– მე ის კი არ მიკვირს აპოკალიფსი და გამოცხადება რომ იქნება, არამედ ის თუ სად იყო ეგ დალოცვილი აქამდე?! – თავის ქალაზე ეს სიტყვები შიგნიდან უკაკუნებდნენ. ის იძულებული იყო ისინი თავის აზრებად ექცია, – ასე სიცრუის ჭეშმარიტებასთან მივდივართ?!
მის ტვინში მოკალათებული ის ვიღაც თუ რაღაც, არც იღლებოდა და არც ჩერ-დებოდა, მასწავლებელივით უყვიროდა. დილით შეეცადა ყურადღება არ მიექცია მისთვის, მაგრამ წვერის პარსვის დროს ტვინში გაჩხერილი ფრაზების ავტომატურად გამეორება დაიწყო. ერთი ყველაზე მეტად დაამახსოვრდა:
– სიყვარული, როგორც საშუალება იშვიათად უნდა გამოიყენო?!
არ ახსოვს რამდენჯერ წარმოთქვა ეს ფრაზა, მხოლოდ მაშინ გაჩუმდა როცა მიხ-ვდა, ზედა და ქვედა სართულის მეზობლების აბაზანებიდან შემოსული სიცილი მას ეკუთ-ვნოდა. რამდენჯერმე მწარედ შეუკურთხა, ჰო კი არ შეიგინა, არამედ შეუკურთხა. შემდეგ კი გულდაწყვეტილმა პროტესტის ნიშნად სამჯერ ჩაუშვა უნიტაზში წყალი და ხმამაღლა მარცვალ-მარცვალ გაიმეორა:
– სი-ყვა-რუ-ლი, როგ-ორც სა-შუ-ა-ლე-ბა იშ-ვი-ათ-ად უნ-და გამ-ო-ი-ყე-ნო?!... როცა შენს ზემოთ ცისა და ღმერთის მაგივრად მეზობლის დაუბანელი ფეხები, ან მისი ფეხსაცმელების გაცვეთილი ძირებია... ხოლო შენს ქვემოთ მიწა კი არა სხვა მეზობლის ქერტლიანი თავია... შეუძლებელია ნორმალური იყო... – სიცილი საერთო აღფრთოვანებამ შეცვალა... იყო ტაში, ბრავო შეძახილები და მრავალ, მრავალსართულიანი მილოცვები...
მერე სამსახურში სხვა საფიქრალი გაუჩნდა და ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ მორჩა თუ არა მუშაობას, ავტობუსის მოლოდინში, ერთი ღერი სიგარეტის მოწევით მას-ში ისევ გაიღვიძა იმ ვიღაცამ და აზრად ქცეული აკვიატებული ფრაზა კვლავ ბგერებად აქცია:
– სიყვარული, როგორც საშუალება იშვიათად უნდა გამოიყენო?!...
ეს კი თქვა, მაგრამ ცხოვრება მაინც ჩვეულებრივად გაგრძელდა და ლამის გაასწრო კიდეც, მაგრამ ის მაინც დაეწია, ჩამოეკიდა, აძვრა და დაჯდა...
ბოლო ათი წელია მის უზარმაზარი, გამოუყენებელი ენერგიით დაავადებულ სულს აღარ მოსცილებია მწარე შეგრძნება იმისა, რომ რაც უკეთებია და რის გაკეთებასაც აპ-ირებდა მომავალში, ფუჭია და სადღაც უკიდეგანო, უძირო ხახაში ან უფსკრულში იკარ-გება, ან ჯერ თუ არ ჩაკარგულა აუცილებლად ჩაიკარგება. ამიტომ საჭირო იყო მისი სასარგებლო კალაპოტისაკენ მიმართვა. თითქოს იპოვა კიდეც ასეთი კალაპოტი, სამსახური, მაგრამ რაც უფრო ბევრს მიმართავდა მისკენ ამ ენერგიას, მით უფრო მეტი უგროვდებოდა, ღამეები აღარ აძინებდა. იმდენი ჰქონდა უკვე აღარ იცოდა სად, რაში, რანაირად, რისთვის და როგორ დაეხარჯა. ბევრჯერ სცადა მისგან თავის დაღწევა, დაწვა, გაფლანგვა, გაჩუქებაც კი, მაგრამ ვერ შესძლო. ვერ დაიცალა, ვერ გამოიფიტა. თითქოს უხილავი, მძლავრი გენერატორი, მიზანდასახულად გამოიმუშავებდა მასში გადამეტებულ ენერგიას და კანის ფორებიდან ვულკანივით ამოხეთქვას ცდილობდა. ამის გამოც ცუდად იყო, ძალიან ცუდად, რადგან არ იცოდა რისთვის ან რატომ მიანიჭეს თუ აჩუქეს მას ეს ნიჭი... ცუდად იყო მაშინაც კი, როცა კარგად გრძნობდა თავს.
– მხოლოდ კეთილშობილი საგნებისა და გრძნობების გამოყენება შეიძლება ბორ-ოტად?! – ეუბნებოდა ის ვიღაც და ხმამაღლა იცინოდა... თავს დიდხანს იკავებდა ათასნაირი სულელური იდეების, აზრების და გრძნობებისაგან, მაგრამ უეცრად ყველა-ფერი მობეზრდა. დაიღალა მუდმივი დაძაბულობისაგან და ერთ მშვენიერ დღეს როგორც იტყვიან აფრები აუშვა... და თავი მოიკლა. თვალები ისე გადმოკარკლა, გაუკვირდა, როცა მომინდება ისევ როგორ დავხუჭავო. მერე იყვირა:
– გავიქცეთ ჩქარა გავიქცეთ?! – და გულწასული იმ მეგობრის მკლავებზე მიეს-ვენა, რომელიც თურმე არასოდეს ჰყოლია...
ნეკროლოგში ასე ეწერა – ვეღარ გაუძლო ამდენ უმისამართო და თანაც არალო-გიკურ ტკივილს, რომელმაც ვერ ჰპოვა თავისი ადგილი მის სულში და ცხოვრებაში, რადგან არ იცოდა რატომ იყო მასთან და არა მის მეზობელთან, ან ეგერ ქუჩაში მიმავ-ალ ვიღაც ტიპთან, ან შენთან ჩემო სასიქადულო მკითხველო. ის დიდხანს გაურბოდა ამ ტკივილთან პირისპირ შეხვედრას და ცდილობდა არანაირად არ გამოეხატა, არ გამოევლინა იგი, თითქოს რაღაც ადგილიც მოუნახა მას თავის გონებაში, სიამოვნების `პახმელია~ უწოდა კიდეც (ღმერთო ჩემო, რა მარაზმია). მაგრამ ბოლოს და ბოლოს ტანჯვა ზოლებად დასერილ სახედ ამოუტივტივდა გონებაში. და ეს სახე მას ჰგავდა, მაგრამ მისი არ იყო. სხვანაირი თვალებით უყურებდა და შესაძლოა დასცინოდა კიდეც... დასცინოდა, აბა რა... გადააფურთხა, გაახილა და დაინახა, ირგვლივ ათასი ცალი თვალი ცნობისმოყვარეობით ანათებდა მისი სულის სიმახინჯეს და სიშიშვლეს:
– ნუ გეშინიათ, თქვენზე უფრო მეტად მე მეშინია?! – როცა ტვინში ჩასახლებული ის ვიღაცა, ამ ფრაზას უცხო ხალხით სავსე ავტობუსში რამდენჯერმე ათქმევინებდა და თანაც ხმამაღლა. ამას დაცინვა არ ერქვა?!... ოჰ, როგორ შერცხვა იმ დღეს საკუთარი გაურკვევლობის და უსუსურობის?!
გაურკვევლობის და უსუსურობის, თუმცა ასეთი რამ პირველად მაშინ იგრძნო, როცა მამა გახდა. საერთო სიხარულის, შეძახილების, მოლოცვებისა და ხვევნა-კოცნის დროს, შემთხვევით სამშობიაროს მისაღებში დაკიდებულ სარკეში ჩაიხედა და... ის დაინახა, თეთრ პერანგში გამოწყობილი, სუფთად გაპარსული, მოკლედ შეკრეჭილი თმით და ავი ღიმილით. ის, მას თვალებში უყურებდა... ის, სწორედ ის, ვინც ახლა მის ტვინში ცხობრობდა და მის ფიქრებსა და სურვილებს აწვალებდა და...
–მშრალი წყალი და ცივი ცეცხლი?! – ეს იყო ის პირველი სიტყვები, რომლებიც მისგან გაიგონა, – მშრალი წყალი და ცივი ცეცხლი?! – სწორედ ამის გამო მოიკლა თავი ჩემო სასიქადულო და სათაყვანებო მკითხველო...
თვითმკვლელობის შემდეგაც, ყველაფერი ფუჭი გამოდგა. სულიერი სიმშვიდე, მეგ-ობრული ნადიმები, მეუღლისაგან დაფარული სასიყვარულო თავგადასავლები... ვერაფერმა გადაფარა მის სულში გაჩენილი ბზარი, რომელიც წესით მისი არ უნდა ყოფილიყო, რა-დგან საამისოდ მას აღარაფერი ჰქონდა ჩადენილი. ის ამას აღარ იმსახურებდა. გმირად აღარ დაიბადებოდა, წმინდად მითუმეტეს. ის მხოლოდ მკვდარი იყო, ისეთივე, როგორც ყველა მის ასაკში და მის დროში. მაგრამ ნატვრა მასაც ჰქონდა, ისევე როგორც ყველა მიცვალებულს მის ასაკში და მის დროში. მას უნდოდა მხოლოდ მაძღარი და კმაყოფილი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე საყვარელი ფრაზაც კი მოიგონა, რომელსაც ხშირად წამოიძახებდა ბახუსითა და უცნობი ქალის დუნდულებით აღგზნებული:
– კარგი მწვადის გულიზა სამშობლოს გავყიდიო?! – სიტყვა `გულიზა~-ს სპეცი-ალურად ხმარობდა, ფიქრობდა ასე უფრო კოლორიტული იქნებაო. მერე კი ისე გადაიხარხარებდა, როგორც იციან ხოლმე ჩვეულებრივ ადამიანებმა, როდესაც ფულს იღებენ და არ, ვერ კი არა, არ ხვდებიან საიდან... სადაც ტკბილი იყო იქ მიდიოდა, სა-დაც ჩრდილი იყო იქ ჯდებოდა, სადაც თბილი იყო იქ იზმორებოდა. ჰოდა, რას გადაეკიდა ის რაღაცა, რატომ გადარია ასე, რატომ?!...
– ძალიან ძნელია სიკვდილის მერე გაცოცხლება. ეს, არც უნდა და თანაც არც ესმით იმათ ვინც არ მომკვდარა?! – ფანჯარა - ფარდა. ხელები - რაფა. ჭერი – ჭაღი. სარკმელი – საკეტი. მოქმედება – ენერგია. ჩრდილი – ზედაპირი. იატაკი – მტვერი. მარტოობა... მოქმედება – ენერგია. მას შეეძლო ყოველი სიტყვა აზრად ექცია. ფანჯარა – ფარდა. ხელები - რაფა. ჩრდილი – ზედაპირი. მარტოობა... ყველა პასუხი სახლში დატოვა......
– მტერი განგსჯის დღევანდელი დღისათვის. მოყვარე ხვალინდელისათვის. შვილ-ები კი ზეგინდელისათვის. ამიტომ შენი საშველი არაა?! – ისევ ჩაესმა იმის შემპარავი და ამასთანავე მომთხოვნი ხმა... მუშტი მთელი ძალით დაირტყა მუხლზე.
– იცი, როგორ მრცხვენია ხანდახან, შენი მამა რომ ვარ?! – დააპირა ამის თქმა, მაგრამ თავი შეიკავა. ეს ძალიან ცუდი სიმართლე იყო და იმიტომ. მან იცოდა სამარც-ხვინო მამა რომ იყო, მაგრამ არ უნდოდა, ამის შესახებ სხვასაც სცოდნოდა. თვალები დახუჭა და შეეცადა ენერგია რაღაც ახალ კალაპოტში გადაეგდო. ენერგია იყო, მაგრამ კალაპოტი არსად ჩანდა. ღრმად ჩაისუნთქა, სუნთქვა შეიკავა და ისევ ჩაისუნთქა, მერე ისევ, მერე ისევ, მაგრამ ვერ გასკდა...