პირველი ნაწილი - მეფის პირადი მცველი - 1
ქარმა მის ზურგს უკან კარი მიაჯახუნა. ეს იყო სახლში ვიღაცის შესვლის ერთადერთი ნიშანი. არავის შეუმჩნევია, მანამდე როგორ გადაძვრა გალავანზე, როგორ გადაირბინა ეზო, მიაღწია ჩაბნელებულ შენობამდე, აჰყვა საწვიმარ მილს და რამდენიმე წამში აღმოჩნდა მეორე სართულის დერეფანში.
მეფის პირადი მცველი თაღს მოეფარა და მოახლოებულ ნაბიჯების ხმაზე გაირინდა. წამოფარებული კაპიუშონისა და სახეზე აფარებული ნიღბის მიღმა მძიმედ სუნთქავდა. იდგა და ნატრობდა, ჩრდილებში გაუჩინარებულიყო და წყვდიადის ნაწილად ქცეულიყო. მოსამსახურე გოგო ღია ფანჯარასთან მივიდა, ხმაურით მიხურა, ჩარაზა და მაშინვე გაუჩინარდა დერეფნის ბოლოში, კიბესთან. იატაკზე სველი ნაფეხურები არ შეუმჩნევია.
გაიელვა და მთელი დერეფანი განათდა. ასასინმა ღრმად ჩაისუნთქა და გონებაში გადახედა სამი დღის ნაფიქრ-ნაგეგმარს. სწორედ სამი დღე უთვალთვალებდა ამ სახლს, ბელჰავენის ახლოს. დერეფნის ორივე მხარეს ხუთი კარი ჩანდა, ლორდ ნირალის საძინებელი მარცხნივ მესამე იყო.
ცოტა ხანს შეყოვნდა, დაელოდა, კიდევ რომელიმე მსახური არ გამოჩენილიყო, მაგრამ სახლი მდუმარებაში ჩაძირულიყო. მხოლოდ ის, მრისხანე გრიგალი და ჭექა-ქუხილი ფხიზლობდნენ.
ფრთხილად გაუყვა დერეფანს, სუსტი ჭრიალით შეაღო ლორდის საძინებლის კარი, შევიდა და გრუხუნს დაელოდა, რომ ზურგს უკან კარი მიეხურა.
ელვამ მდიდრული ბალდახინის ქვეშ, საწოლში, ორი სხეული გაანათა. ლორდი ნირალი ასე, ოცდათხუთმეტიოდე წლის იქნებოდა. მის ლამაზ, შავგვრემან ცოლს ქმრის მკლავებში უშფოთველად ეძინა. ნეტავ, ასეთი რა დაუშავეს მეფეს, რომ მათი დახოცვა გადაწყვიტა?
გოგონა საწოლს მიუახლოვდა. ის არაფერს კითხულობდა, მისი საქმე მორჩილება იყო. სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული მისი თავისუფლება. ლორდ ნირალამდე მიმავალი ყოველ ნაბიჯზე გულში მოქმედების გეგმას იმეორებდა. ხმალი ქარქაშიდან ამოაცურა, ღრმად ჩაისუნთქა და გამბედაობა მოიკრიბა.
მოულოდნელად გამოღვიძებულმა ნირალმა მხოლოდ მის თავზე აღმართული ხმლის დანახვა მოასწრო.