I დაჰყოფ რა საკმაოდ ხანგრძლივ დროს კონკრეტული ცივილიზაციის ფარგლებში და არც თუ მცირე ძალისხმევას მიმართავ მისი ისტორიისა და განვითარების გზათა კვლევაზე, რაღაც მომენტში შესაძლოა გძლიოს ცდუნებამ სხვა მიმართულებით მიაპყრო მზერა და დაუსვა საკუთარ თავს კითხვა: როგორია ამ ცივილიზაციის მომავალი ბედი და რა ცვლილებები ელის მას? მაგრამ მყისვე მიხვდები, რომ ასეთი კვლევა დასაწყისიდანვე გაუფასურებულია რამდენიმე მომენტით. უმეტესწილად იმით, რომ მხოლოდ მცირე როადენობის ადამიანი მოიძებნება, ვისაც შესწევს უნარი მთელი მასშტაბით მოიცვას ადამიანთა საქმიანობა. უმრავლესობისთვის აუცილებელია საკუთარი თავი ერთი ან რამდენიმე სფეროთი შემოფარგლოს. თუმცა, რაც უფრო ნაკლები იცის მკვლევარმა წარსულისა და აწმყოს შესახებ, მით უფრო ნაკლებდამაჯერებელი იქნება მისი შეხედულება მომავალთან მიმართებით; კიდევ იმ მიზეზით, რომ სახელდობრ ამ შეხედულებაში თამაშობენ ადამიანის სუბიექტური მოლოდინები მის მნიშვნელობასთან მიმართებით რთულად ჩამოსაყალიბებელ როლს; და სწორედ ისინია დამოკიდებული მისი საკუთარი გამოცდილების პირად მომენტებზე, მისი მეტად ან ნაკლებად ოპტიმისტურ მიდგომაზე ცხოვრებისადმი, მიდგომაზე, რომელიც მისი ტემპერამენტით, წარმატებით ან წარუმატებლობით არის ნაკარნახევი. საბოლოოდ, ის შესანიშნავი ფაქტიც დგინდება, რომ, როგორც წესი, ადამიანები დიდი გულუბრყვილობით განიცდიან საკუთარ აწმყოს და არ შესწევთ მისი შეფასების უნარი; ისინი მანამდე გარკვეული მანძილით უნდა დაშორდნენ ობიექტს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აწმყო წარსულად უნდა იქცეს, თუ გსურს, რომ მისგან საწყისი წერტილი გამოიყვანო მომავლის განსაზღვრისათვის.
ამგვარად, ვინც აყვება ცდუნებას, საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბოს ჩვენი ცივილიზაციის სავარაუდო მომავლის შესახებ, მან ზემომოტანილი მსჯელობა უნდა გაითვალისწინოს, მასთან ერთად კი ის არასაიმედოობა, რომელიც მუდმივად ახლავს ნებისმიერ წინასწარმეტყველებას. აქედან მე იმ დასკვნას ვაკეთებ, რომ სწრაფად უნდა ავიღო ხელი მეტისმეტად დიდ ამოცანაზე და კვლევის იმ მცირე ნაწილით შემოვიფარგლო, რომელიც უწინაც იპყრობდა ჩემს ყურადღებას, და მისი ადგილი უნდა განვსაზღვრო მთლიანის შემადგენლობაში.
ადამიანური ცივილიზაცია - აღნიშნულის ქვეშ მე ვგულისხმობ ყველაფერს, რითიც ადამიანის ცხოვრება მაღლდება მის ცხოველურ პირობებზე და რითიც ცხოველებისგან განსხვავდება, ამასთან, მე უგულვებელვყოფ განსხვავებას კულტურასა და ცივილიზაციას შორის - ეს ადამიანური ცივილიზაცია, როგორც ცნობილია, დამკვირვებელს საკუთარ ორ მხარეს უჩვენებს. ერთის მხრივ, იგი ადამიანის მიერ მოპოვებულ ყველა ცოდნასა და უნარს მოიცავს, რომელიც საშუალებას აძლევს მას დაიმორჩილოს ბუნების ძალები და მისგან მატერიალური სარგებელი მიიღოს ადამიანურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; მეორეს მხრივ, იგი მოიცავს იმ წესებსა და კანონებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანებს შორის ურთიერთობების მოწესრიგების, განსაკუთრებით კი მოპოვებული მატერიალური სიკეთის გადასანაწილებლად. ცივილიზაციის ორივე მიმართულება ერთმანეთზეა დამოკიდებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანთა ურთიერთობებზე ღრმა გავლენა აქვს პირველად წადილთა დაკმაყოფილების იმ ოდენობას, რომელიც გამგებლობაში არსებულ მიწიერ სიამეთა პირობებშია შესაძლებელი; მეორე იმიტომ, რომ მოცემული ადამიანი სხვა ადამიანთან შესაძლოა ისეთ ურთიერთობაში შევიდეს, როდესაც ის თავად იქცევა გარკვეული სახის მონაპოვრად, მატერიალურ სარგებლად, რადგან მეორე ადამიანი მის სამუშაო ძალას იყენებს ან ირჩევს მას სექსუალურ ობიექტად; მესამეც იმიტომ, რომ ყოველი ცალკეული ადამიანი ფიზიკური მტერია ცივილიზაციისა, რაც ზოგადსაკაცობრიო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. აღსანიშნავია, რომ ადამიანებს, თუმცა ერთმანეთისგან გათიშულად ცხოვრება არ ძალუძთ, იმავდროულად მძიმე ტვირთად აღიქვამენ იმ მსხვერპლს, რომელსაც მათგან ცივილიზაცია მოითხოვს, რათა თანაცხოვრება შესაძლებლად აქციოს. შესაბამისად, ცივილიზაცია თავს უნდა იცავდეს ცალკეული ადამიანისგან, რასაც ახორციელებენ კიდეც მისი ინსტიტუტები, ორგანიზაციები და მოთხოვნები. მათი მიზანი არა მხოლოდ მატერიალურ სიამეთა განაწილების გარკვეული წესების დადგენა, არამედ მათი შენარჩუნებაცაა. მეტიც, მათ ადამიანის მტრული განზრახვებისგან უნდა დაიცვან ყველაფერი, რაც ბუნების დამორჩილებასა და მატერიალურ სიამეთა წარმოებას ემსახურება. ადამიანის ქმნილებათა განადგურება იოლია, მათი შემქმნელი მეცნიერება და ტექნიკა მათსავე გასანადგურებლადაც შესაძლოა იქნას გამოყენებული.
ამგვარად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცივილიზაცია არის რაღაც, თავსმოხვეული წინააღმდეგობის გამწევი უმრავლესობისთვის კონკრეტული უმცირესობის მიერ, რომელმაც იძულებისა და ძალაუფლების საშუალებათა დასაკუთრება შეძლო. რა თქმა უნდა, შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს სირთულეები არა თავად ცივილიზაციის სიღრმეშია ფესვგადგმული, არამედ იმ ცივილიზებული ფორმების არასრულყოფილებითაა განპირობებული, რომლებიც დღემდე იყო შექმნილი. მართლაც, ამ ხარვეზების აღმოჩენა რთული არ არის. იმ დროს, როდესაც კაცობრიობა განუწყვეტლივ დგამდა ნაბიჯებს ბუნებაზე მბრძანებლობის მიმართულებით და ამ სფეროში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უნდა ველოდოთ, მსგავსი პროგრესის დაბეჯითებით კონსტატირების საფუძველი