ვინც არ ხარ "ის კი არ გექაჩება უკან, ვინც მართლა ხარ, არამედ ის, ვინც გგონია, რომ ხარ!"
დენის უეითლი
„ პანაშვიდი ხუთშაბათს და პარასკევს, გამოსვენება შაბათს “ ! შაბათს! მაინცდამაინც იმ დღეს, რომელიც მისი გოგოს, მისი ოჯახის და უშუალოდ მისი ტრიუმფის დღე უნდა ყოფილიყო! თვით ადრე დანიშნულ, შერჩეულ, ნაფიქრ, დაგეგმილ, იმ ერთადერთ შაბათს, როცა მისი ქალიშვილის ქორწილია დანიშნული! და აი ეხლა, როცა ელენიკოს კაბა მოტანილია, მანეკენზე ჩამოცმულია ბრწყინავს და იკავებს, გარდა ლოჯის მთელი
სიგანისა, მთელ ფიქრებს, მოლოდინებს, როცა ყველა გავლაზე თვალი გაგირბის მისკენ და მისი ცქერის თითოეული წამი გულს გითბობს, მაინცდამაინც იმ შაბათს არის ამ ალქაჯი პროფესორშას გასვენება! ამდენი ხნის მოფიქრებული და წარმოდგენილი მაყრიონის შემობიჯების სურათები, ტკბილი სუფრა, საგვარეულო სერვიზი და ბროლი, ყვავილები, მორთულობა, დეტალები, მოძრაობები, ყველაფერი უკვე ასჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ გავლილი, ნავარჯიშები, ვინ სად დგება, ვინ რას ამბობს, ვინ რა ღიმილით იღიმის, ვინ აღებს კარს, ვინ კეტავს, ვინ ვის უთმობს გზას, და ეს ყველაფერი თავში უკვე დალაგებული, დაწყობილი და სრულყოფილებამდე დაყვანილია. ყველა მზად არის, ბოლო ორი კვირაა ყველას ერთადერთი საქმე აქვს - მოლოდინი! და ამ დროს ამ საშინელმა ქალმა, სადარბაზოს დედოფალმა, კოლორიტმა, მეთაურმა, სიკვდილი მოინდომა! არც ავადმყოფობდა, არც შეუძლოდ შეიქნა, უბრალოდ, აიღო და მოკვდა! ყველაფრისგან, რომ სანახაობას ქმნის! უნამუსო! ასეთი დღე ჩაუშხამა!
ცაცას კი ესმოდა, რომ ანევრიზმა ისეთი რამეა, წამში გაგაფრენს საიქიოში, მაგრამ რათღა მაინცდამაინც იმ ერთადერთ დღეს????
იმ დილას ცაცა და ელენიკო რესტორანში მიდიოდნენ, დარბაზის ყვავილებით მორ, თულობის საბოლოოდ შესათანხმებლად, ბოლო შტრიხები, ბოლო გადახედვა, პატარძლის ცეკვისთვის დარბაზის გადაზომვა, მაგიდების განლაგება, წვრილმანები - სად დაიმალებოდა ცისფერი ბოლის გენერატორი, საიდან დაეშვებოდა ოქროსფერი ფურცლები, საიდან ისროდნენ კონფეტის და საიდან სერპანტინებს. ცაცა ღელავდა, ელენიკო კი საქმიანი და ხალისიანი იყო.
უკვე მანქანაში სხდებოდნენ, როცა პროფესორშას ფანჯრიდან მეზობლის მისალმება მოესმა. ნელა, როგორც ტანკი, რომელიც გასროლისთვის ემზადება, პროფესორშა მიტრიალდა ხმაზე, თავი აწია, ერთი წამით, ეტყობა ტკივილისგან, გაშეშდა ადგილზე, და მეორე წამში ის უკვე მიწაზე იწვა. მისი უზარმაზარი, ფილარმონიასავით ტანი, უცნაურად გადაიგრიხა, ქვეშ მოიქცია ხელი, მეორე ტანის მთელ