1 – დღეს მუხა გვიმღერის ძილისპირულს, – ყელმოღერებით უთხრა დიდმა ზილხამ პატარა ზილხას და ნაწნავები ისე მკვირცხლად მოიქნია, თითქოს მთელი საუკუნე კი არ ისმენდა ტყის იავნანას, არამედ შვილიშვილივით – მხოლოდ თერთმეტი წელი, – მუხის ნამღერი სულ სხვაა.
– რატომ? ცაცხვის ძილისპირულიც ძალიან მომწონს, – შეეპასუხა პატარა ზილხა.
– ყოჩაღ, ცაცხვი რომ გახსოვს, – შეაქო ბებიამ, – ცაცხვის შესახებ მეც ბებიისგან ვიცი, შენი ასაკისას მის ოქროსფერ ყვავილებზე მიყვებოდა. მმასაც, ალბათ, თავისი ბებო უყვებოდა...
– ჰოდა, მე ოქროსფერყვავილებიანი ცაცხვის ძილისპირული მომწონს, განსაკუთრებით ის ადგილი, როცა მღერის, თმაში მზის სხივებად ჩემს ყვავილებს ჩაგაწნავო.
– იმას კი არ ვამბობ, რომ სხვა ხეები ცუდად მღერიან. მუხის იავნანაა განსაკუთრებული. სხვაგვარად არც შეიძლება. მისი მიწისგულამდე გამდგარი ფესვები მიწისქვეშეთის წყლით იკვებება. იქაური წყალი კი, საბოლოო, ბინის პოვნამდე, ყველგან ნამყოფია, რა არ უნახავს, რა არ შეუვსია და ვის გულში აღარ ჩაუხედავს, ყველა საიდუმლოს მცოდნეა. სად მრავლისმცოდნე მუხის ნამღერი და სად იმ ხეების ღიღინი, მუხის ჩრდილქვეშ რომ იზრდებიან. მუხის ძილისპირული გულის ყველაზე მიუვალ კუნჭულში გადამალულ წყენასა თუ ტკივილს ელამუნება, წვეტებს უგლუვებს და სევდად აქცევს.
– თან მუხა ხომ ჩვენი სახლია! – ამაყად წამოიძახა პატარა ზილხამ.
– ჩვენი სახლია, აწანები მან შეგვიფარა და გაწყვეტას გადაგვარჩინა.
– ბებო, ეგ ამბავი კიდევ მომიყევი რა! – მთქნარებით თქვა გოგონამ.
დიდი ზილხა ეჭვობდა, შვილიშვილს თვალები ისე ებლიტებოდა, მის მონათხრობს ამჯერად ბოლომდე ვერ მოისმენდა, მაგრამ დიდი ზილხა წარსულის შესახებ მხოლოდ გოგონას გასაგონად არ ჰყვებოდა, უფრო საკუთარ თავს უმეორებდა და უმეორებდა. ეშინოდა, რომ წლების გამო რამე არ დავიწყებოდა. მონათხრობიდან კი ერთი სიტყვაც რომ გამოეკლო, პატარა ზილხა უმალ შეახსენებდა ხოლმე.
– ჩვენ, აწანები, დედამიწაზე პირველები დავსახლდით. დანარჩენები: ადამიანები და ა-დაუები...
– გოლიათი ა-დაუები! – შეუსწორა პატარა ზილხამ.
– ჰო... გოლიათი ა-დაუები მერე გამოჩნდნენ. სანამ ეს მუხა შეგვიკედლებდა, ცას ღრუბელი არ ფარავდა, წვიმა და ქარი რა იყო, არ ვიცოდით. მზე უშურველად გვათბობდა და გვავსებდა სინათლით. არასდროს ბნელდებოდა და ხეებიც ძილისპირულს არ გვიმღეროდნენ. ჩვენ თავი ჩვეულებრივები გვეგონა. მერე გავიგეთ, რომ ჯუჯები ვიყავით. ადამიანები ათი თავით გვისწრებდნენ, ა-დაუები კი ასი თავით მაღლები იყვნენ. იმ დროს მინდვრებზე ბალახი მარადმწვანედ ბიბინებდა და თოვლი არასდროს ედებოდა, ანკარა წყაროები კი არასდროს შრებოდა. ვმწყემსავდით თხებს და ბედნიერად ვცხოვრობდით. ჯუჯებს კი გვეძახდნენ, მაგრამ ღონით არავის ჩამოვრჩებოდით. ერთ ჩვეულებრივ აწანს ზურგზე მთელი ხარის მოგდება შეეძლო. თუ გახსოვს, ყველაზე ძლიერი აწანი ვინ იყო?
– მაგას რა დამავიწყებს? ზილხა იყო. ვისი სახელიც გვქვია ორივეს. შენ დიდი ზილხა ხარ, მე – პატარა ზილხა.
– მართალი ხარ, ჩვენს წინაპარ ზილხას ყველა აწანის ერთად აღებული ღონე ჰქონდა. არ მომწონს, პატარას რომ გეძახიან. მომავალ დედოფლად გზრდი. მოდი, დღეიდან მხოლოდ ზილხა იყავი. პატარა ზილხას თუ დაგიძახებენ, შეუსწორე და უთხარი, რომ მე ასე ვისურვე. ვერავინ შეგეწინააღმდეგება.
– კარგი, ბებო! – ესიამოვნა მისი ნათქვამი ზილხას, – დედოფლობა კი აღარ ახსენო რა. ამის გამო დამცინიან. რა დედოფალი და რა მეფე?!
– კარგი, შევთანხმდით.
– ბებო, ის რად არ თქვი, აწანებს რომ არაფრის გვეშინოდა? – შეახსენა ზილხამ.
– ჰო... შიში რა იყო, არ ვიცოდით. არ გეძინება, გოგო?
– ჯერ არა! – საწოლში გვერდი იცვალა ზილხამ. კედლისკენ გადაბრუნდა და ბებიის ნაცვლად, ახლა კედელზე მის ჩრდილს მიეკრა.
– აწანები ცოტანი კი არ ვიყავით. რაღა ჩვენ და რაღა მიწაში ჭიანჭველები. ერთხელაც ზეციდან ოქროს აკვანი დაეშვა, რომელშიც ჩვილი ბავშვი იწვა. გაგვიკვირდა და თან გაგვიხარდა. ბავშვს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდით? გავზარდეთ. როცა გაიზარდა, გვკითხა, ამქვეყნად რომ არაფრის გეშინიათ, ნუთუ თქვენი დამმარცხებელი ძალა არ არსებობსო. ამაზე ერთმა მხცოვანმა სამასი წლის აწანმა უპასუხა, – ბამბის თოვლი თუ მოვა და ცეცხლი წაეკიდება, ერთიანად გადავიბუგებით. სხვა ჩვენი მომრევი არაფერიაო.
– არ უნდა ეთქვა! – ამოისლუკუნა ზილხამ.
– ეეჰ, რას წარმოიდგენდა, – ამოიოხრა დიდმა ზილხამ, – ამის გაგონების შემდეგ ბიჭი გაქრა და აღარავის უნახავს. ერთხელ ის მხცოვანი აწანი თაკარა მზეს თხის წვერის ჩრდილში ეფარებოდა. შეამჩნია, რომ ჩრდილი აქეთ-იქით მიმოდიოდა, თხის წვერი კი პირველი ქარის მონაბერზე ქანაობდა. აწანებს ცუდად ენიშნათ. ქარი გაძლიერდა და ბამბის თოვლი მოიყოლა. ბამბას ცეცხლი წაეკიდა. გაიქცნენ