1.
ხმები ღამის სამზარეულოდან . უფრთო ბუზები
მთელი ღამეა, მაწვალებენ რაღაც მუზები,
გრძნობებისაგან დაცლილები უღვთოდ, სრულიად,
გამთენიისას შემოღოღდნენ უფრთო ბუზები,
შემომხედეს და დაიზუვლეს: „უცნაურია!“
მათ აშინებდათ გათენების მძაფრი გუგუნი,
რომ მათი ფრთები გაზაფხულის ქარმა გაყარა,
თავებს-წერტილებს აცეცებდნენ უფრთო ბუზები
და ზუზუნებდნენ: „რა მკაცრია ჩვენი სამყარო!“
მე გამოვბრუნდი, გამოვყევი ღამის დერეფნებს,
სათავსოებში ჩამწყდარიყო წყალთა განგაში,
ჩუმი ფერხული გაემართათ მწუხრში ტარაკნებს
და ფუთფუთებდნენ სიზმარეთში და ჯანდაბაში.
სამზარეულოს მინა იდგა, როგორც სამყარო
შიგ ჩატეული კორპუსებით, ღრუბლის ტივებით,
ჭადრებს ეხვია გაზაფხულის მწერთა ნაყარი
და მზის ელვარე, საზარელი გამოსხივება
და მიყურებდა ეს სამყარო ჩუმი ყვედრებით
როგორც დაკარგულს, როგორც უცხოს, ცრუს და შურიანს
და დაცოცავდნენ კუზიანი უფრთო ბუზები
პლინტუსებზე და ჩურჩულებდნენ: „უცნაურია!“...
უცნაურია მათი წვრილი, მწყრალი თვალები,
ბრმების თვალები, ზოლიანი თეთრი გუგებით,
მათი უმწეო ხორთუმები, ცხვირ-სპირალები,
გულშემზარავი გარბენები და გალურსვები.
ქუჩას ჩავხედე - მარტოდმარტო, გუდა-ნაბადით
კუზმორკალული მიდიოდა ვიღაც ურია...
კარნიზებზე კი დაცოცავდნენ უფრთო ბუზები
და ჩურჩულებდნენ: „ყველაფერი უცნაურია!“