"ღმერთი ჩემი, მოხეტიალე დამელოდები სადარბაზოსთან? თუ მოიწყინე, ისევ ჩვენს, წვიმაში დანთებულ ცეცხლთან დაბრუნდი, მეც მალე მოვალ - აქაც ისეა, როგორც ყოველ დღეს, ან არ სჯერათ, ან არ სცალიათ... მეც მალე მოვალ. იცი, ახლა რა გამახსენდა? იმ ვიწრო შუკაში რომ დაგვაღამდა, ცარიელი ჩიტის გალიებით და თაბაშირის ბიუსტებით გამოტენილ სარდაფში რომ ჩავიპარენით, ღამის სათევად. და ის თბილი, თბილი რატომღაც, ვიღაცის გაშლილი საძილე ტომარა, და გაუხსნელი კონსერვის ქილა, და რა ტკბილად გვეძინა, მთვრალებს! სულ ის სარდაფი გამახსენდება, როცა არ სჯერათ, ან არ სცალიათ... ისევ აქა ხარ? ხომ არ შეგცივდა, წამო, წავიდეთ, დავბრუნდეთ ჩვენს ცეცხლთან. თუ ცოტა კიდევ ვიხეტიალოთ - იქნებ დღეს მაინც წავაწყდეთ ვინმეს, ვისაც სჯერა, და ვისაც სცალია... "