შესავალი სექსუალური მოთხოვნილების ფაქტს ადამიანსა და ცხოველში ბიოლოგია იმით გამოხატავს, რომ მათში „ სქესობრივ ლტოლვას “ გულისხმობს. ამასთან, დაშვებულია ანალოგია საკვების მიღებასა ან შიმშილთან. ხალხურ ენაში შიმშილის შესაბამისი ცნება არ არსებობს. მეცნიერება იყენებს ტერმინს „ ლიბიდო “ .
საყოველთაოდ მიღებული შეხედულება ყოვლად განსაზღვრულ წარმოდგენას გვიქმნის სქესობრივი ლტოლვის ბუნებისა და თვისებების შესახებ. ბავშვობაში იგი თითქოს არ არსებობს, თავს იჩენს დაახლოებით მომწიფების პროცესში, დავაჟკაცების პერიოდში, ხოლო გამოიხატება გადაულახავი მიმზიდველობით, რომლითაც ერთი სქესი მოქმედებს მეორეზე, მისი მიზანი კი შეერთება, შერყწმა ან, სულ ცოტა, ისეთი ქმედებებია, რომლებიც შეერთებისკენ მიემართება.
მაგრამ ჩვენ საკმარისი საფუძველი გვაქვს ამ მონაცემებში სინამდვილის დამახინჯებული ასახვა დავინახოთ: თუკი უფრო ახლოდან დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათში მრავალი შეცდომა, უზუსტობა და ზედაპირული მსჯელობის კვალია.
ორი ცნება შემოვიღოთ: პიროვნებას, რომელიც სქესობრივ ლტოლვას აძღრავს, სექსუალური ობიექტი ვუწოდოთ, ხოლო მოქმედებას, რომლისკენაც უბიძგებს ლტოლვა - სექსუალური მიზანი. ასეთ შემთხვევაში ზუსტი მეცნიერული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ორივესთან, როგორც სექსუალურ ობიექტთან, ისე მიზანთან მიმართებით, ადგილი აქვს მრავალრიცხოვან გადახრას, სექსუალური ნორმისადმი მათი დამოკიდებულება კი დეტალურ კვლევას საჭიროებს.