ნაწილი პირველი - ამბავი მექოლგეთა და ჭაშნაგირთა
ახალი მთვარის გამოჩენიდან მეშვიდე დღე იდგა. ორმა ქარავანმა ერთმანეთის მიყოლებით ჩაუარა აბელ ნასან მურს - მურების მიტოვებულ ციხე-ქალაქს. უმოწყალოდ ცხელოდა, ფეხქვეშ მიწა ლღვებოდა, ასეთ გავარვარებულ ქვიშას ძველი მურები მზეწამოწოლილს ეძახდნენ. ქალაქის სტუმრობა, დასვენება და წყლის მარაგის შევსება არც ერთ მექარავნეს აზრადაც არ გასჩენია. თუმცა, ყველას კარგად მოეხსენებოდა, გამოცდილ გამყოლებს, მხცოვან და ახალბედა ვაჭრებს, რომ ძველი მურების ქალაქი ლეღვის ბაღებში ჩამალული, დაუშრობელი ლურჯი ტბის გარშემო, მაცოცხლებელ ოაზისში იყო გაშენებული. ამაზე ყვებოდნენ უხუცესები, ეს ეწერა მურების ფურცლებგაყვითლებულ უძველეს წიგნებში, რომლებიც ბაზრობებზე ძველმანებით მოვაჭრეთა ფარდულებში უხვად ელაგა.
ოაზისის შესახებ მექარავნეებმა უფრო გადმოცემებითა და უდაბნოს ცივ და გრძელ ღამეებში თანამგზავრთა მონათხრობებიდან იცოდნენ, ვიდრე წიგნებიდან, რადგან მურების უძველესი დამწერლობის მცოდნენი თითზე ჩამოსათვლიღა დარჩენილიყვნენ და ისინიც მათ დაწყევლილ ხელნაწერებს ახლოს არ იკარებდნენ. მარტო ოაზისი კი არა, მისი მნახველებიც კი ლეგენდებისა და ზღაპრების უშრეტ წყაროდ ქცეულიყვნენ.
ახალმთვარობიდან მერვე დღეს აბელ ნასან მურს კიდევ ერთმა მომცრო ქარავანმა ჩაუარა. მერვე დღე ძველი მურებისა და მგზავრთათვისაც, ყველასთვის, ვისაც მთვარეზე მონადირეთა არსებობის სჯეროდა, ერთი და იმავე მნიშვნელობისა იყო და მას უსასრულობის დღეს ეძახდნენ.
აბელ ნასან მურის კედელზე გადმომდგარმა მთვარის პირველმა შვილობილმა ასან ბასარმა, ქალაქის ერთადერთმა ცოცხალმა მკვიდრმა, გრძელ თეთრ წვერზე ხელი უიმედოდ ჩამოისვა და უკან, ნახევრად ქვიშით ავსებულ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, რომ ქარავანი შედგა. ბერიკაცი გაშეშდა, თვალები გაუფართოვდა და სუნთქვა აუჩქარდა.
- ფიქრობენ@! იფიქრეთ... იფიქრეთ!... - ამოისისინა ქვიშისგან ჩაფხაჭნილი და ხველისგან გახევებული ყელიდან.
ქარავანი იდგა და არ იძვროდა. პატრონთა გადაწყვეტილებას ელოდა შვიდი დატვირთული კაჟადაც. მექარავნეები სამნი იყვნენ და ერთად შექუჩულნი ბჭობდნენ.
- თუ ტიკებში სამი ყლუპი წყალი მაინც გაქვთ, გზა გააგრძელეთ!.. - შორიდან უკარნახა ასან ბასარმა, - თუ არც ეგ გაქვთ, მაინც გააგრძელეთ, ბოლოს და ბოლოს, ერთ კაჟადას დაკლავთ და მის სისხლს დალევთ.
მექარავნეებზე ზრუნვის გამო არ ირჯებოდა ასე ასან ბასარი. დიდი ხნის უმოქმედობას გაეზარმაცებინა, გონებასა და ძვლებზე ჟანგი მოჰკიდებოდა.
ქარავანი ადგილიდან არ იძვროდა, სამაგიეროდ, მოხუცის გული ძგერდა გამალებით, არც დროს ეპუებოდა და არც ასან ბასარის სიზარმაცეს. მოხუცს მოეჩვენა, რომ ქარავანი შეირხა, წასასვლელად გაემზადა და მანაც კედლის მიტოვება გადაწყვიტა.
ქარავანი მართლაც შეირხა, მაგრამ არა გზის გასაგრძელებლად, არამედ ქალაქში შესახვევად. მექარავნეებმა პირველ კაჟადას პირი უბრუნეს. სხვებიც მას მიჰყვნენ.
ასან ბასარს ტუჩის კუთხე აუთამაშდა. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. სულ გადაავიწყდა სიმშვიდეში ცხოვრების ნეტარება. მრავალწლიანი სიმარტოვის შემდეგ, ქვიშის სქელ ფარდაგდაგებული ქუჩებით კარიბჭისკენ გაემართა გზასაცდენილი სტუმრების დასახვედრად. ქალაქში ჩაბუდებული მდუმარება ასან ბასარის ქოშინმა და ქვიშის ჭრაჭუნმა დაარღვია. გზად ფანჯრის რაფებზე მთვლემარე ორიოდე ხვლიკი გადაეყარა. წლების მიუხედავად, ასან ბასარს ჩინებული მხედველობა და მახვილი სმენა ჰქონდა და ისინი ადვილად შეამჩნია. მდინარე ოსანის კლდოვანი სანაპიროებიდან მოტანილი ქვისგან გამოჭრილი კარიბჭის გაღებისას ღიმი კიდევ ერთხელ შეეპარა - სტუმრები ახალ მექოლგეებად და ჭაშნაგირებად წარმოიდგინა.
ქარავანი კარიბჭეს მიადგა. აბელ ნასან მურს ისეთი მაღალი გალავანი ერტყა, ქალაქის ყველა ნაგებობას ფარავდა. მხოლოდ ტყუპი კოშკის ისრებივით წამახვილებული წვეროები მოჩანდა. კაჟადებმა ოაზისიდან მონაბერი სასიამოვნო სურნელი იკრეს, წყალი იგულეს, დარწყულების მოლოდინში დაჭრილებივით აბღავლდნენ და ქალაქისკენ გაიწიეს. მექარავნეებმა მხოლოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ დააწყნარეს. კაჟადები მშვიდი ცხოველები იყვნენ. თვინიერი ხასიათისა და წარმოუდგენელი გამძლეობის გამო უდაბნოს გადასასვლელად მათ ირჩევდნენ. უწყლოდ კვირები ძლებდნენ, სქელი ჩლიქებისა და ტყავის წყალობით გავარვარებულ ქვიშას არ ეპუებოდნენ, გრძელი ბეწვის ფერს კი იმის მიხედვით იცვლიდნენ, თუ როგორი მწველი იყო მზე.
მთვარის პირველი შვილობილი მზად იყო. სტუმართა შეძახილს ან დაბრახუნებას ელოდა, გასაღები უკანასკნელად, მეშვიდედ რომ გადაებრუნებინა და კარიბჭეც გაღებულიყო. მაგრამ მექარავნეები არ ჩქარობდნენ. პირიქით, ცხოველების დამშვიდების შემდეგ კვლავ ერთად დადგნენ და საუბარი გააბეს. ასან ბასარი მათ კარგად ხედავდა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ ესმოდა. ცოტა არ იყოს გაბრაზდა, თუ შემოსვლას არ აპირებდნენ, რას ამაფორიაქეს, ამხელა გზა რად გამომატარესო. ასან ბასარმა მექარავნეებში ერთი საშუალო ასაკის, ერთი ჭარმაგი კაცი და ერთიც ახალგაზრდა ვაჟი ამოიცნო. თავჩაქინდრულ ჭარმაგს გოგრასავით გამოზნექილ მუცელზე ხელები შემოეწყო, ჩამოწელილი ღაბაბი მკერდამდე სცემდა. კაცი დროდადრო თავს ასწევდა, სახეს შეჭმუხნიდა, კაჟადებს გახედავდა, მერე ქვიშას დააცქერდებოდა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ისე უსმენდა ვაჟს, რომელიც რაღაცას დაჟინებით უმტკიცებდა. საშუალო ასაკის კაცი ვირთხას ჰგავდა, წვრილ, მოჭუტულ თვალებსაც საკბილოს მაძიებელი მღრღნელივით აცეცებდა. სიმაღლით