პროლოგი
დღეს მომკლავენ.
პატარა ქოხის სასტუმრო ოთახს დროდადრო ელვის შუქი ანათებს, იმ ქოხის, სადაც ღამეს ვატარებ და სადაც სულ მალე სულს დავლევ. ხის იატაკს ძლივსღა ვარჩევ, წამით თავს მასზე გაშხლართულს წარმოვიდგენ, ჩემ ქვემოთ წითელი გუბის არათანაბარი წრე გროვდება და ხეში ჟონავს. თვალები გახელილი მაქვს და სიცარიელეს მივჩერებივარ. ოდნავ დაღებული პირიდან წამოსული სისხლი ნიკაპზე მეწვეთება.
არა. არა. დღეს არა.
როგორც კი ქოხში სიბნელე ისადგურებს, ხელებს ბრმად ვაცეცებ და მყუდრო დივნიდან ვდგები. საშინელი ქარიშხალია, მაგრამ არა ისეთი, რომ დენი გაითიშოს. არა, ამაზე პასუხს სხვა ვინმე აგებს. ვინმე ისეთი, ვინც ერთი სიცოცხლე უკვე შეიწირა და ელოდება, რომ მომდევნო მე ვიქნები.
ყველაფერი უბრალო დალაგებით დაიწყო, ახლა კი შეიძლება იმით დასრულდეს, რომ იატაკიდან ჩემი სისხლი აწმინდონ.
გაელვებას ველოდები, რომ გზა დავინახო, შემდეგ სამზარეულოსკენ ფრთხილად მივდივარ. გეგმა არა მაქვს, მაგრამ სამზარეულოში პოტენციური იარაღია, დანების მთელი ბლოკი, ჩანგალიც კი შეიძლება გამომადგეს. შიშველი ხელებით განწირული ვარ, დანით კი გადარჩენის პატარა შანსი მაქვს.
სამზარეულოში უფრო მეტი ფანჯარაა, სადაც იმაზე მეტი სინათლე შემოდის, ვიდრე სხვა ოთახებში. თვალის გუგები მიფართოვდება, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სინათლე შთანთქან. სამზარეულოს დახლისკენ ბარბაცით მივდივარ, მაგრამ სამ ნაბიჯსაც ვერ ვდგამ, ფეხი ლინოლეუმზე მიცდება, იდაყვს იატაკს ვარტყამ და თვალებზე ცრემლი მადგება.
თუმცა, მართალი გითხრათ, თვალები ცრემლიანი უკვე მქონდა.
ადგომას ვცდილობ და ვხვდები, რომ სამზარეულოს იატაკი სველია. ისევ ელავს და ხელისგულებზე ვიხედები. ორივე ალისფრადაა შეღებილი. ფეხი არც წყალზე დამცურებია და არც დაღვრილ რძეზე.
სისხლზე დამიცდა.
ცოტა ხანს ასე ვზივარ, საკუთარი სხეულის შეგრძნებას ვცდილობ. არაფერი მტკივა. საღ-სალამათი ვარ, ეს კი ნიშნავს, რომ სისხლი ჩემი არ არის.
ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა.
„წადი. აქაურობას ახლავე გაეცალე. ეს შენი ერთადერთი შანსია“.
ამჯერად წამოდგომას ვახერხებ. სამზარეულოს დახლს ვწვდები და დიდ შვებას ვგრძნობ, როცა თითებით ცივ ზედაპირს ვეხები. ხელებით დანების ჩასადებს ვეძებ, მაგრამ ვერსად ვპოულობ. სად არის?
შემდეგ კი მოახლოებული ნაბიჯების ხმა მესმის. ძნელია რამის გარჩევა, განსაკუთრებით ამ სიბნელეში, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სამზარეულოში ახლა ჩემთან ერთად ვიღაც არის. თმა ყალყზე მიდგება, ვგრძნობ, ვიღაც მიყურებს.
მარტო აღარ ვარ.
გულს ბაგაბუგი გაუდის. წარმოუდგენლად ცუდი გადაწყვეტილება მივიღე. უაღრესად საშიში ადამიანი სათანადოდ ვერ შევაფასე.
და ახლა ამისთვის პასუხს ვაგებ.