კანდელისადმი
გაბრწყინდი, ჩემო კანდელო,
მინათლე ბნელი ღამისა!..
მინათლე, რადგანც დაგირჩა
სინათლე მცირე ჟამისა!..
ჩემი სიცოცხლეც შენსავით
იწვის და თანდათან სდნება,
წარსული აღარას მარგებს,
მომავალი მენანება!
და თუ ასეა, სიცოცხლევ,
რადგან მშორდები ხვალისად,
დღეის-დღე მაინც მალხინე,
რომ დრო ვატარო ხალისად!
გაბრწყინდი, ჩემო კანდელო,
მინათლე ბნელი ღამისა!..
რადგან ამეღამ სიცოცხლემც
შვება მცეს მცირე ჟამისა!..
1856
საიდუმლო ბარათი
საიდუმლო ბარათო!
გითხრეს: „ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო“.
მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
ამისრულო, რაც გითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში!
ვერა მხედავ მდუმარეს,
ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?
რად არ მეტყვი მის ამბავს,
ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?
როცა მისი მარჯვენა
გრძნობით გხატავდა შენა,
თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე?
ვერც სახეზე მოწყენა?
როცა ამ სიტყვებს სწერდა,
გული ხშირად უძგერდა?
და თან ტკბილის გრძნობითა
სიყვარულსა დაგმღერდა?
ან, როს ფარულად მანა
შენ ჩემთან გამოგგზავნა,
ანგელოზი სუფევდა
მის გულში, თუ სატანა?
არა! ამ გრძნობას განა
მიჰბედავდა სატანა?!
მაშინ უკუღმა ბრუნვას
იწყებდა თვით ქვეყანა!
საიდუმლო ბარათო!
მექმენ... მექმენ მარადო
სიხარულის მომნიჭედ
და სევდისა ფარადო.
1859, 20 მკათათვე,
პეტერბურგი