ცენტრალური მუზეუმის დირექტორი - ნამდვილია საგანი თუ ყალბი?.. ფაქტი იმისა, რომ სულიერების, სიწმინდის, ან ხელოვნების ნაწარმოები - ნიმუშები გამოეფინება მუზეუმში ან გამოფენაზე - ღირშესანიშნავ ადგილას, ან რომელიმე პოლიტიკურ სამიტზე - სწორედ ეს ბეგრაუნდი, ეს ფაქტი უქმნის და ანარჩუნებინებს მას კულტურულ, სულიერ და ისტორიულ ფასეულობას! აქედან გამოდინარე იზრდება მისი კომერციული და ფსიქოლოგიური, აქედან გამომდინარე სულიერი მნიშვნელობაც!.. იმახსოვრებენ მისი წარმოშობის ისტორიას, ან ახლადგამომცხვარ მითს, ამ ნივთის შექმნის შესახებ, მისი ავტორის სახელს ხშირად იმეორებ და ასე იქმნება ბრენდი! ეს სასაცილოცაა და უცნაურიც? ეს, ილუზიაა... სიყალბეა, მაგრამ ეს ჩვენი ეპოქის ნადვილი სახეა, მისი ჭეშმარიტებაა?! დიახ, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ფასდება კარგად აგორებული, მაგრამ მაინც ფალსიფიცირებული ბრენდი და არა სიმართლე, სულიერება ან ხელოვნება!! რადგან რომელიღაც საგანს ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, რომლებსაც ძირითადად, რაღაც მერკანტილური ინტერესები გვაწუხებს - ვანიჭებთ მნიშვნელობას, ვუქმნით ისტორიას და ამით ვხდით ეპოქალურს... ეგრეა... მაგრამ არის სხვა მხარეც... ვარძიის სილამაზე დარჩება ხელოვნებად, სიწმინდედ მიუხედავად იმისა, იცნობს მის ავტორებს თუ არა პოლიტიკური, სასულიერო, ან საზოგადოებრივი ელიტა... მნიშვნელობა არა აქვს ვის ხელს ეკუთვნის ყინწვისის ანგელოზი... გვახსოვს თუ არა, მისი ავტორის სახელი!.. ასეა! სიწმინდის, ორიგინალობის და ნამდვილობის კონცეფცია საკმაოდ რომანტიული და ბუნდოვანი კონცეფციაა!.. ის, იქცა თანამედროვე პროპაგანდის, აზროვნების მართვის, სახელოვნებო და სასულიერო ბაზრის საფუძვლად - დაუკვირდით - არა სილამაზე, მშვენიერება და შინაარსი, არამედ კერძო, მომხვეჭელურ ინტერესზე დაფუძნებული, მისი "შექმნის" წინა ისტორია- მითი, ავტორის პოპულარობა და პირველ რიგში მისი ცნობადობა!.. მერე ორიგინალობა, კრეატიულობა, რომელსაც ვანიჭებთ სნობებისა და პლებეებისათვის, ასე აუცილებელ - "ზღაპრულ" შინაარსს და აგვყავს ხელოვნების უკვდავი ნიმუშის რანგში... და ასე ვიხიბლებით საკუთარი ამპარტავნებით წყალობით შექმნილი, მოგონილი სიყალბით! დღეს უცნობი ავტორის ულამაზესი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც არა აქვს ისტორია ვერ იარსებებს!.. მას უბრალოდ ვერ დაინახავენ!.. იცით, არსებობს ასეთი კონცეფცია თუ როგორ მოხდა ამერიკის დაპყრობე კორტესის მიერ... "ინდიელთა გაოგნების საფუძველზე" - მათ დაინახეს თეთრი ხალხი ოკეანის ნაპირზე, მაგრამ ვერ დაინახეს ხომალდები... რადგან ამ ხომალდების კონსტრუქცია ვერ აღიქმებოდა მათი გონების მიერ! ამიტომ ესპანელები ციდან მოვლენილ ღმერთებად გამოაცხადეს!.. ჭეშმარიტება ვერ და არ დაინახეს, რადგან ძალიან ელოდნენ ციდან მოვლენილ თეთრ ღმერთებს!.. მათი ხომალდები, მათივე ილუზიის წყალობით ჰორიზონტიდან წ ა ი შ ა ლ ა!.. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ძველი ცივილიზაციების, ძველი საბერძნეთის და ძველი რომის ხელოვნების ნიმუშები მშვენიერია... თუმცა მშვენიერია იმიტომ, რომ დარწმუნებულნი ვართ მათ სიძველესა და ამა თუ იმ გამქრალი ცივილიზაციის კუთვნილებაში... შეხედეთ ასეთი არტეფაქტების ნიმუშთა არსებობის სხვა მხარესაც - მიუხედავად იმისა, რომ მათ ავტორების სახელები და წარმოქმნის ისტორია არ ვიცით და არც რაიმე ცნობებია ჩვენამდე მოღწეული, განა ისინი დღესაც არ ითვლებიან შედევრებად? (იცინის) პარადოქსია და მეტი არაფერი, არა?
ამ დროს მთავარი მსაჯული წამოდგა. ხელი ასწია და დარბაზში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა... შუქი ჩაქრა და პატარა სცენა მოცისფრო-მოყვითალო რამპებმა გაანათა.
ჟურნალისტი - თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ და შექმნათ ეს სადგამის ქვა იმავე დროში, ანუ ექვს საათში როგორც ადრე თქვით?
ვაჟა - ტექნიკურად ამის გაკეთების პრობლემა არ არსებობს!
ვაჟამ სცადა სახეზე ღიმილი გამოეხატა, ამის გამო გამომეტყველება დამჟავებული და იმედგაცრუებული გაუხდა... ფეხზე უტყვად მდგარ მსაჯულებს ახედა და თავი უხერხულად დაუკრა.
დარბაზის მარჯვენა კარი გაიღო და იქიდან დიდი მონიტორი შემოაგორეს. ჯუჯამ ხელით მანიშნა გამომყევიო. მეც ნაწერებს ხელი დავავლე და გავეკიდე იმ კარისკენ საიდანაც მთავარი მსაჯული გავიდა.
ჯუჯა და მსაჯული ხელი-ხელ ჩაკიდებულები მიაბიჯებდნენ გრძელ უფანჯრო კორიდორში, რომელსაც ადგილ-ადგილ ჭერიდან ჩამოკიდებული ნათურები ანათებდნენ.
ნაბიჯს მოვუმატე, ლამის სირბილზე გადავედი, მაგრამ ერთი მისხლითაც ვერ მივუახლოვდი ამ სიამტკბილად მოსაუბრე წყვილს.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, რომელიღაც ჩაბნელებულ, ფიცრებით მოჭედილ კიბეზე აღმოვჩნდი. აქ კი, რაღაც სიბინძურეზე ფეხი დამისრიალდა და საკმაოდ მტკივნეულად წავიქეცი. მუხლი, მარჯვენა ხელი და შუბლი გადამექლისა... ჯუჯამ და მსაჯულმა ჩემი დაცემის ხმა აშკარად გაიგონეს, მაგრამ არც კი გაჩერებულან ისე მომაძახეს გასამხნევებელი სიტყვები.
- ფიოდორ მიხაილოვიჩ წაიქეცით? დაგიშავდათ რამე? ნუ ინერვიულებთ, დაგვეწიეთ და დაგეხმარებით! - გუგუნებდა კიბეზე მსაჯულის ხმა.
- ნუ აგვიანებ ყბაყურ?! დროზე, დროზე! - ისეთსავე დამცინავ და ამავე დროს თანამგრძნობი ტონით მომაძახა ჯუჯამ.
- წადით, თქვენი! - ტკივილისაგან და დამცირებისგან გულდამძიმებულმა გამოვცარი კბილებში და ძლივს წამოვდექი ფეხზე. გაბრაზებულმა გადავწყვიტე უკან მივბრუნებულიყავი, მაგრამ გრძელი ნახევრად ბნელი კორიდორი, სადარბაზოს, თუ სარდაფის ფერგადასულ კარს შეეცვალა, რომელზეც ჯერ კიდევ ემჩნეოდა ტრაფარეტით გაკეთებული წარწერა:
"საყასბე. მუშაობის საათები: 07.00 - 14.00"
წამით შევცბი, დავიბენი, მაგრამ მაშინვე გონს მოვეგე, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მსაჯული და ჯუჯა ამ კარს იქით მელოდნენ.
დავაკაკუნე. ჩამიჩუმიც არ ისმოდა. უფრომ ძლიერად დავაბრახუნე და მთელი ძალით ჩავეჭიდე ჯანგითა და ნიკელით დაფარულ სახელურს. კარი გაიღო და ავღმოვჩნდი დიდი ზომის საკმაოდ ნათელ ოთახში, რომელიც საძინებელსა და სამუშაო კაბინეტს შორის, რაღაც საშუალოს წარმოადგენდა.
ოთახში ოთხნი ვიყავით. მე, მოსამართლე, ნიღბიანი და ჯუჯა. მოსამართლემ ყალიონი შეაკეთა და ოთხივეს ჩამოგვისხა პატარა მუხის კასრიდან კონიაკი.
- სამასი არაგველი, ასი ათასი მოწამე, ცხრა ძმა ხერხეულიძე - მათი სახეები და ხშირ შემთხვევაში სახელები თავის დროზე ამოიშალა ისტორიიდან და ეს ჩვენ გავაკეთეთ! - სევდიანად ჩაიცინა მსაჯულმა, - იმიტომ, რომ ამდენი სახელი-გვარიანი მოწამე ამპარტავნებითა და ხიბლით დაავადებდა ხალხს და საბოლოოდ დაღუპავდა ამ ერთი ციცქნა ქვეყანას! არის ასეთი კატასტროფის მომასწავლებელი სიტყვა - კ მ ა ყ ო ფ ი ლ ე ბ ა, რამდენი ბოროტება მოგვიტანა ამ სულიერმა მდგომარეობამ! დეტალების დავიწყება, რეალობის მითოლოგიად ქცევა და იდუმალება! მერე, ეჭვის გაჩენა - მართლა არსებობდნენ კი ისინი? ან ეგებ ისტორიკოსების ფანტაზიის ნაყოფია? ყველაფერი ამის გამოსაკვლევად კი ძალისხმევა, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების მობილიზაციაა საჭირო! მუდმივად ფორმაში უნდა ამყოფო საზოგადოება და თანამედროვენი! არხეინობამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე! - ესაა, ჩვენნაირ პატარა ერს სიცოცხლისკენ სწრაფვას, კეთილშობილი ქმედებების კეთებას, და მარადიული ბრძოლისკენ რომ უბიძგებს! - ლოცვასავით, წამღერებით წარმოთქვა მან, - მკითხეთ, თუ რაიმე გაინტერესებთ!
მსაჯული, თითქოს ზიზღით მიცქერდა.
დავფიქრდი.
ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, მხოლოდ მაგიდაზე საათის წიკ-წიკი არღვევდა. გამახსენდა ყველაფერი - საყვარელი ქალი, კონიაკი, მუზეუმი, უკაცრიელი ქუჩა, ახლად გაცნობილი დამსწრეები, რომლებიც ყველასაგან დაფარულად მიყვებოდნენ მიმდინარე პროცესის იდუმალ მხარეზე და უეცრად ავფეთქდი:
- ძალიან საინტერესოა რასაც ამბობთ, მაგრამ რატომ "ეჩრებით", უკაცრავად ამ სიტყვისთვის, სხვა ვერ გავიხსენე- და მაინც, რატომ ეჩრებით ჩვენს გონებაში? ეგებ ღმერთმა განსაზღვროს, რა უნდა გვახსოვდეს და რა არა?
- თქვენ თვლით, რომ დღევანდელი პროცესი სისულელეა? - იკითხა მსაჯულმა და თვალები ცეცხლივით აუგიზგიზდა.
- როგორც ფაქტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ვერ ვხვდები - რატომ და რა ლეგიტიმაციით ტარდება ის, და როგორი განაჩენი უნდა იქნეს გამოტანილი?
- გ ა ნ ა ჩ ე ნ ი ! კარგად გააზრებული და სამართლიანი! ისეთი რაც ნაკლებ ზიანს მოუტანს ჩვენს ცნობიერებას, სულიერებას და ხვალინდელ დღეს! - მის სიტყვებში უძლეველობა და შიშისმომგვრელი თავდაჯერებულობა იგრძნობოდა... მაგრამ, ამან მაინც ვერ შემაჩერა, ალბათ სასმელის დამსახურებაც იყო ჩემი ასეთი "გაკადნიერება":
- მაშინ რატომ არსებობს საერთოდ ხსოვნა! რა საჭიროა?
- ირონია! - ჩაილაპარაკა ჯუჯამ.
- ირონია! - კვერი დაუკრა მსაჯულმა.
- რატომ არსებობენ, რატომ შემორჩნენ ჩვენს გონებაში... - ვერაფრით ვპოულობდი საჭირო პიროვნებას, ან მაგალითს, და ვთქვი, ის რაც პირველი მომადგა ენაზე, - მაგალითად, გრ-ო-ე-ვი?
- გრ-ო-ე--ვი! - გაეცინა მოსამართლეს და ჯუჯას გადახედა, - გრ-ო-ე-ვი, ცინიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი ჭკუისკოლოფა! ტიპი, რომელმაც პირობა დადო, მაგრამ ყველა მოატყუა - თავისიანებიც, საყვარელი ქალიც და ჩვენც? სულიერი გარყვნილება ინტელექტის გამოვლინებად მიაჩნდა! (იცინის) აქ ჩემცვალეთ "რი" - "ბა"-თი და გარყვნილება საერთოდ წავშალეთ! მივიღეთ - "მას სულიერება ინტელექტის გამოვლიებეად მიაჩნდა! ასე დავტოვეთ და შევქმენით ილუზია - ვიძიეთ შური!.. ილუზიები - ყველაზე დიდი ტანჯვაა გარდაცვლილი გარეწრისთვის!
მის სიტყვებზე გამეცინა, - მერე, რა შვება აქ დარჩენილებს?
- ყველაფერზე პასუხი გინდათ ჩვენგან გაიგოთ? - თითი დამიქნია ჯუჯამ, - გაზარმაცებას იწყებთ! ჩვენ გაძლევთ ძალაუფლებას და არჩევანს! პასუხები თვითონ მოვლენ!
- ეგებ ეგ პასუხები მცდარი გამოდგეს?
- შეუძლებელია! პირნათლად შეასრულებთ მოვალეობას და სიმართლე არ დაგემალებათ! - ჩურჩულით დაამატა მსაჯულმა და თვალები დახუჭა. ჯუჯა დუმდა, ნიღბიანი და მე სმენად ვიყავით გადაქცეულნი. საიდანღაც, თითქოს კედლის იქიდან ხალხის გუგუნი და ხმადაბალი ლაპარაკი ისმოდა. უეცრად საათმა ზარი დარეკა. მისი ხმა, ოთახში ტყვიამფრქვევის ჯერივით გაისმა.
- ან აღწერთ ყველაფერს ისე, როგორც ჩვენ გეტყვით, ან... - იხივლა ჯუჯამ და ვიგრძენი, ყოველივე სიტყვის წარმოთქმისას, როგორ უახლოვბდებოდა ჩემი გულისძგერა ყელს. სუნთქვა შემეკრა და თვალები დამიბნელდა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს..
საათის წიკ-წიკი ხმადაბლა ღიღინმა გადაფარა, ვიღაც "დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან..." - მღეროდა. ეს მსაჯული აღმოჩნდა.
- ან, ამ ტვინამოშლილი ტიპივით ივლით! - დაამატა სიმღერის ბოლოს ჯუჯამ.
მსაჯული ღიმილუცვლელად მომჩერებოდა, სიგარას ბოლში გახვეულს, მხოლოდ სახის ნაწილი და ხელებიღა მოუჩანდა.
ნიღბიანმა ერთიანადა გადაყლაპა ჭიქაში დასხმული კონიაკი. რაღაცის სათქმელად ჯუჯასკენ მიბრუნდა, მაგრამ არ დააცალეს ლაპარაკი... და ისიც ასე პირღიად დარჩა.
- ამიტომ გაძლევთ საშუალებას აღწეროთ ეს ისტორია, ეს სხდომა! - მსაჯულმა ხელები გადააჯვარედინა, - მხოლოდ სახელების და მით უმეტეს დავიწყებული სახელების გარეშე! ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ თქვენც... იქცევით მხოლოდ მითად, ილუზიად, მოჩვენებად...
პირდაღებულმა ნიღბიანმა თავი აღარ შეიკავა, პლაკატი დაკუჭა, იატაკზე დააგდო, ფეხებით შედგა და ხმამაღლა, ისტერიული ყვირილი დაიწყო:
- არაფერიც არ მომსვლია! ყველაფერი მახსოვს... იმდენი მახსოვს, იმდენი, რომ... აი ჩაწერილიც კი მაქვს! - ჯიბეებში დაიწყო ფათური, და როგორც კი იპოვა, დიდი სიფრთხილით გადაუსვა ხელი, გვარიანად დაკუჭულ ქაღალდს, გაასწორა და ყალბი თეტრალური ინტონაციებით წაიკითხა, ვითომდა ფურცელზე დაწერილი ტექსტი, - ერთი კაცი, ვერ იტანდა სახინკლეებს, ამიტომ ხშირად დადიოდა იქ! შედიოდა, უკვეთავდა ძალიან ბევრი რაოდენობით ხინკალს და ელოდებოდა როდის გაამზადებდნენ მას და მოუტანდნენ. მერე დგებოდა და ოსტატურად იპარებოდა სახინკლიდან და ყველაფერს ხელუხლებელს ტოვებდა. მეპატრონეები, ოფიციანტები, მზარეულები და მთელი პერსონალი იძულებული იყო თვითონ ეჭამა ამდენი ხინკალი!.. ასე სუქდებოდნენ ისინი!.. მერე ზარმაცდებოდნენ და ბევრი ჭამისგან ემართებოდათ დიაბეტი, "C" ჰეპატიტი, სასხლზარღვების დაავადებები... იწყებდნენ ექიმებთან სირბილს, ფულების ხარჯვას... ბოლოს და ბოლოს მთლიანად კოტრდებოდნენ... ამ კაცის სასიხარულოდ, ოცი წლის მანძილზე თითქმის ყველა სახინკლე დაიხურა და... ახლა გადაწყვიტა მიეხედა სადგურებთან არსებული სასადილოებისთვის! მ ო რ ჩ ა!
მსაჯულმა თავისთან მოიხმო ნიღბიანი, გამოართვა ქაღალდი, ყურადღებით შეათვალიერა ის და შემდეგი სიტყვებით გადმომაწოდა:
- ძალიან გთხოვ, შეინახე შენს რვეულში! ეს, გაურკვევლობის სიბრძნე! შემთხვევითი იეროგლიფები!
როცა ფურცელს დავხედე, ცოტა დავიბენი. იქ, არაფერი ეწერა, მხოლოდ დაკუჭული ზედაპირში ჩამჯდარი ჭუჭყი ქმნიდა კლაკნილებს, ნაოჭებს, ხაზებს...
მსაჯულმა ტაში შემოჰკრა და კვლავ შეავსო სასმისები.
- აბა ვნახოთ, თქვენ როგორ იმუშავეთ დღეს! - ამ სიტყვებით გამომართვა ჩანაწერები და ყურადღებით შეუდგა მათ კითხვას.
სადღაც ნახევრამდე იყო მისული, როცა ამომხედა და კმაყოფილმა ჩაიღიმა:
- თქვენს ნაწერებში იგრძნობა სურვილი?
- რისი სურვილი?
- დაკარგული, თუ დავიწყებული ღირსების მოძიების სურვილი! ღირსება კი მთავარია ტალანტში!
- ღირსებას თუ ვკარგავთ ვეღარ ვპოულობთ!
-ჰოო, ამიტომ ვარსებობთ ჩვენ, რათა თვითგადარჩენის სურვილით შეპყრობილთ - კი არ დავაკარგინოთ ღირსება, არამედ დავავიწყებინოთ... დროებით, რათა არ დავკარგოთ ცნობიერება!
- დავივიწყოთ, რათა გადავრჩეთ და არ დავკარგოთ?! - ლოცვასავით წარმოთვა ჯუჯამ.
- დავივიწყოთ, რათა გადავრჩეთ და არ დავკარგოთ! - აიტაცა ნიღბიანმა...
- დიახ, დიახ! ღვინის მეშვეობით! ამ ღვთიური სასმელის დახმარებით ღირსებით დავივიწყოთ ღირსება... რათა საჭირო დროს დავიბრუნოთ! - ჩაილაპარაკა მან და ჩემს ჩანაწერებს მიუბრუნდა...
ყურადღებით კითხულობდა, დაკვირვებით, ზოგჯერ უბრუნდებოდა წინა გვერდს და მისთვის საინტერესო ფრაზას რამოდენიმეჯერ იმეორებდა...
ეს პროცედურა დიდხანს გაგრძელდა. სიჩუმეს ოთახში, მხოლოდ ჩვენი სუნთქვა, ფურცლების შრიალი და ნიღბიანის ხმადაბალი ბურტყუნის : "დავივიწყოთ რათა გადავრჩეთ და არ დავკარგოთ! დავივიწყოთ რათა გადავრჩეთ და არ დავკარგოთ! დავივიწყოთ რათა გადავრჩეთ და არ დავკარგოთ!..." არღვევდა.
როცა კითხვა დაასრულა, მადლიერი სახით წამოიწია, რვეული დამიბრუნა და ღიმილით მითხრა:
-"ხვალიუ, ხვალიუ!"
ამ სიტყვების გაგონებაზე ნიღბიანმა თავგანწირული ღრიალით "აბა, მე ტაში რატომ დამიკარი! აბა მე ტაში რატომ დამიკარიო!" ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა.
როცა ჯუჯამ ღიად დატოვებული კარი დახურა... მთავარმა მსაჯულმა, მაგიდის უჯრიდან თბილისური ქუდი - კეპკა "აეროდრომი" ამოიღო და მომაწოდა.
- სხდომას ამ ქუდში გააგრძელებ!
ქუდი გამოვართვი და იმწუთასვე დავიხურე, ცოტა დიდი გამოდგა, ჩემი გადაპარსული თავისთვის, წარბებამდე ჩამომეფხატა.
მსაჯულს გაეცინა, როცა ჩემი დაბნეული სახე დაინახა:
- ძველმოდურია, მაგრამ უკეთესი ჯერ "რეგლამენტით არაა დამტკიცებული"! დაიხურე - შემცვლელო!
- გეხურეს შემცვლელო! - გაიმეორა ჯუჯამ და მაგრად ჩამომართვა ხელი.
კედლის იქიდან სიმღერა გაისმა, რომელიც ყოველს სიტყვაზე სულ უფრო და უფრო მატულობდა. კედლებმა და იატაკმა ზანზარი დაიწყო:
"კაცი ვარ და ქუდი მხურავს..." - თითქოს ათასკაციანი გუნდი მღეროდა... სიმღერას ოვაციით დასრულდა, რომლის შემდეგ გრილმა ნიავმა დაუბერა და ოთახის კედლები ნისლივით გაიფანტა და ჩვენ ნაცნობ დარბაზში ავღმოჩნდით... თურმე მონიტორზე მთელ ამ სცენის დემონსტირება მიმდინარეობდა...
დამსწრეთა ბრავოს შეძახილებისა და ტაშის ფონზე დავუბრუნდით ჩვენს ადგილებს.
- შემცვლელო, რომ არ მოსწონებოდა შენი ჩანაწერი, იცოდე ნიღაბით სირბილი არ აგცდებოდა! - სიცილით აღნიშნა ჯუჯამ.
- მისი ჩანაწერი არ მოეწონა?- გაკვირვებულმა ვიკითხე.
- მან, ფანტაზიორობა მოინდომა, ანუ სიმართლე გადაალამაზა! რეალობა - ნიღაბივით მოირგო და უნდოდა საზოგადოებასაც ნიღბით ევლო! გაფრთხილებ, არ შეალამაზო და არ იცრუო ილუზორული სიკეთის ხარჯზე!
სანამ მთავარი მსაჯული თავის ადგილს დაიკავებდა და სხდომა დაიწყებოდა, კიდევ გვქონდა დრო და ამიტომ კვლავ მივმართე ჯუჯას:
-თუკი მსაჯული მხოლოდ თვრამეტია და მე მთავარის ადგილი უნდა მხვდეს?
-ერთ-ერთის! - შემისწორა ჯუჯამ, - "მთავარობას" ასკეტიზმი, დიდი გამოცდილება, სალოსობა და დამსახურება უნდა!
- თუნდაც! ერთ-ერთის ადგილი უნდა დავიკავო! ის, სად მიდის?
- ის, გაგრაში მიდის სადაც ორმოც დღეში სახლში შეუვარდებიან ადგილობრივი ბანდიტები და სეპარატისტები და მოკლავენ! წამებით მოკლავენ! - ამოიოხრა და ამაყად დაამატა, - ბედნიერი! ორმაგ საქმეს გააკეთებს! მორალურად დასჯის ბოროტმოქმედებს, თვითონ კი განიწმინდება, როგორც ნამდვილი მსაჯული!
- ყველა მსაჯული წამებით კვდება?
- წამებას დამსახურება უნდა! გაინტერესებს ის, როგორ გახდა მსაჯული?
- როგორ?
- მან ,ფიროსმანის საფლავის ადგილმდებარეობის ხსოვნა წაშალა ხალხის მეხსიერებიდან! მისი წინამორბედი კი მაჩაბელი იყო, აი ის ილია ჭავჭავაძის მეგობარი! - თითქმის უხმოდ ტუჩების მოძრაობით მიპასუხა ჯუჯამ.
კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მთავარმა მსაჯულმა რამოდენიმეჯერ შემოჰკრა გონგს ტყავგადაკრული ხის ჩაქუჩი და სხდომაც განახლდა.