გოგონა სახელის გარეშე ზარს ვრეკავ. ჩემს მეგობრებს კარზე ზარი აქვთ. ყველას. ზოგი უცნაური და სასაცილო ფრინველების ხმაზე რეკავს, ზოგი კი ოფიციალურია და, ამავდროულად, პომპეზურია. ზოგი უბრალო, უსახური ზარია. დიდ სახლში რატომღაც არასდროს იყო ზარი. იქ ლომის თავია, კბილებში გაჩრილი რგოლით... რომ აკაკუნებ, ვითომ არაფერია, მაგრამ სახლში ეს რკინის კაკუნი საშიშად ისმის, მოსამართლის განაჩენის ჩაქუჩივით, თითქოს, მსოფლიოში ყველაზე სასტიკი ბოროტმოქმედი იყო და კაცობრიობისგან მხოლოდ იზოლაციას იმსახურებდე... განსაკუთრებით გზაფრავს დაძინებულს. ვერასდროს ვახერხებდი უცებ გამოფხიზლებას და რეალობაში დაბრუნებას.
სახლს ყოველთვის ერქვა დიდი, იმიტომ რომ მის ასავსებად საკმარისი სიკეთე, სითბო და სიყვარული არავის ჰქონდა. სათამაშოების ოთახში - ასე ერქვა იმ ოთახს, სადაც მე და ჩემი და ვიზრდებოდით, ჩვენი თოჯინები ქმნიდნენ ხელოვნურ, არარსებულ სამყაროს. ეს სამყარო იყო სავსე ძალიან სიმპათიური ცხოველების სურათებით (რომლების სახლში მოყვანა და მით უმეტეს, დატოვება, მოვლა, პატრონობა და სიყვარული არ შეიძლებოდა) და ნამდვილი თოჯინებით, რომლებთანაც ჩვენ ვურთიერთობდით. როგორც ჩვენ, ისე ჩვენს თოჯინებს სახელები არ ერქვათ.
მამა მხოლოდ ჩვენ დასანახად შემოდიოდა ოთახში, თავზე ხელს გადაგვისმევდა ორივეს, თანაბრად, მძიმედ, ხანდახან ის გოლიათი გვეგონა, განსაკუთრებით, როცა გაბრაზებული იყო. არაფერს გვეუბნებოდა, დაგვინახავდა და გადიოდა.
არც ჩვენი მომვლელი ქალი, რომელიც გვაჭმევდა და გვაბანავებდა, გვეძახდა სახელებს, არც მოგვმართავდა ცალ-ცალკე, მარტო გოგოებო, გოგოები, თითქოს ჩვენ სიამის ტყუპებივით ვიყავით შეწებებულები. ცალცალკე არასდროს გვივლია სკოლაში. როცა ერთი ხდებოდა ავად, ლოგინში ორივეს გვაწვენდნენ, ერთნაირად გვივლიდნენ და ერთსა და იმავე წამალს გვასმევდნენ, მიუხედავად იმისა, ორივე ვიყავით ავად, თუ მარტო ერთ-ერთი.
***
ჩვენი მომვლელი ქალი, ენო, შორეული ნათესავი იყო. სტუდენტობისას, ჩვენთან ცხოვრობდა. ბაბუას ეცოდებოდა, ბებიას კი არ უყვარდა. მისი სოფლიდან იყო. როცა ჩვენ გავჩნდით, დედიკოს ეხმარებოდა, და „ იმ ამბების მერე “ დარჩა, რომ გავეზარდეთ. დიდად არ გვეფერებოდა. ნინიკო „ კარგი ზნის და კარგი გარეგნობის “ იყო, მე კი „ მურთხივით შავი, ბედუინის ტუჩებით “ , ენოს პროგნოზით, ნინიკოს ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა; მე კი „ ვაიმე შვილო, ჩვენ კი გვიყვარხარ, მაგრამ თავის ნებით ცოლად ვინ წაგიყვანს “ ქალი ვიყავი... ნინიკო დამთმობი და კარგი ხასიათის, მე კი ჯიუტი და შეუგნებელი ვიყავი.
ერთხელ დედიკოს შევჩივლეთ, რომ ენო კაპასია. დედიკომ გაიცინა: ეს რა კაპასია? უბრალოდ, წარბები აქვს სიმკაცრისთვის შეკრული. აი ბებიის დეეედა, მატრონა, იყო კაპასი! ისეთი, რომ მის სახლთან, საღამოს, საძოვრებიდან დაბრუნებული საქონელი, დიდი ძროხებიც და ხბოებიც, ფეხაკრეფით ჩაივლიდა ხოლმე, არავითარი „ მუუ “ . ხოლო ქათმები კვერცხს ისე დებდნენ, არც კი კრიახობდნენ.
ისეთი მკაცრი და გაყინული ქალი იყო, გამარჯობასაც კი ბოლომდე არ იტყოდა. თავს აწევდა, თვალებში შემოგხედავდა, და სანამ კანკალი აგიტაცებდა, ცივი, მონოტონური ხმით იტყოდა ამ სიტყვას, რომლიდანაც შენ მხოლოდ „ გამრჯ “ გესმოდა, დაიწყებდი შიშით კანკალს და დანარჩენს უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა... მის შემდეგ სოფელში, „ მატრონა “ ბრძანებლობის და სიმკაცრის სახელწოდებად აღიქმება. და მაინც „ სიკაპასის “ დამატებას ამ დახასიათებაში ერიდებიან.
თურმე, როცა ბაბუა მოვიდა მასთან ბებიის ხელის სათხოვნელად, კარგი დღე იყო, მზიანი, ნათელი. დასხდნენ, ილაპარაკეს. ბაბუა დიდად მოსაუბრე და ენაწყლიანი არ იყო. ეს თვისება კაცურად მოეჩვენა და მოეწონა მატრონას. დააძინა შორი გზიდან მოსული მთხოვნელი თავის ოთახში, მარტო, რომ შეეგრძნო ამ სახლის თავისებურებები და ტრადიციები, დილით კი გაატანა თავისი ქალიშვილი და გააცილა. თურმე რომ გავიდნენ სოფლიდან, მოიხედეს და დაინახეს როგორ ამოვარდა მათ ზურგს უკან ქარი, წამოვიდა წვიმა, სეტყვა, ტოტები ერთმანეთს ეხეთქებოდა, ტყდებოდა, ფოთლები მიწას ეფინებოდა, ისინი კი ახალი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას ადგნენ.
***
დედა არსებობდა.
ის ცხოვრობდა სხვაგან, ფერად სამყაროში, სადაც ხმაურია, სადაც სიცილია, სადაც ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველას აქვს თავისი ხასიათი, ჩვევები, მანერები, ისტორიები, საქმეები და ფერადი წიგნები თაროებზე. არასდროს გვიფიქრია, რომ ოჯახებიც ჰქონდათ, იმდენად ფერადები და თავისუფლები იყვნენ ისინი ჩვენთვის.
ყოველთვის გვეგონა, რომ ოჯახი არის აი ეს, დიდი სახლი, ენო, მამის მძიმე ხელის გადასმა თავზე, ერთფეროვნება.
წიგნები, რომლებსაც გვაკითხებდნენ, ყოველთვის გარედან „ მილიმეტროვკის “ ფურცელში იყო გახვეული, რომ გვესწავლა მათი გაფრთხილება. ეს წიგნები ენოს მოჰქონდა და რომ წავიკითხავდით, თავის ადგილს იკავებდნენ თაროზე. კითხვა არასდროს გვიყვარდა. სანამ ეს იყო ზღაპრები, ოჯახის წევრები ერთმანეთს ერჩოდნენ, დედამთილები ჭამდნენ რძლების