თავი პირველი -
მზისფერთმიანი სტუმარი
მხოლოდ სულიერი ბრძოლის უკიდურეს მიჯნაზე მისულები ხედავენ სხვა სამყაროებს და მათ შორის იმდენად გაცრეცილ ზღვარს, რომ ერთი ნაბიჯი კმარა გადასასვლელად,
ნახევარი კი - ორივეში სასიარულოდ.
კაისა
აიას მხრებზე მოლივლივე თმაზე ჩამავალი მზისგან ნასესხები მეწამული დაჰკრავდა. ჟღალი არ ეთქმოდა. დედოფალმა თეკლამ ურჩია წაბლისფერი თმა წითელი თიხით დაებანა. მანაც დაუჯერა, ან დალების დედოფლისთვის როგორ არ დაეჯერებინა. თეკლა მართალი აღმოჩნდა. სულ ოდნავმა ფერისცვალებამ დიდრონი, მუქი ყავისფერი თვალები კიდევ უფრო აუკიაფა, ხორბლისფერი პირისახე, აქამდეც რომ რბილი მზისსხივისფერი ჰქონდა, მეტად გაუნათა, ტუჩებიც უფრო გამოეკვეთა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აიას განსაკუთრებით ახარებდა, - მისი ბავშვური იერსახე თვალში საცემი აღარ იყო. კოლხეთის დედოფალმა თუთამაც შენიშნა, მეომარ ქალს ემსგავსებიო.
დალების ხმალშემართული დედოფალი თეკლა და იარაღმომარჯვებული აია სავარჯიშო დარბაზში პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს თვალით ზომავდნენ. აიამ შუბლზე ჩამოყრილი თმა თავის გაქნევით გადაიყარა, მარცხენა ფეხი უკან გადადგა, მთლიანად მას დაეყრდნო და მოწინააღმდეგეს შეუტია. ხმალს ისე მსუბუქად იქნევდა, თითქოს მანდილს აფრიალებსო. ოსტატობაში დედოფალი აიაზე ბევრად დახელოვნებული და გამოცდილი გახლდათ, ღონეც მეტად ერჩოდა, მაგრამ იარაღს ასე მოხდენილად მაინც ვერ ათამაშებდა. ამის მიზეზს აია თავიდანვე მიხვდა. თითისტოლა გოგომ დალების დედოფალს ცეკვის შესწავლა ურჩია, - სულ პატარაობიდან რომ არ მეცეკვა, ახლა ასე ნიავივით ვერ ვიმოძრავებდიო. მე - არა, მაგრამ თანატოლებს ასწავლე, უფლებას გაძლევო, - მიუგო თეკლამ.
- აი, ასე! კარგია, კარგია! - შეჰყვირა აიას შეტევით კმაყოფილმა დედოფალმა, - კიდევ უფრო მძლავრად! მოდი@! მოდი@!
აიას შეძახილი და გახელება არ სჭირდებოდა, ისედაც დაუნდობლად მიიწევდა წინ. თეკლას ხმალს ხმალი გადააჭდო და დალების დედოფლის მოხერხებულობა რომ არა, მოწინააღმდეგე იარაღს გააგდებინებდა.
- კარგი, საკმარისია! - შეაჩერა თეკლამ, - ძალიან შევყევით, სხვა საქმეებიც მაქვს!
- როგორც იტყვი! - მყისვე დაეთანხმა აია და იარაღი დაუშვა.
- ძველებურად ყოჩაღი ხარ, კამარას გაკვეთილები არ დაგვიწყებია, - შეაქო აია დედოფალმა თეკლამ.
თეკლას ემჩნეოდა, აიას ოსტატობით კმაყოფილი იყო. თუ სხვათა თვალში დედოფალს მუდამ შეუვალი იერი და მკაცრი მზერა ჰქონდა, აიასთან გრძნობების გამოხატვას არასოდეს ერიდებოდა.
- აქაც ვვარჯიშობ, დედოფალმა თუთამ ჩემი გაწვრთნა საუკეთესო მეომრებს დაავალა.
- შენი გაწვრთნა? - შეცბუნდა თეკლა, - კოლხეთში ნასწავლი და გაწვრთნილი გამოგიშვი. ძალიან მაინტერესებს, აქ ახალი რა გაიგე და შეითვისე.
- დედოფალმა თუთამ ეკლებჩაწნული ნაწნავით ბრძოლის წესე- ბი მასწავლა. თმა მათრახის მაგივრობას მიწევს. კიდევ ხელფეხშეკრულ ცურვასაც დავეუფლე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე წარმოვიდგინე, რომ წყალში ვცეკვავდი და ტანს ისე ვარხევდი, ყველაფერი გამომივიდა.
- რა გეშველებოდა, ეს ცეკვა რომ არ გცოდნოდა? - გაეცინა თეკლას.
- წყალქვეშა ორთაბრძოლებში დალების ტბაშიც მავარჯიშებდი, მაგრამ გაშლილ ზღვაში სულ სხვაა. თავს ბევრად მსუბუქად და ლაღად გრძნობ. აქ წყალიც თითქოს უფრო მსუბუქია.
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, როგორც ვხედავ, ჯერ კიდევ ფასისში ხარ, ოკშში კი ერთხელაც არ ყოფილხარ.
- მართალი ხარ, - მოიღუშა აია, - ოკშში ჯერ არ ავუყვანივართ. თუმცა, აქაც შესანიშნავი ბიბლიოთეკაა. დედოფალმა თუთამ სწავლულებიც მომიჩინა.
- კაისამ ყველა მნიშვნელოვანი წიგნი ოკშში წაიღო. სანამ იქაურ ბიბლიოთეკას არ გადაიკითხავ, ლილეს შენს გაშვებაზე თანხმობას ვერ მივცემ. ხომ გახსოვს, მამაშენმა რა პირობით მოგიყვანა ჩვენთან?!
- მომცემს კი ოკშის ბიბლიოთეკა ყველაფრის ცოდნას?
- რა თქმა უნდა არა, მაგრამ იმას კი გასწავლის, საქმეს ხელი უცოდინარმა რომ არ უნდა მოჰკიდო, - ღიმილით უპასუხა თეკლამ და შუბლზე ჩამოშლილი თმა თავად გაუსწორა.
- ამასობაში კი დავბერდები, - წაიწუწუნა აიამ.
- ჰა... ჰა... - გულიანად გაეცინა დალების დედოფალს, - დაბერდები კი არა, უკვე დაბერებულხარ და ეგაა, რადგან ასე წუწუნებ!
- ნუ მაბრაზებ! - შეუბღვირა აიამ.
- კარგი, კარგი! - ჩაიხუტა თეკლამ აია, - არ გაბრაზდე. თუთასიც კარგად მესმის. შენი მოშორება ყველას გვიჭირს: შენებს - ხომ გახსოვს, სახლიდან როგორ გამოგიშვეს; მე - გული თან გამოგაყოლე; არც თუთას უნდა შენი გადახვეწა. კარგად იცის, ოკშში თუ ჩაიკეტები, იმ ქვაბულებიდან დიდხანს არ გამოხვალ. ყველას საჩვენოდ გვინდიხარ. როგორც გავიგე, ტახტის მემკვიდრე გერგეც ყურადღებას არ გაკლებს... - გამომცდელად შეხედა თეკლამ აიას.
- მაგრამ მე რომ აუცილებლად უნდა წავიდე? - ქალიშვილმა დედოფლის ბოლოს ნათქვამი სიტყვები თითქოს ვერც გაიგო, საუბარი ისე გააგრძელა და მტკიცედ წარმოთქვა: