* * *(სანამ ვიყავ ახალგაზრდა)
სანამ ვიყავ ახალგაზრდა
და სიამით სძგერდა გული,
ვნატრობდი და არ მეღირსა
ბედუკუღმართს სიყვარული.
რომ დავბერდი, დავუძლურდი,
სახე დაჭკნა, დამეღარა, -
სიყვარული რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!
სიღარიბე კვალში მდევდა,
კარის-კარზედ დამატარა,
აწ სიმდიდრე რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!
ვინც მინდოდა სამეგობროდ,
ყველამ გვერდი ამიარა:
დღეის იქით მეგობარი
გინდ მყავდეს და გინდა არა!
უსამართლოდ დაცინებამ
ჩვენში ბევრჯელ გამამწარა,
ცხრა მთას იქით, რაღად მინდა,
გინდ მაქონ და გინდა არა!
ვისაც ვთხოვდი შემწეობას,
ჩემთვის წყალიც არ დაღვარა,
რომ მოვკვდები, რაღად მინდა,
გინდ მიტირონ, გინდა არა!
სული კრული, გული წყლული,
სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა,
ამისთანა სიცოცხლეც კი
გინდ იყოს და გინდა არა!
1893