თითებ შორის ლებნები ისრისებიან - MÉNAGE À TROIS
მისი არსება, გული და სული არ თავსდებოდა რეალურ სამყაროსთან.- ნიიკას ნეკროლოგიდან.
შენი თავის ტკივილი შენს გულშია! - ნიიკა ტ.
წითელი დაცემა - ჩინურად ლუო - ხუნ, როცა ადამიანი კარგავს
ქალწულობას.
ნიიკა ტ-ს ხსოვნას
მოელვარე სიყვარული
ურთიერთობა, რომელსაც მოაქვს გიჟური მათემატიკა. 1.2.3. და კიდევ +.-.ხ.:= და ასე შემდეგ… გადახლართული აზრების, პოზების, სიტყვების, ჟესტების, ბგერების, ვნებების, გრძნობების კალეიდოსკოპი.
ადამიანს, რა უნდა გინდოდეს ამაზე მეტი?
მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ხარ დიდი, მაგრამ აღარც პატარად ითვლები; როცა ჯერ კიდევ ყვინჩილა იაგუარი ხარ (ჰა,ჰა,ჰა) და ნაღდ მონადირემდე კაციჭამიობის რამოდენიმე საფეხურის გავლაღა გაკლია. ხაზს ვუსვამ კაციჭამიობის და არა კანიბალიზმის. ეს ორი სიტყვა შეიძლება ერთსა და იმავეს ჰქვია, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.
ეი, ტი ხავალ ჩილავეჩინუ? ( გითოხლავია ადამიანის ხორცი?) - ესაა, საბჭოთა ციხის ტერმინი, რომელსაც მალალეტკას (მცირეწლოვან პატიმარს) ეკითხებიან, როცა ზონაში ხვდება და სინამდვილეში ნიშნავს - ქალთან წოლილხარო?
ნეტ ტი ნე ხავალ ჩელოვეჩინუ, ტი ეიო ტოლკო პრიგუბილ! (არა შენ არ გითოხლავია ადამიანის ხორცი, შენ მას მხოლოდ წაეთომარე) - ასე მითხრა ნიიკამ, მე… ახალგაზრდა იაგუარს (ჰა,ჰა,ჰა).
ნიიკა - ვინმეს არ ეგონოს კაცის სახელი. ნიკა - კაცის სახელია, მაგრამ არა ნიიკა.
ნიიკა ქალია. და რა ქალი?! ტრუსებისა და ლიფის კვალით კაკაოსფერ შიშველ კანზე. ნიიკა - ასპროცენტიანი მდედრია. ნიიკა შხვართების ღვთაებაა. ნიიკა მჩქეფარე წყაროა, რომელსაც თუ დაეწაფე - სექსუალურ წყურვილს კი არ მოგიკლავს, არამედ უფრო მეტად აგიშლის საღერღელს და მის დაკმაყოფილებაში შეიძლება სული ამოგხადოს.
ნიიკა გწყურია მაშინაც, როცა ეწეპები მის მხურვალე ბაგეებს, როცა ხვრეპ მის დაუოკებელ ვნებებს, იწოვ მის მათრობელ სუნთქვას, იძირები მის გამოკვეთილ, უნაკლო სხეულში; ემორ - ჩილები მის აკვნესებულ დახვეწილ სექსუალობას, ეროტიულსა და ყოვლისმომცველ რითმს.
ეეჰ, რა დრო იყო?!
რას გავდა ჩვენი კავშირი?! რა იყო ეს?! - უწყვეტი იმპროვიზაცია, სიახლე და მრავალფეროვნება, ვულკანური ამოფრქვევები, კოსმიური ფეთქებები, მარადიული ყვავილობისა და უჭკნობი გაზაფხულის ხელშესახები ილუზია, რომელიც იფარგლებოდა ერთი სტუდენტური ოთახის, ერთი მაგიური მართკუთხედის უსაზღვროობაში.
სად იყო დანარჩენი სამყარო?! დანარჩენი სამყარო ამ კოსმოსური მოვლენის გიშრისფერი გვირაბის გარეთ იყო და მხოლოდ წინაპირობა გახლდათ იმ უსასრულობისა, რაც ვარდის ლებნებიანი, გაქუცული ფარდებით შემოფარგლულ, ნახევრად დაბინდულ ოთახში ხდებოდა. იწრთობოდა, იკვეთებოდა, იძენდა ახალ ფორმებს და კვლავ წყალივით დნებოდა, გუბდებოდა და ორთქლდებოდა ჩემს (მამრსა - ჰა,ჰა,ჰა) და მას (მდედრს - ჰა,ჰა,ჰა) შორის; მინუსსა და პლიუსს შორის. ნიიკასა და მეს შორის. დრამატურგიასა (ჩემს ფაკულტეტის) და მსახიობობას (მის ფაკულტეტს) შორის. ის - მე - ჩვენ - ვართ - ვცხოვრობთ - ახლა - აქ. ხშირად ვიმეორებდით. ვანიჭებდით მრავალ ემოციურ ჟღერადობას. ათასნაირ რითმს. ალბად, აზრობრივ დატვირთვასაც, მაგრამ მათი მნიშვნელობა მხოლოდ ბგერა იყო და მეტი არაფერი. ისინი ქმნიდნენ წინაპირობას, პრელუდიას, რათა ჩვენს ირგვლივ ჩამოწოლილი ყოველდღიურობის მტკნარი ბინდი ვნებების ფეიერვერკით მოგვერთო და ურთიერთ შეცნობა - შეთვისება, სულისა და ხორცის დაისრულებელ ოთახებში რბოლად გვექცია. აქ, ამ ერთმანეთისკენ ლტოლვის ლაბირინთებში ვეზიარებოდით ნამდვილობის ფორმულას; ვიგებდით იმის მნიშვნელობას, რისი სახელიც ჯერ კიდევ უცნობი და მიუწვდომელი იყო (ჩვენთვის)...
მაგრამ, როგორც კი ვტოვებდი იდუმალ კუთხე-კუნჭულებით, ოთახებით, კორიდორებით, ჩიხებით, გვირაბებით, ღია და ჩაკეტილი კარებებით გადაკვანძულ სამყაროს და რეალობას ვუბრუნდები მეგონა, რომ მხოლოდ ჩემთვის იქმნებოდა ეს ნამდვილობა. ნ ა მ დ ვ ი ლ ო ბ ა - თითქოს პირველი და პირველადი - ღრმა და ამავე დროს ზედაპირული, რთული და მარტივი, გადაჭედილი და ცარიე - ლი, ხალასი და გაცრეცილი; ვ ი თ რ გ უ ნ ე ბ ო დ ი და ვმძიმდებოდი.
ნიიკამ იცოდა ეს; გუმანით ხვდებოდა; მაგრამ არ ჭედავდა ამაზე.
- ეგ ოფლია - მეუბნებოდა, - შენი ცხოველური სექსის ოფლი!
ან შეეგუე ან… და არ ამთავრებდა. იცინოდა. იღიმებოდა. სისხლით დაბერილ ბაგეებს ღიმილი გადაეფინებოდა. მზის სხივივით თბილი და მიზმიდველი. ეს კი საწინდარი იყო ახალი ნამდვილობის,
და ორივე თავდაუზოგავად ვიძირებოდით უსირცხვილო სურვილებისა და გახურებული ჯირითის ახალ სიმფონიაში…
ის ინტუიციით აკეთებდა და მაკეთებინებდა იმას, რაც ახალ შეგრძნებათა წახნაგებს შორის გვაუჩინარებდა; უცხო, ბევრად უფრო მრავალგვარი ფერადოვნებით გვიმჟღავნებდა ჩვენს ლტოლვას და… ეს, ეს, ეს უსიტყვო ურთიერთობა, ურთიერთთრობა - ღრმად გვითრევდა, და იქ, უცხო ქვესკნელში გვაჭვრეტინებდა სხვა განზმომილებას; გვახვედრებდა, გვიელვარებდა, გვიზიდავდა, განახლების ვნებების დაუოკებელი და მილულული მზერით - გარდაგვქმნის ამ, ნეტარი უსასრულობის მთრთოლვარე შუქურებს. (ჩემი მაშინდელი, მხოლოდ ქართულად ჩაწერილი შთაბეჭდილება, რატომღაც ნიიკას, რომ ვერ წაეკითხა).