ჩუმი ჰურაბი
ნაწილი პირველი
ღია კარის დღეს ორსის ორდენი ანუ სამყაროთა გზაჯვარედინი, როგორც ყოველთვის, სტუმრებით აივსო. ყველა ჭიშკრიდან მომავალი გზა სამხეცის შუაგულში ამოზრდილ სვეტთან მთავრდებოდა. მოსულები გზას უწყვეტ ნაკადად მდუმარედ მიუყვებოდნენ, დროდადრო ჩერდებოდნენ და აქეთ-იქით ჩადგმულ ვოლიერებში მოსეირნე ცხოველებს უმზერდნენ.
ერთ დროს ეს ცხოველები სულაც არ იყვნენ ცხოველები. თავდაპირველად ორსის ორდენში დამზადებულ განსაკუთრებულ ნივთებად შეიქმნენ, ერთს თასის ფორმა ჰქონდა, მეორეს – ზარის, მესამეს – ხმლის, მეოთხეს – მშვილდის... შესაბამისად, მეხუთე და მეოცეც ძველად ნივთი იყო, უსულო, მაგრამ მრავალ სულიერზე ზემოქმედების უნარის მქონე.
სწორედ ასეთი ნივთების შექმნით იყო სახელგანთქმული ორსის ორდენი. კაცმა არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასე, ორსის ორდენს სათავეში ჩუმი ჰურაბი რომ არ ჩასდგომოდა.
* * *
ჩუმი ჰურაბის მეთაურობას ყველა ჭიშკრისმიღმა სამყარო სიხარულით შეხვდა. ორსის ორდენში განსაკუთრებულად ნიჭიერი გამომგონებელი შეუმჩნეველი არასდროს რჩებოდა. ჰურაბის უცნაური ნივთების შესახებ მწერლები ოდებს თხზავდნენ. ცალკე ნიჭის გამო, ცალკე ორდენის მეცადინეობით ჰურაბის შექმნილ უნიკალურ ნივთზე ბევრი ოცნებობდა და მის მოსაპოვებლად ორდენისთვის შესაწირს გულუხვად გასცემდნენ. ჰურაბის განსაკუთრებულობის შესახებ ყველამ იცოდა, გარდა ჰურაბისა, რომელიც დღე და ღამე ბიბლიოთეკის ყველაზე მივიწყებულ ლაბირინთებში ობიან და ჭიისგან დახრულ წიგნებში ნივთების ბუნების გარდაქმნის უძველეს წესებს თავაუღებლად სწავლობდა: იწერდა, ინიშნავდა, ან სარკოფაგში ცდებს ატარებდა.
ხალხთან სასაუბროდ მხოლოდ ღია კარის დღეს თუ გამოვიდოდა, ისიც იმიტომ, რომ სტუმრებისთვის მიზნების განსახორციელებლად საჭირო მასალა შეეკვეთა. მასალის შეკვეთის დროსაც ფურცელზე ჩამოწერილ სიას ელჩებს კითხვისგან ჩაწითლებული, მოჭუტული თვალებით უსიტყვოდ გადასცემდა და განზე გადგებოდა.
ჭორი დადიოდა, ორსის მიხედვით ბოლო ათი წლის, ანუ ორსის ორდენის მიღმა სამყაროების დროის მიხედვით – ასი წლის განმავლობაში, დამზადებული ნივთების შექმნის იდეა ჩუმ ჰურაბს ეკუთვნოდა და სხვები ტყუილად იბრალებდნენ. შესაბამისად, გასამრჯელოსაც ისინი იღებდნენ. ორდენის წევრები ჩუმი ჰურაბის მოფიქრებულ ნივთებს რაღაცა უნარს დააკლებდნენ, ძნელად საშოვნელ მასალას იოლად მოსაპოვებლით შეცვლიდნენ და საკუთარ სიას მიათვლიდნენ, მაგრამ ასე გადაკეთებულ ნივთშიც ჰურაბის ხელწერა მაინც შეიმჩნეოდა. მისი მოფიქრებული იყო წარსულის არდავიწყების ზარი; სამკურნალო საცერი, რომელშიც გაცრილი ფქვილით გამომცხვარი პური ერთი მკვდარს არ აცოცხლებდა, თორემ სხვა ყველა დაავადებას კურნავდა; საყვირი, რომლის ხმა ყველას ყურს სწვდებოდა. თავად ჰურაბს რომ დაემზადებინა, თითოეულს სულ სხვა ძალა და ღირებულება ექნებოდა, მაგრამ დაკნინებულებზეც კი დიდი მოთხოვნა იყო.
ყველა ხვდებოდა, ჩუმი ჰურაბის იდეებს რომ ითვისებდნენ, მაგრამ არც მიმთვისებელი და არც მისი ხელის დამცლელი ამას არ იმჩნევდა, რადგან შედეგით ერთიცა და მეორეც კმაყოფილი იყო.
და აი, დადგა მორიგი სადღესასწაულო ღია კარის დღე და ორდენის წევრებმა ელჩებს სათითაოდ ახალი ნივთების სია გადასცეს. ჩუმმა ჰურაბმაც მიატოვა ბიბლიოთეკის კედლები და სტუმრებს სიით ხელში დახვდა. ელჩები ჰურაბის სიას ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ეცნობოდნენ. ბევრი რამ მოსწონდათ, მათი ხელში ჩაგდების სურვილი იპყრობდათ, მაგრამ დასამზადებლად საჭირო მასალა სრულად არასდროს ჰქონდათ. არც იყო გასაკვირი, ჰურაბი ხომ დავიწყებულ დღეთა დროინდელ წიგნებს კითხულობდა და დამზადების რეცეპტებსაც იმჟამინდელი ინგრედიენტებით ქმნიდა. არათუ საჭირო ინგრედიენტი, არამედ ის სამყაროც აღარ არსებობდა, სადაც იგი ოდესღაც მოიპოვებოდა. რომელიღაცა ომის შემდეგ გაენადგურებინათ, მაგრამ ამის შესახებ ჩუმმა ჰურაბმა არაფერი იცოდა.
ელჩებმა სიები საელჩოებში დაბინავებულ მმართველებს სასწრაფოდ გადასცეს. მოსაფიქრებლად სამი დღე და ღამე ეძლეოდათ. სამი დღის შემდეგ ორსის ორდენმა შეკვეთა მიიღო და შეკვეთასთან ერთად – ახალი მეთაურიც, რადგან ჩუმი ჰურაბის ყველა ნივთს მსურველი გამოუჩნდა. ეს იმდენად იშვიათად ხდებოდა, რომ მეთაურის შესაცვლელად და ახალი ერის დასაწყებად სრულიად საკმარისი იყო.
ჩუმი ჰურაბი ძლივს მიხვდა, მის თავს რაც მოხდა. ძველმა მეთაურმა არქივის გასაღებების აცმა გადასცა და ის ოთახები მოატარა, რომელთა კარებსაც ეს გასაღებები აღებდნენ.
პირველ ოთახში ორსის ორდენის მიერ შექმნილი ყველა ნივთის მისაღები რეცეპტი იყო შენახული. თაროები საქაღალდეებითა და დაგრაგნილი ნახაზებით იყო სავსე; მეორეში – ჯერ არ შექმნილებისა; მესამეში – იმ ნივთებისა, რომელთათვისაც ინგრედიენტები აღარ იშოვებოდა.
– აქ უმეტესობა შენია, – უთხრა ყოფილმა ახალს, როცა მესამე ოთახში შეახედა.
მეოთხეში გადასაკეთებელი რეცეპტები ელაგა. ისინი, რომლებმაც არ გაამართლეს და ხელში გამოუყენებელი ნივთები შერჩათ.
– აქ შენი არაფერია!
მეხუთე ოთახში უკვე განადგურებული ნივთების რეცეპტები ინახებოდა.
– თუ შეგვაქმნევინეს, რაღას ანადგურებდნენ?
– სამწუხაროდ, ომების უმეტესობა ჩვენი შექმნილი ნივთების გასანადგურებლად იწყება ხოლმე. არავის სურს, უპირატესობა სხვის ხელში აღმოჩნდეს. არ შეგიმჩნევია, ორდენში შემომავალი კარიბჭეთა რაოდენობა მუდმივად რომ მცირდება?