თავი 1 კიფი სიბნელეში ბრძოლის ველისკენ მიცოცავდა. ნისლი მიწაზე იღვრებოდა, ხმაურს ახშობდა და ვარსკვლავების შუქს ნთქავდა. მართალია, უფროსები ამ ადგილს უფრთხოდნენ და აქ ფეხის დადგმას ბავშვებსაც უკრძალავდნენ, მაგრამ გაშლილ ველზე სათამაშოდ დღისით ათასჯერ მაინც ამოსულა, ამ ღამით კი მას სხვა განზრახვა ჰქონდა.
ბორცვზე ავიდა თუ არა, შედგა და შარვალი აიქაჩა. მის ზურგს უკან მდინარე ღრიალებდა, ან იქნებ სულაც ბოლო თექვსმეტ წელში დაღუპულ მეომართა გოდება მოისმოდა მისი სიღრმიდან. მხრებში გაიმართა წარმოსახვის გასაფანტავად. ნისლმა თითქოს დროის მიღმა გარიყა. თენდებოდა, თუმცა მზის შუქი არსად ჩანდა. ასე თუ ისე, ბრძოლის ველზე ღრმად უნდა შესულიყო, იმაზე შორს, ვიდრე აქამდე ყოფილა.
რამირიც კი ვერ გაბედავდა ღამით აქ ამოსვლას. ყველამ იცოდა, რომ გახლეჩილი კლდე მოჯადოებული იყო, მაგრამ რამს ოჯახის გამოკვებაზე ზრუნვა არ სჭირდებოდა – დედამისი ხომ ჯამაგირს არ ანიავებდა.
ქამარზე დაკიდებული პატარა დანა ხელით მოსინჯა და გზა განაგრძო. რომელიმე მოსვენებადაკარგულ მიცვალებულს შეეძლო ქვესკნელში ჩაეთრია. ხშირად შეუმჩნევიათ იქ ღამღამობით მოხეტიალე ვეება პეკარების ხროვა, გრძელი ეშვებითა და ალესილი ბრჭყალებით. ისინი საჭმელად ვარგოდნენ, თუ მუშკეტი, რკინის ნერვები და ზუსტი მიზანი გქონდა, მაგრამ პრიზმების ომმა ყველა ქალაქელი კაცი გაწყვიტა, დარჩენილთაგან კი ცოტა იყო ისეთი მამაცი, ხორცის ნაგლეჯისათვის სიცოცხლე სასწორზე შეეგდო. უწინდელი რექტონისაგან ნანგრევებიღა დარჩა. ალკალდესა წინააღმდეგი იყო, ქალაქის რომელიმე ბინადარი სასიკვდილოდ გაეწირა. თანაც კიფს არც მუშკეტი ჰქონდა.
მხოლოდ პეკარები არ დახეტიალებდნენ ბნელში – მთის ლომი ან ოქროსფერი დათვიც სიამოვნებით გაჰკრავდა კბილს მსუქან კიფს.
შორეულმა ყმუილმა ნისლი და წყვდიადი გაკვეთა და ბრძოლის ველის სიღრმეში ას ნაბიჯზე გაისმა. კიფი გაშეშდა. ვაი, აქ ხომ მგლებიც იყვნენ! მგლები როგორ დაავიწყდა?
უფრო შორიდან მეორე მგელიც გამოეხმაურა. შემზარავი ხმები ისმოდა, სწორედ ისეთი, ველურ ბუნებას რომ შეჰფერის. როდესაც ეს ხმები გესმის, თავს ვერაფერს შველი, მხოლოდ იყინები. ეს სილამაზის იმგვარ აღქმას ჰგავს, იქვე რომ ჩაგასვრევინებს.
კიფმა ტუჩების ლოკვით განაგრძო გზა. უტყუარად გრძნობდა, რომ კუდში ვიღაც მიჰყვებოდა. უკან გააპარა თვალი. იქ არაფერი იყო. რაღა თქმა უნდა. დედა სულ ეუბნებოდა, რომ მეტისმეტად მდიდარი წარმოსახვა ჰქონდა. უბრალოდ იარე, კიფ. უარესიც ყოფილა. ცხოველებს შენი უფრო ეშინიათ. თანაც ყმუილს კაცის დაბნევა შეეძლო – ის ყოველთვის უფრო ახლოდან ისმოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. მგლები, ალბათ, უამრავი ლიგის მოშორებით იყვნენ. პრიზმების ომამდე ამ მიწებზე შესანიშნავი სავარგულები ჰქონდათ. იქვე მდინარე ამბერი ჩამოედინებოდა და უხვად ხარობდა ლეღვი, ყურძენი, მსხალი, მაყვალი, სატაცური. აქ ყველაფერი მოჰყავდათ. უკვე თექვსმეტი წელი გავიდა უკანასკნელი ომიდან, რომელიც კიფის დაბადებამდე ერთი წლით ადრე მოხდა, დაბლობი კი კვლავ დამსკდარი და დაღარული იყო. რამდენიმე ძველი ხის სახლისა და საბძლის დანახშირებული სილუეტები ამოზრდილიყო მტვერში. ზარბაზნის ყუმბარებს მიწაში ღრმა თხრილები და ორმოები დაეტოვებინა. ისინი მორევივით მბრუნავ ნისლს ამოევსო და უძირო, უსაზღვრო ტბების, გვირაბებისა და მახეებისთვის დაემსგავსებინა.
ბრძოლაში გამოყენებული მაგიის ნარჩენები დროთა განმავლობაში მზის ზემოქმედებით აორთქლებულიყო, თუმცა აქა-იქ მიმობნეული მწვანე ლუქსინის დალეწილი შუბები კვლავ სინათლეზე ელვარებდა.
მიწაზე მოფენილ მყარ, მოყვითალო ნამსხვრევებს უსქესი ტყავის ჩექმის გაჭრაც კი შეეძლო.
დიდი ხანია, რაც მძარცველებმა ბრძოლის ველიდან ყველანაირი გამოსადეგი იარაღი, აბჯარი და ლუქსინი გაზიდეს. თუმცა, წლიდან წლამდე, როდესაც წელიწადის დროები შეიცვალა და წვიმები გახშირდა, უფრო და უფრო მეტი რამ გამოჩნდა. კიფსაც ამის იმედი ჰქონდა და რასაც ის ეძებდა, ყველაზე კარგად განთიადის პირველი სხივებისას ჩანდა.
მგლებმა ყმუილი შეწყვიტეს. არაფერი იყო ამ ხმაზე საზარელი მოსასმენი, თუმცა ასე ხვდებოდა, სად იყვნენ, ახლა კი... კიფმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
ორ არაბუნებრივ ბორცვს შორის მოქცეულ ხეობას მიუყვებოდა, ორი უზარმაზარი სამგლოვიარო კოცონის ნარჩენებს, სადაც ათობით ათასი მეომრის გვამი დანახშირებულიყო. კიფმა უეცრად ნისლში რაღაც შენიშნა და გულმა რეჩხი უყო. მოხრილი აბჯრიანი ფიგურა სიბნელეში მანათობელი მაძებარი თვალებით. მერე კი ის აფოფრილმა ნისლმა შთანთქა.
მოჩვენება. ნეტარო ორჰოლემ, რომელიღაც სული საკუთარ სამარხს დარაჯობს. მაგრამ იქნებ ეს კარგიც იყო – ხომ შეიძლებოდა, მგლებს მოჩვენებების შეშინებოდათ.
კიფი მიხვდა, რომ ერთ ადგილზე გაჩერებულიყო და სიბნელეს გაჰყურებდა. ფეხი გაადგი, ყეყეჩო. ამოძრავდა, თუმცა ზანტად. შეიძლება მოჩვენება უზარმაზარი ჩანდა, მაგრამ მის ფეხქვეშ სინათლე გამოსჭვიოდა და ეს აგულიანებდა. ბორცვს თვალი მოაშორა. მოჩვენების, ადამიანის, თუ რაც იყო, იმის ნიშანწყალიც არ ჩანდა. კვლავ მოეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. უკან მიიხედა. ისევ არაფერი.
უეცრად ჩხაკუნი გაისმა, თითქოს ქვა