1 ნარცისიზმის[1] ცნება ჩვენს მიერ ნასესხებია ავადმყოფობის აღწერიდან, რომელიც პ. ნაკეს მიერ არის შესრულებული 1899 წელს. იგი ამ ცნებას იყენებდა იმ მდგომარეობის გამოსახატავად, რომლის დროს ადამიანი საკუთარ სხეულს, როგორც სექსუალურ ობიექტს ეპყრობა, ანუ ტკბება მისით სექსუალური კმაყოფილების განცდით, ხელს უსვამს და ეფერება მას, სანამ სრულ კმაყოფილებას მიიღებდეს. ნარცისიზმის გამოვლენის ასეთი ფორმა სიმახინჯეს წარმოადგენს, რომელიც მოცემული პიროვნების სექსუალური ცხოვრების მთელ სფეროს მოიცავს და სრულად შეესაბამება იმ ვარაუდებსა და წარმოდგენებს, რომლებითაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ყველა სახის სიმახინჯის შესწავლას ვიწყებთ.
ფსიქოანალიტიკურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ნარცისული ქცევის განსაზღვრული ნიშნები შეინიშნება სხვა პირებს შორისაც, რომლებიც განსხვავებული ავადმყოფური გამოვლინებებით იტანჯებიან. მაგალითად, საჯერის მიხედვით, ჰომოსექსუალებს შორის. საბოლოოდ კი წარმოიქმნება ვარაუდი, რომ ლიბიდო, რომელიც ნარცისიზმის სახელწოდებას იმსახურებს, შეიძლება უფრო ფართო მასშტაბით შევნიშნოთ და მას კონკრეტული ადგილი უნდა მიეკუთვნოს ადამიანის ნორმალურ სექსუალურ განვითარებაში.
ასეთივე ვარაუდები წარმოიქმნება იმ სირთულეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ნევროტიკოსთა ფსიქოანალიტიკური მკურნალობისას ვხვდებით, რადგან აღმოჩნდება, რომ ავადმყოფთა ასეთი ნარცისული ქცევა ზღუდავს მათზე თერაპიული ზემოქმედების შესაძლებლობას. ნარიცისიზმი ამ გაგებით არ წარმოადგენს პერვერსიას[2], არამედ ლიბიდურ[3] დამატებას თვითშენარჩუნების ინსტინქტის ეგოიზმისადმი, რომლის ნაწილის არსებობას სრული უფლებით ვარაუდობენ ყველა ცოცხალ არსებაში. მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა მცდელობას ლიბიდოს თეორიის თვალსაზრისით გაეშუქებინათ უმწიფარი დემენციისა (Dementia praecox) (კრეპელინი) და შიზოფრენიის (ბლოილერი) ფსიქოლოგია, საკმარისი საფუძველი შეიქმნა პირველადი ნორმალური ნარცისიზმის შესწავლისა. ისეთ ავადმყოფებს, რომლებსაც მე პარაფრენიკები[4] ვუწოდე, შემდეგი ძირითადი ორი ნიშანი აღენიშნებათ: განდიდების ბოდვა და ინტერესის დაკარგვა გარემომცველი სამყაროსადმი (ადამიანებისა და საგნებისადმი). ფსიქიკის აღნიშნული ცვლილების მიზეზით ასეთი ადამიანები არ ექვემდებარებიან ფსიქოანალიზის ზეგავლენას და ჩვენ ვერ ვახერხებთ მათ განკურნებას. მეორეს მხრივ, აუცილებელია უფრო ზუსტად განვსაზღვროთ და გამოვავლინოთ პარაფრენიკის მიერ შინაგანი სამყაროსგან დაშორების თავისებურებები. როგორც ისტერიკოსის, ისე ნევროტიკოსის შემთხვევაში, რომელიც აკვიატებული მდგომარეობისგან იტანჯება, ვინაიდან მათი ავადმყოფობა სამყაროსადმი მათ დამოკიდებულებაზე აისახება, დარღვეულია რეალობის ნორმალური აღქმა. მაგრამ ანალიზით დგინდება, რომ, მიუხედავად ამისა, ასეთ ავადმყოფებს სრულებით არ დაუკარგავთ ადამიანებისა და საგნებისადმი ეროტიული დამოკიდებულება, იგი მათ ფანტაზიაშია შენარჩუნებული ანუ, ერთის მხრივ, რეალური ობიექტები ჩანაცვლდება და შეერევა წარმოსახულ ობიექტებს, ხოლო, მეორეს მხრივ, ისინი არანაირ ძალისხმევას არ მიმართავენ საკუთარი მიზნების რეალურად მისაღწევად ანუ ობიექტების რეალურად დაუფლებისთვის.
ლიბიდოს მხოლოდ ასეთი მდგომარეობისთვის უნდა შევინარჩუნოთ იუნგის მიერ მკაცრი გამიჯვნის გარეშე გამოყენებული ტერმინი: ლიბიდოს ინტროვერსია. პარაფრენიკების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. მათთან, როგორც ჩანს, ლიბიდო სრულად განშორდა გარე სამყაროში არსებულ ადამიანებსა და საგნებს, ფანტაზიის პროდუქტებით მათი ჩანაცვლების გარეშე. იქ, სადაც ასეთი ჩანაცვლება შეინიშნებოდა, საქმე, როგორც ჩანს, მეორად პროცესს, თვითგანკურნების მცდელობას ეხება, რაც ობიექტისათვის ლიბიდოს დაბრუნების სწრაფვაში გამოიხატება.
იბადება კითხვა: როგორია შემდგომი ბედი ლიბიდოსი, რომელიც შიზოფრენიის დროს ობიექტებს ჩამოშორდა? ამ მიმართულებით მინიშნებას გვაძლევს განდიდების ბოდვა, დამახასიათებელი ამ ავადმყოფობისთვის. ბოდვის ჩამოყალიბება ლიბიდოს ობიექტთა ხარჯზე ხდება. გარე სამყაროსგან მოგლეჯილი ლიბიდო ეგოზე ფოკუსირდება და ამგვარად იქმნება მდგომარეობა, რომელსაც შეგვიძლია ნარცისიზმი ვუწოდოთ. მაგრამ თავად ბოდვა განდიდებისა არ წარმოადგენს რაიმე ახალს, არამედ, როგორც ვიცით, არის ადრე არსებული მდგომარეობის განვითარება და გამოვლენა. პარაფრენიკის ნარცისიზმი, ჩამოყალიბებული ეგოზე ლიბიდოს გადატანის შედეგად, ამგვარად მეორადს წარმოადგენს, წარმოქმნილს პირველადის საფუძველზე, რაც მანამ სხვადასხვა გავლენით იყო დაჩრდილული.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მე არ ვაპირებ აქ შიზოფრენიის პრობლემის გაღრმავებასა და განმარტებას, არამედ მხოლოდ კრებსი მომაქვს იმისა, რაც უკვე არის ნათქვამი სხვა ადგილას, რათა ლიბიდოს განვითარების საერთო სქემაში ნარცისიზმის ჩართვის აუცილებლობა დავასაბუთო.
მესამე წყაროს ასეთი, ჩემი აზრით, შემდგომში ლიბიდოს ყოვლად დასრულებული და განვითარებული თეორიისა, პრიმიტიული ხალხებისა და ბავშვების სულიერ ცხოვრებაზე ჩვენი დაკვირვებები, და მათი ფსიქიკის ჩვენეული გაგება წარმოადგენს. პრიმიტიულ ხალხებთან ჩვენ ვხვდებით თავისებურებებს, რომლებიც შესაძლოა განდიდების ბოდვად მიგვეჩნია, მათ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებთან რომ გვქონოდა საქმე. აღნიშნულს მიეკუთვნება პრიმიტიული ხალხების მიერ მათი სურვილებისა და სულიერ მიდრეკილებათა ძალმოსილების უკიდურესი გაზვიადება, „ აზრის ყოვლისშემძლეობა “ , სიტყვის ზებუნებრივი ძალის რწმენა, გარე სამყაროზე ზემოქმედების საშუალებები, რომლებიც „ მაგიას “ შეადგენენ და ქმნიან საკუთარი სიდიადისა და ყოვლისშემძლეობის შესახებ წარმოდგენის ყოველდღიურ ცხოვრებაში თანმიმდევრული გატარების შთაბეჭდილებას. გარე სამყაროსადმი მსგავს დამოკიდებულებას ვვარაუდობთ თანამედროვე ბავშვის შემთხვევაში, რომლის განვითარება ჩვენთვის ნაკლებად გასაგებია. ამგვარად, ჩვენ გვექმნება წარმოდგენა იმის შესახებ, რომ პირველად ეტაპზე ლიბიდო ეგოზე ფოკუსირდება, შემდეგ კი მისი ნაწილი ობიექტებზე გადადის. მაგრამ არსებითად ობიექტებზე ლიბიდოს გადატანა არ