვებით.
ადამიანები, დედამიწაზე მცხოვრებნი, მათ ისევე უცხოდ და არარაობად მოვეჩვენებოდით, როგორც ჩვენ გვეჩვენება მაიმუნები და ლემურები. ადამიანი გონებით აღიარებს, რომ ცხოვრება არსებობისათვის გამუდმებული ბრძოლაა და მარსზეც, როგორც ჩანს, ასე ფიქრობდნენ. მათ სამყაროში უკვე ძლიერ აცივდა, დედამიწაზე კი ჯერ კიდევ სიცოცხლე დუღდა, მაგრამ ის ხომ რაღაც უბადრუკი არსებების სამყარო იყო. მზის სიახლოვეს ახალი პლანეტის დაპყრობა - აი, რა იქცა მათ ერთადერთ ხსნად გარდაუვალი დაღუპვისაგან, თაობიდან თაობამდე რომ უახლოვდებოდათ.
სანამ მარსელებს მკაცრად განვსჯიდეთ, უნდა გავიხსენოთ, როგორ უმოწყალოდ ანადგურებდნენ თვით ადამიანები არა მხოლოდ ცხოველებს, ისეთს, როგორიც უკვე გადაშენებული ბიზონი და ჩიტი დოდო იყვნენ, არამედ მათივე მსგავს დაბალი რასების წარმომადგენელთაც. მაგალითად, იმიგრანტმა ევროპელებმა ტასმანიის მკვიდრნი ერთიანად ამოჟლიტეს ორმოცდაათწლიანი გამანადგურებელი ომის დროს. განა ჩვენ კი ვართ ისეთი გულმოწყალენი, რომ აღგვაშფოთონ მარსელებმა, რომლებიც სწორედ ჩვენსავით იქცეოდნენ?
მათ დედამიწაზე ჩამოსვლის დეტალები საოცარი სიზუსტით გამოთვალეს - მათემატიკური ცოდნით დედამიწელებს აშკარად აღემატებოდნენ