კარანტინა კარანტინა
ბინა იყო თომას სიამაყე. ჩვეულებრივი ტიპური სამოთახიანიდან ის გადაიზარდა უშველებელში. ჯერ მეზობლის ერთოთახიანი შეიერთა, მერე გვერდით სადარბაზოში ოროთახიანი, შემდეგ მის გვერდზე ერთოთახიანიც. ჭკუა იხმარა და შესასვლელი კარები არ გააუქმა. თუმცა, ყველა კარი ერთნაირად, შინდისფრად შეაღებინა და შავი „ ატკოსებით “ თითქოს ჩარჩოში ჩასვა. თავიდან ყველგან თავისი გვარის დაწერა უნდოდა, მაგრამ ოჯახმა ეს სასაცილოდ ჩათვალა და კარები უბრალოდ დაინომრა, ერთნაირი შავი ციფრებით. ცალ-ცალკე კარები თემატურ შესასვლელებს ემსახურებოდა, ეს ხანდახან კომიკურ სიტუაციებს კი ქმნიდა, მაგრამ ოჯახის წევრები იუმორის გრძნობას არ უჩიოდნენ.
ჯამში ეს გაერთიანება კი შვიდოთახიანი გამოდიოდა, მაგრამ თომამ შიდა გეგმარება შეცვალა, ლოჯიის მხარეს გადაიტანა საძინებლები, სიწყნარეში და სიმშვიდეში, ქუჩისმხარეს კი, იქ, საიდანაც მზე მთელი დღე ადგებოდა ერთი გრძეეელი სალონი გააკეთა, სადაც მთელი ოჯახის წევრები, (არც თუ ისე პატარა ოჯახის) საღამოობით გროვდებოდა, მაგრამ მაინც ერთმანეთს არ უშლიდნენ. სალონი იმდენად დიდი იყო, რომ ყველაზე უმცროსებისთვის, სულ ბოლოში, სათამაშო ზონა იყო მოწყობილი, დანარჩენი სალონის სამყაროსგან ბადით გაყოფილი, რომ ვინიცობაა, ფეხბურთის დროს, ბურთმა რამე წარმოუდგენელი ვირაჟი გააკეთოს, არაფერი დაუშავდეს დანარჩენ ოჯახის წევრებს.
ტელევიზორის საყურებელი ადგილი მეორე ბოლოს იკავებდა, ამიტომ თემა „ გააჩუმე ბავშვები “ პრინციპში არააქტუალური იყო. ამ ზონას ესაზღვრებოდა როიალის სამფლობელო, სადაც დღისით მელო, (სამოცდაათს დიდი ხანია, გადაცილებული, მაგრამ მშვენივრად მოვლილი ქალბატონი) თომას დედა, მოსწავლეებს მუსიკაში ამეცადინებდა. დამწყებებს არასდროს იყვანდა, ხელის დაყენება, „ უფრო მრგვალი “ ან კიდევ „ მყარი მაგრამ უფრო ჰაეროვანის “ გაუთავებლად ძახილი არ შეეძლო, ეს მისთვის ძალიან დაბლა დაცემას ნიშნავდა. მელოსთან მოდიოდნენ კარგი ბავშვები, ვისაც მუსიკა უკვე მართლაც უყვარდა, დაკვრა სიამოვნებდა და ვარჯიში არ ეზარებოდა. დღეში ერთი ან ორი ბავშვი მოსდიოდა, სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ მელო თან დაკავებული, თან კმაყოფილი ყოფილიყო და თან არ დაღლილიყო.
როიალის ნაწილის შემდეგ მოდიოდა მისაღები ოთახი. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ნაწილი კი იწყებოდა ამ უგრძელეს გალარეაში, მაგრამ განლაგებული იყო პერპენდიკულარულად, ისე, რომ მისი მთავარი ნაწილი ოროთახიანის მთლიან სივრცეს, ოთახიანად და ლოჯიიანად, იკავებდა. გალერეის ნაწილში მხოლოდ სავარძლები იყო. ასე რომ, იქ ჩვეულებრივ, უსტუმრო დღეებშიც შეიძლებოდა წამოსკუპება. სასტუმრო ზონა მორთული იყო დიდი მაგიდით, თორმეტი სკამით, ოქროსფერჩარჩოიანი რეპროდუქციებით, სავარძლებით და ბროლის ჭაღით. ეს ზონა ყველაზე დიდი და ფართო იყო, დიდი სტუმრიანობის დროს ამ უშველებელ მაგიდას კიდევ ორი უერთდებოდა, ორ-ორი თეფშით გაწყობილი, ბროლის ბოკალებით მორთული, სტუმრების მოლოდინში გაწყობილი სუფრა სამეფოს ჰგავდა.
სასტუმროს და სათამაშოს შორის ბავშვების სამეცადინო ნაწილი იყო, სადაც ისინი გაკვეთილებს ამზადებდნენ. პედაგოგებთან ყველა თავის ოთახში მეცადინეობდა, ამას ოჯახის ზედამხედველობა არ სჭირდებოდა.
დანარჩენ ოთახებში საძინებლები და დიდი სასადილო-სამზარეულო ოთახი იყო განლაგებული, მყუდრო, თბილი, ტელევიზორით და ბევრი წვრილი ქოთნის ყვავილებით, „ სახლურით “ , როგორც მათ მელო უწოდებდა, იმიტომ რომ ზოგიერთი მცენარე ამ სახლში უკვე ძალიან დიდი ხანია, არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მზიან მხარეს ცხოვრობდნენ, ყვავილები პატიოსნად ყვავილობდნენ, ზოგი საერთოდ მთელი წლის განმავლობაში. როცა მარტო რჩებოდა, მელო ყვავილებს ელაპარაკებოდა. მაგრამ ეს მისი პირადი საიდუმლო იყო.
***
ოთხმოცდაცხრამეტი წლის ძედა, მელოს მამათილის ძმა, წლების განმავლობაში იმყოფებოდა უკიდეგანო მარაზმში. ბავშვები, თომას შვილიშვილები, რომ დაიბადნენ, ერთი, მერე მეორეც, ძედა უკვე ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პრინციპში, თომას უმცროსი შვილის, ნიტას დაბადებაც უკვე მარაზმიდან მიულოცა. უნდა ითქვას, რომ ეს უკიდეგანო მარაზმი ძალიან მოწესრიგებული იყო. ერთადერთი, რაც ზუსტად ახსოვდა, იყო დღის წესრიგი. მთელი ცხოვრება, თოთხმეტი წლიდან და თითქმის მარაზმის ზღურბლამდე ძედამ ჯარში მსახურებას მიუძღვნა. ძალიან ბევრი დამსახურებები ჰქონდა, მართალია, ომში არ იყო ნამყოფი, მაგრამ შტაბშიც ხომ უნდა ემუშავა ვინმეს?!
კარგ დროს, როცა თომას უფროსი შვილი, ვამეხი (ახლა უკვე მიხო) ძალიან პატარა იყო, ძედა ზღაპრებს უყვებოდა ხოლმე. თავიდან ზღაპრებს არა უშავდა, ყველა გმირი და ყველა მოქმედება დალაგებულად მიდიოდა, მერე კი რაღაც მოხდებოდა, ჩვეულებრივი, მაგრამ ყურადღების გადამტანი, მაგალითად, ბუზი გაიფრენდა, ან ძედა დააცემინებდა, ზღაპარი იშლებოდა და იფანტებოდა, ძედა ამას ხვდებოდა, საკუთარ თავზე ბრაზობდა და უცებ მიკუჭავდა ხოლმე დასასრულს. თანდათან ეს დასასრულებიც უფრო და უფრო არალოგიკური ხდებოდა, მაგრამ ეს ძედას არ გაუგია - მიხომ კითხვა ისწავლა.
ძედა ყველანაირ ამინდში, რაც არ უნდა ყოფილიყო, დილის ექვს საათზე იღვიძებდა, აივანზე აკეთებდა გიმნასტიკას, თავისი განტელები და