I[1] გამოცდილება გვასწავლის, რომ ფსიქოანალიტიკურ თერაპიას - ადამიანის განთავისუფლებას მისი ნევროზული სიმპტომების, აკრძალვებისა და ხასიათის ანომალიებისგან - დიდი დრო სჭირდება. ამიტომ თავიდანვე გაკეთდა მცდელობები, რომ ანალიზის ხანგრძლივობა შემცირებულიყო. ამგვარი მცდელობები არ მოითხოვდა სპეციალურ დასაბუთებას; შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაფუძნებულია რაციონალურობისა და მიზანშეწონილობის ძალიან დამაჯერებელ არგუმენტებზე. მაგრამ მათში მიაგნებდით კვალს და დღესაც მოქმედებს მოუთმენელი ქედმაღლობის ის სახეობა, რომლითაც წინა ეპოქის სამედიცინო მეცნიერება ნევროზს განიხილავდა, როგორც უხილავ დაზიანებათა უადგილო შედეგს. და თუ მათ უთმობდნენ კიდეც ყურადღებას, სასწრაფოდ უნდა ეთქვათ მათზე უარი.
ანალიზის ხანგრძლივობის შემცირების განსაკუთრებით ენერგიული მცდელობა ჰქონდა ოტო რანკს თავის წიგნში „ დაბადების ტრავმა “ (1924). მან ივარაუდა, რომ ნევროზის ნამდვილი წყარო არის დაბადების აქტი, რადგან იგი მოიცავს დედაზე ბავშვის „ პირველადი ფიქსაციის “ შესაძლებლობას, რომელიც შემდგომში არ არის გადალახული და შენარჩუნებულია „ პირველადი განდევნის “ ფორმით. რანკი იმედოვნებდა, რომ თუ შემდგომ ანალიზში ამ ტრავმასთან ჩატარდებოდა მუშაობა, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა ნევროზისგან მთლიანად განთავისუფლება. ასე რომ, ანალიტიკური შრომის ერთი მცირე ნაწილი აგვაშორებს სხვა დანარჩენის გაკეთების აუცილებლობას. ამის განსახორციელებლად კი მხოლოდ რამდენიმე თვე დაგვჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ რანკის არგუმენტები თამამი და მახვილგონივრული იყო; მაგრამ მათ ვერ ჩააბარეს კრიტიკის ტესტი. უფრო მეტიც, ეს იყო მათი დროის ნაყოფი, წარმოშობილი დამთრგუნველი კონტრასტით ომისშემდგომი ევროპის სიღარიბესა და ამერიკის „ კეთილდღეობას ” შორის, და შექმნილი იყო ანალიტიკური თერაპიის ტემპის ადაპტირებისთვის ამერიკული ცხოვრების ტემპთან.
ჩვენ ცოტა რამ გვსმენია იმის შესახებ, თუ რა მოგვცა რანკის გეგმის გამოყენებამ დაავადებათა შემთხვევებში. ალბათ, იმაზე მეტი არა, ვიდრე სახანძრო ბრიგადის მოქმედებებია, რომელიც გამოძახებულ იქნა ნათვქურით გამოწვეული ხანძრის ჩასაქროად, და რომელმაც საკუთარი ფუნქცია იმით შეზღუდა, რომ ქურა იმ ოთახიდან გაიტანა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა. ეჭვგარეშეა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა სახანძრო ბრიგადის სამუშაოს. რანკის ექსპერიმენტის თეორია და პრაქტიკა ახლა წარსულს მიეკუთვნება, ისევე როგორც თავად ამერიკული „ კეთილდღეობა[2] “ .
თავად მე, ჯერ კიდევ ომის დადგომამდე, სხვა გზას ვიყენებდი ანალიტიკური მკურნალობის დასაჩქარებლად. ამ დროს მე საქმე მქონდა ერთ ახალგაზრდასთან, რომელიც სიმდიდრისგან იყო განებივრებული და რომელიც ვენაში ჩამოსულიყო სრულიად უმწეო, პირადი ექიმისა და მსახურის თანხლებით[3]. რამდენიმე წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა მისთვის დამოუკიდებლობის უმეტესი ნაწილის დაბრუნება, ინტერესის გაღვივება ცხოვრებისადმი და ურთიერთობების გაუმჯობესება მისთვის ღირებულ ადამიანებთან. მაგრამ წინსვლა აქ შეჩერდა. ჩვენ ვერ წავედით წინ მისი ბავშვობის ნევროზის გარკვევაში, რომელსაც ეფუძნებოდა გვიანდელი დაავადება, და აშკარა იყო, რომ პაციენტი თავის პოზიციას ძალიან კომფორტულად თვლიდა და არ ამჟღავნებდა ნაბიჯის გადადგმის სურვილს, რომელიც მას მკურნალობის დასრულებასთან მიიყვანდა. ეს იყო შემთხვევა მკურნალობისა, რომელიც თრგუნავდა საკუთარ თავს: მას მარცხი ემუქრებოდა, მისი - ნაწილობრივი - წარმატების გამო. ამ რთულ მდგომარეობაში მე გმირული ნაბიჯის გადადმა გადავწყვიტე: დამეფიქსირებინა ანალიზის დროითი საზღვრები[4]. წლის დასაწყისში მე პაციენტს შევატყობინე, რომ ის წელი იქნებოდა მისი მკურნალობის უკანასკნელი წელი, რისთვისაც არ უნდა მიეღწია მას დარჩენილ დროში. პირველ წუთს მან არ დამიჯერა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ მე სრულიად სერიოზულად ვიყავი განწყობილი, მოხდა სასურველი ცვლილება; მისმა წინააღმდეგობამ უკან დაიხია და მკურნალობის ამ ბოლო თვეებში მან შეძლო ყველა მოგონების რეპროდუცირება და გამოავლინა ყველა ის კავშირი, რომელიც აუცილებელია მისი ბავშვობის ნევროზის გასაგებად და ახლანდელის დასაუფლებლად. როდესაც მან 1914 წლის ზაფხულის შუა პერიოდში დამტოვა, ჩვენ თითქმის არ შეგვეპარვია ეჭვი, როგორც ყველას ჩვენს ირგვლივ, რომ ეს მოხდებოდა და მე მიმაჩნდა, რომ მისი განკურნება სრული და საბოლოო იყო.
ამ შემთხვევასთან მიმართებით 1923[5] წელს გაკეთებულ შენიშვნაში მე უკვე ვაღიარე, რომ შევცდი. ომის დამთავრებისთანავე, როდესაც ის ვენაში დაბრუნდა ქონებადაკარგულ ლტოლვილად, მე მომიწია დავხმარებოდი მას გამკლავებოდა გადატანის ნაწილს, რაც ჯერ გადაწყვეტილი არ იყო. ეს გაკეთდა რამდენიმე თვეში, და მე შევძელი ჩემი შენიშვნა დამესრულებინა განცხადებით, რომ „ მას შემდეგ პაციენტი ნორმალურად გრძნობს თავს და არ ავლენს რაიმე განსაკუთრებულ თავისებურებებს ქცევაში, მიუხედავად იმისა, რომ ომმა დააკარგვინა მას სახლი, ქონება და ოჯახური კავშირები. ” ამ დასკვნიდან თექვსმეტი წელი გავიდა, რომლებმაც ვერ უარყვეს მისი სისწორე, მაგრამ გარკვეული დათქმები მაინც უნდა გაკეთდეს. პაციენტი ვენაში დარჩა, გააჩნდა მდგომარეობა საზოგადოებაში, თუმც ფრიად მოკრძალებული. მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ავადმყოფობის შეტევებით, რაც მხოლოდ მისი უჭკნობი ნევროზის განტოტებებად