ომი ჩრდილოეთიდან მოუახლოვდა ქალაქს. ქალაქელებს ეგონათ, როგორც ადრე ხდებოდა, ახლაც ისევე აუვლიდა გვერდს ათასწლოვანი ციხესიმაგრის ნანგრევებს და მდინარის ჩქარ დინებას გაჰყვებოდა, შემდეგ კი ხანგადასული ხომალდივით მკვდარი ზღვის ტალღებში ჩაიძირებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. . .
ქალაქში ახალი წელი ახლოვდებოდა, ამიტომ საჩუქრების შეძენაში გართულმა ქალაქელებმა, ვერც კი შეამჩნიეს, როგორ გაიჟღინთა, ჯერ ჰაერი, ხოლო შემდეგ კი ყოველი ადამიანის ფილტვები, საშინელი ავადმყოფობით, რომელსაც ომი ერქვა.
ქალაქის მთავარი კარები მამლის დაყივლებისას იღებოდა. ეს ის დრო იყო, როცა ჰორიზონტზე ცისკარი ოქროსფერი ძაფივით აინთებოდა და ნახევარ ქალაქს ბებერი მთების ჩრდილს გადააფარებდა. სწორედ ამ დროს, დაიფურთხებდა ხელებზე ქალაქის უხუცესი შვეიცარი და ფოლადის სახელურს ჩაავლებდა ხელს.
- აქა მშვიდობა! კიდევ ერთი დღით დავბერდით, კიდევ ერთი დღით გავიზარდენით! - ჩაიჩურჩულებდა და კარებიც აჭრიალ-აკრახკრახდებოდა, აზმუვლდებოდა, ახრიგინდებოდა და გამოაჩენდა ენასავით გრძელ და იმედებივით, სადღაც მთებს იქით გადარკალულ, საქარავნე გზას.
იმ დღეს ომი ისე შემოვიდა ქალაქში, რომ ქალაქის მთავარი კარები არც კი გაღებულა. მან სქელ ფენად გამოჟონა გალავნის სათოფურებიდან და ათასნაირი ჭუჭრუტანა-ღრიჭოდან, მერე იქვე ქვაფენილზე დაგროვდა და შრაშუნ-შრიალით, ჩიფ-ჩიფით გაცოცდა ქალაქის ყოველი კუთხისაკენ, ყოველი შენობისაკენ, ეზოსკენ, ბინისაკენ და ყოველი მოქალაქისაკენ. დილის შვიდი საათისათვის ყველაფერი ომით იყო გაჟღენთილი, ჰაერში მოფარფატე პეპლებიც კი.
მისი მოსვლა ყველამ გაღვიძებისთანავე იგრძნო. აივნებზე და სახურავებზე გამოფენილი ქალაქელები, შიშატანილი ღიმილით შეჰყურებდნენ – ქუჩებზე, მოედნებზე, ბაღებზე და სახლებზე დაფენილ, ომის მოლურჯო-მოყვითალო ტალახივით სქელ ბინდს, და არ იცოდნენ რა ექნათ, რადგან ყველას ეგონა, ომი სროლითა და ყვირილით მოვარდებოდა, ის კი უხმოდ, ფრთხილად, თავის მსხვერპლზე მოთვალთვალე მშიერი ძლოკვივით შემოცოცდა მათ სულებში. . . მხოლოდ მაშინ, როცა დიდი საათის კურანტებმა ქალაქის ჰიმნი ჩამოჰკრეს და მოქალაქეებს ამცნეს ახალი სამუშაო დღის დაწყება, ადამიანები თავიანთ ბინებს დაუბრუნდნენ. ქუჩები კი, სიცარიელემ და მტვერმა გაავსო.
იმ დღიდან ომზე, პირდაპირ, არავინ ლაპარაკობდა, ომზე მათივე ლაპარაკი ლაპარაკობდა.
- აი, ბოლოს და ბოლოს დაიწყო! - შუაღამისას დაიყვარა ვიღაცამ, მისი ხმა, დაცარიელებულ ქუჩებში შეშინებული გველივით გასრიალდა და მთელს ქალაქს მოედო. ქალაქელები ფანჯრებს მიაწყდნენ, მაგრამ ფარდების გადაწევა ვერავინ გაბედა ომის შიშით – "ვინმემ არ მესროლოს და არ მომკლასო". ისინი თვალდახუჭულები იდგნენ დახურულ ფანჯრებთან და სუნთქვაშეკრული ელოდებოდნენ. . . ომის დაწყებას!. . . მათ ესმოდათ ერთმანეთის სუნთქვა, მაჯისცემა, გულის გაუთავებელი ბაგა-ბუგი, ესმოდათ თუ როგორ ჭრიალებდა იატაკი ფეხისგულებქვეშ. ყველა გრძნობდა, როგორ ფეთქავდა მათ ძარღვებში, ბლანტი, მოლურჯო – მოყვითალო სითხე – ომი. . .
"ომისათვის ქალაქელები ორ კატეგორიად იყოფიან – მკვდრებად და მოსაკლავებად! გთხოვთ, ჩაეწერეთ სიაში" – ასე ეწერა იმ ყველა ბარათში, რომლებიც შეშინებულმა მოქალაქეებმა მიიღეს ახალი წლის პირველ დღეს. – "მე მუდამ თქვენთან ვიქნები ყველანაირი სურვილებით, ომი!" – ცეცხლოვანი ასოებით იყო ამოტვიფრული წარწერის წვეშ, მაგრამ ეს ამბავი არავის გაკვირვებია; გაკვირვება ომიანობის დროს ზედმეტი ფუფუნებაა, ამიტომ ქალაქელებს უფრო გარდაუვალი აღსასრულის შეგრძნება დაეუფლათ, ვიდრე სხვა რაიმე. . .
- რა ვქნათ? – იკითხა ქალაქის მთავარმა აფთიაქარმა, მერიაში გამართულ საახალწლო ვახშამზე, რომელსაც ქალაქის თავი ყოველწლიურად მართავდა, და ცნობილი იყო თავისი ეგზოტიკური კერძებით - შებრაწული ნიანგის ნეკნებით. მანგოს წვენში ჩაწყობილი კენგურუს მოხარშული გულ-ღვიძლითა და იხვნისკარტას საცივით, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, რადგან ყველას მხოლოდ თავისი ყბების ღეჭვისა და ტუჩების წკლაპუნის ხმა ესმოდა.
- რა გვეშველება? - იკითხა ისევ აფთიაქარმა, როცა ქალაქის თავთან ერთად, საახალწლო აფიშისათვის იღებდა სურათს, რომელიც შემდგომ უპატრონო ბავშვთა სახლებსა და უფასო საავადმყოფოებს უნდა დარიგებოდათ. ათ კილო კამფეტ "კიბოს კისერთან" და ათას ცალ შებოლილ თევზთან ერთად,
- მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ომია, ხალხს წამლები სჭირდება, წამლების საყიდელი ფულით კი, თქვენო აღმატებულებავ, ნადიმისათვის კერძები შეგიძენიათ?
მერმა უსიამოვნოდ გადახედა აფთიაქარს, თეთრი ქათქათა თმები კეფაზე გადაივარცხნა და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა: - წამლების შოვნის უამრავი საშუალება არსებობს, ჩემო მეგობარო!
- ადამიანები მართალია მაინც დაიხოცებიან, მაგრამ ცოცხლებს სიცოცხლე უნდათ! - არ მოეშვა აფთიაქარი.